დღეს პირველი აპრილია - დღე, როდესაც „მოტყუება ადვილია“, როცა ტყუილი თითქოსდა გამართლებულია და ამ კუთხით შენი ფანტაზიორობა ხალისიან განწყობასაც კი იწვევს. განსაკუთრებით სხარტმა ტყუილმა შეიძლება ამ დღეს ქებაც კი დაიმსახუროს. საინტერესოა, საიდან მოდის საპირველაპრილოდ მოტყუების ტრადიცია?
1 აპრილს არაერთი დასავლეთ ევროპის ქვეყანა აღნიშნავს: მაგალითად, დიდ ბრიტანეთში ვინც ხურმობაზე წამოეგება, „აპრილის სულელს“ უწოდებენ. იტალიაში, საფრანგეთში, ბელგიასა და კანადის ფრანგულენოვან რაიონებში არსებობს ტრადიცია სახელწოდებით „აპრილის თევზი“, გერმანიაში გავრცელებულია „აფრილშერც“, რასაც „სააპრილო ხუმრობა“ ჰქვია, შოტლანდიაში კი მოტყუება 1 და 2 აპრილს არის „დაშვებული“... თუმცა, 1 აპრილი არ აღინიშნება აღმოსავლეთის ქვეყნებში.
აღმოსავლეთმცოდნე გიორგი ლობჟანიძე ამბობს: „თუ სადმე მაინც (მაგალითად, ირანში) ვიღაც რაიმეს იტყვის ამ დღეზე, ისიც ევროპული ტრადიციის გავლენით“.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ასირიოლოგიის კათედრის ხელმძღვანელის ირინე ტატიშვილის თქმით, სააპრილო ხუმრობის ტრადიცია ძველ აღმოსავლეთში არ იყო, სამაგიეროდ გაზაფხულზე დიდი ზეიმით აღნიშნავდნენ ბუნების გაღვიძებას. მარტი-აპრილის თვე (ნისანუ) ძველ შუამდინარეთში ითვლებოდა წლის დასაწყისად. ამ დროს ბაბილონში ზეიმობდნენ მრავალდღიან დღესასწაულს, რომელსაც „აქითუ“ ერქვა. ხეთებთან, ასევე, გაზაფხულთან ასოცირდებოდა ახალი წლის დაწყება. „ფურულის“ საგაზაფხულო-საახალწლო დღესასწაულზე ჰყვებოდნენ მითს გველეშაპთან ამინდის ღვთაების შერკინების შესახებ. გველეშაპის დამარცხება სიმბოლურად განასახიერებდა გაზაფხულის გამარჯვებას ზამთარზე. თსუ-ის პროფესორის ნაირა ბეპიევის ინფორმაციით, 1 აპრილს ოსებიც აღნიშნავენ: „პირველ აპრილს ოსურ ტრადიციულ ყოფაში არანაირი დატვირთვა არ აქვს. ნაწილი ოსებისა, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე ცხოვრობენ, ან, რომელთაც რუსული განათლება აქვთ მიღებული, რუსულად ულოცავენ ერთმანეთს: „Первый апрель – никому не верь“! ის ოსები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ, ქართული წესისამებრ, ცდილობენ ნაცნობ-მეგობრებს შეთხზული ამბავი დააჯერონ და შემდეგ ნიშნისმოგებით მიუგონ: „დღეს პირველი აპრილია, მოტყუება ადვილია!
ოსურ ზღაპრებში, ოსურ თქმულებებში სიცრუე და ორპირობა ისევე აღიქმება, როგორც, ზოგადად, ნებისმიერ საზოგადოებაში. მაგრამ სიცრუეც არის და სიცრუეც. როცა სიცრუე ემსახურება ადამიანთა გახალისებას, განწყობის შექმნას, ან რაიმე პოზიტიურ მიზანს ისახავს, ის მისაღებია. ოსურ ზღაპრებში მრავალი იუმორისტული სიუჟეტია, რომელიც გამიზნულია ადამიანთა გასახალისებლად. უნდა აღინიშნოს, რომ ნართების ეპოსში არის ერთ-ერთი პერსონაჟი, რომელიც ხშირად აცდუნებს ნართებს გამოგონილი ამბებით. ეს არის სირდონი, რომელსაც „ნართების ჭირად გაჩენილს“ უწოდებენ. სირდონი ღვთაბრივი წარმომავლობის პერსონაჟია (ისევე, როგორც სკანდინავიური მითოლოგიის ყველაზე საინტერესო და სადავო პერსონაჟი ლოკი).“
რამდენად არის 1 აპრილის აღნიშვნა ქართული ტრადიცია?
ეთნოლოგები ამბობენ, რომ 1 აპრილის აღნიშვნა ქართული ტრადიცია არ არის და ისტორიულ წყაროებში ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მოიპოვება. საპირველაპრილო ხუმრობების თქმას ქართველები უფრო საბჭოთა პერიოდიდან იწყებენ.
„საპირველაპრილოდ მსოფლიოში ტყუილის თქმის თემა ფართოდ არის გავრცელებული და ქართულ ენაში ასე გამოიხატება — „დღეს პირველი აპრილია, მოტყუება ადვილია“. ტრადიციულ ქართულ ყოფაში ამ ერთგვარი ტრადიციის შესახებ ინფორმაცია არ მოგვეპოვება საბჭოთა პერიოდამდე. ზოგადად, თუ როგორ დამკვიდრდა ეს ტრადიცია მსოფლიოში, რამდენიმე ვერსია არსებობს. ფიქრობენ, რომ ძველ რომში ერთ-ერთი დღესასწაული სწორედ ამ ტყუილის წარმოქმნისა და მასხარაობის თემას მოიცავდა. მეორე მოსაზრება არის ის, რომ ეს წესი დაამკვიდრეს ქრისტეს ჭყობელებმა, რადგან აღდგომის დღესასწაული აპრილის დასაწყისს ემთხვევა ხოლმე და საპირველაპრილო ხუმრობებს ქრისტეს აღდგომის ურწმუნობის თემას უკავშირებდნენ (მორწმუნე ადამიანებს დასცინოდნენ, ვისაც აღდგომის სჯეროდა). ჩემი აზრით, არანაირი ჰუმანური არც საწყისი და არც არსი ამ წესს არ აქვს,“ — ამბობს თსუ-ის პროფესორი, ეთნოლოგი როზეტა გუჯეჯიანი.
აღსანიშნავია, რომ მართლმადიდებელი ეკლესია „პირველ აპრილს“ „სიცრუის დღის დადგინებისა და ქრისტეს აღდგომის უარყოფის ნიშნად“ მიიჩნევს: „თითქოსდა ყველასთვის უწყინარი, სახუმარო და ლამის აუცილებელი ტყუილი, რომელიც ბავშვობიდანვე ჩაგვინერგეს, ეს არის საპირველაპრილო ტყუილი. ამ უცნაურ ტყუილებს ჩვენშიც ბევრი ამბობს და, ამასთან, წარმოდგენაც არა აქვს, თუ საიდან იღებს დასაბამს იგი და რა მკრეხელობის თანამონაწილე ხდება ყველა, ვინც ასე იქცევა! დიახ, ეს „უწყინარი“ ჩვეულება - საპირველაპრილო ტყუილი ღმერთის უარყოფიდან და გმობიდან იღებს სათავეს!“ - წერს საქართველოს საპატრიარქო ოფიციალურ ვებგვერდზე.
ასოციაციები
მიუხედავად ეკლესიის პოზიციისა, საპირველაპრილო ტყუილები საზოგადოებაში რელიგიური კონტექსტის გარეშე ერთმანეთისთვის პოზიტივის გაზიარებასთან ასოცირდება.
„ბევრი ღიმილის მომგვრელი, თავშესაქცევი ამბავია მოთხრობილი ამ დღესთან დაკავშირებით ინტერნეტ სივრცეში. ზოგჯერ ისეთ სიცრუეს იგონებენ ადამიანები, რომელიც სიმართლესთან ახლოსაა და ადვილად იჯერებენ. ზოგჯერ კი ამ დღეს მომხდარ რეალურ ამბავს სიცრუედ აღიქვამდნენ. საბოლოოდ კი თავშესაქცევი ამბებით ადამიანები ხალისობდნენ, ხან სასმელს იგებდნენ, ხან სამახსოვრო საჩუქარს და ა.შ. ანუ, უმეტესად მხიარულობენ, იცინიან. როგორც ცნობილია, სიცილი ადამიანის გუნება-განწყობილებას აუმჯობესებს და დადებითად მოქმედებს მის ჯანმრთელობაზე, სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. ვფიქრობ, ეს არის ადამიანთა ერთი ნაწილის მიერ გასახალისებლად მოფიქრებული დღე. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის, ვინც იტყუება, მერე მართლა ხალისობს, მაგრამ მოტყუებული ხშირად გაწბილებული რჩება, რაც არასასიამოვნოა. მახსოვს პატარები რომ ვიყავით, ერთმანეთს ვაფრთხილებდით, 1 აპრილს არავის მოვეტყუებინეთ, რადგან, როგორც მაშინ გვჯეროდა, მერე მთელი წელი მოტყუებული რჩებოდა ადამიანი“, - გვიყვება პროფესორი ნაირა ბეპიევი.
„ჩემთვის ეს დღე სახალისო ემოციებთან არის დაკავშირებული. ახლაც მეცინება, როდესაც მახსენდება, თუ როგორ ვეჯიბრებოდით ხოლმე ბავშვები ერთმანეთს პირველ აპრილს. ვინც უფრო დამაჯერებელ ტყუილს იტყოდა, მოგებულიც ის იყო. თუმცა, აპრილის დადგომა ჩემთვის მაინც უფრო გაზაფხულთან ასოცირდება. ბუნების გაღვიძება დიდ გავლენას ახდენს ჩემზე და ბავშვივით მიხარია ყოველი გაზაფხული“, - გვითხრა ირინე ტატიშვილმა.
მიუხედავად იმისა, რომ 1 აპრილის, როგორც სახალისო ტყუილის თქმის დღედ დამკვიდრების განსხვავებული ვერსიები არსებობს, დღეს 1 აპრილი უფრო პოზიტიურ, სხარტ და სასაცილო ხუმრობებთან ასოცირდება, რომელშიც სიმართლის არანაირი ნაკვალევი არ არის, თუმცა საკმაოდ დამაჯერებლად ჟღერს. დაბოლოს, ზოგადად, უნდა ვიცოდეთ, რომ „სიცრუე და ორპირობა ავნებს სულსა, მერმე ხორცსა“. არსებობს ბოროტი ტყუილებიც, რომელიც შორსაა პოზიტიური ხუმრობისგან და ასეთ შემთხვევებსაც იცნობს 1 აპრილის ისტორია.
ავტორი: ნატო ობოლაძე
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„ვინც დაიბნა იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ არხზე გადის ია ფარულავას კონვერტი“ - რას წერს მსახიობი
წყარო: www.tsu.ge