Digest Logo

საპატრიარქო - „40 დღე სრულდება, რაც ილია მეორე ზესთასოფელს შეუერთდა, შეგახსენებთ მის სურვილს, თუნდაც ერთი ნაკლოვანება გამოგვესწორებინა“

1776875054
საქართველოს საპატრიარქო

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებიდან მე-40 დღის მოახლოებასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო მიმართვას ავრცელებს.

„შაბათს, 25 აპრილს, 40 დღე სრულდება, რაც მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ილია II ზესთასოფელს შეუერთდა.

მოგეხსენებათ, ქრისტიანული სწავლებით, ამქვეყნად აღსრულებულ საქმეთა მიხედვით, მე-40 დღეს ხდება სულის დამკვიდრება იმ ადგილზე, რომელიც აღარ შეიცვლება მეორედ მოსვლამდე; მეორედ მოსვლისას კი ხელახლა მოხდება საბოლოო ადგილის მიკუთვნება გარდაცვლილისთვის მის სახელზე შემდეგ აღსრულებულ სხვა სიკეთეთა გათვალისწინებით.

ასე რომ, მე-40 დღე ფრიად მნიშვნელოვანია.

ფაქტია, მთელი საქართველო ლოცულობს მისი უწმინდესობისთვის და ყველას სურს, მაქსიმალურად შეეწიოს ჩვენს პატრიარქს.

გარდა ლოცვისა, რა თქმა უნდა, სხვა შესაძლებლობებიც მრავალგვარია; დიდად მნიშვნელოვანია, მაგალითად, მოყვასისათვის სიკეთის ქმნა.

ამასთან, შეგახსენებთ ილია II-ის ერთ სურვილსაც, რომ, ღვთის სადიდებლად, თუნდაც ერთი ნაკლოვანება გამოგვესწორებინა და მას სამუდამოდ განვშორებოდით.

თუ თითოეული ჩვენგანი ამას ჩვენი პატრიარქის სახელზეც გავაკეთებთ, წარმოიდგინეთ, უფლის რაოდენ დიდი მადლი და წყალობა მოეფინება ჩვენს ერს, როგორ გავახარებთ ამით მის უწმინდესობასა და უნეტარესობას და როგორი დიდი შეწევნა იქნება ეს (როგორც ჩვენი, ისე) მისი სულისთვის“, – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ თბილისის მოსახლეობა დამოუკიდებლობის შემდეგ - როგორ იცვლებოდა დედაქალაქის დემოგრაფია

⭕ წაიკითხეთ ეს მადლიერება გულით: ეზოთერიკოსი დედამიწის საერთაშორისო დღეზე წერს

⭕ „თქვა უგუნურმა გულსა შინაა თვისაა — არ არისო ღმერთი“ - რას ამბობს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე