Digest Logo

„საქართველოს დროშა ჯერ ყველა ჩვენგანის გულში ფრიალებს და შემდეგ - მის გარეთ“ - გია მურღულია

1705242811
გია მურღულია

14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. ტრადიციულად, ამ დღეს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში დროშის აღმართვის ცერემონია იმართება.

აღნიშნულ დღეს საზოგადოებას ფილოლოგიის დოქტორი, ღვაწლმოსილი პედაგოგი გია მურღულია ულოცავს და სოციალურ ქსელში საინტერესო მოსაზრებას უზიარებს მკითხველებს.

„ყოველ ერსა და სახელმწიფოს სამი მთავარი მაიდენტიფიცირებელი სიმბოლო აქვს - დროშა, გერბი და ჰიმნი.
დღეს საქართველოს დროშის დღეა.

როგორ გამოხატავს ეს დროშა თითოეულ ჩვენგანს? - მეტ-ნაკლებად ვიცნობ მის ისტორიას, მაგრამ ამჯერად ჩემს ძალიან ინდივიდუალურ და პიროვნულ აღქმასა და ხედვაზე (ჰერალდიკაზე პრეტენზია არ მექნება) ვისაუბრებ.

მასზე არ ჩანს, რასაც ჩემში ბადებს (არც შეიძლება ჩანდეს, რადგან მკვეთრად პიროვნულია), მაგრამ ჩემი ყველა ემოციის საფუძველი და შთაგონება უსათუოდ ის არის.

როცა საქართველოს დროშას ვუმზერ, ჩემს სულში, გულსა და გონებაში ბევრი სურათი, აღქმა და განცდა თუ განწყობა იბადება - გამარჯვებისა და დამარცხების, ბედნიერებისა და სევდის, ხორბლის, ღვინის, ცეკვის, პოლიფონიის, თავგანწირვის, სილაღის, მეგობრის ღიმილის, ღირსების, ძლევამოსილების, მიტევების, მშვენიერების, ამაღლებულობის, მენტალური და მიზნობრივი ერთიანობის, სამყაროსთან გაჯიბრებისა და სამყაროსთან შერიგების, დაბოლოს, თუნდაც ღმერთის წინაშე წარდგომის - არა ერთი კაცის, არამედ - მთელი ერის.

საქართველოს დროშა ჩვენი სინდისია, იმის გამოხატულებაა, ვინც და რაც გვინდა ვიყოთ.

მასზე უხვი თეთრი ფერია - ჭეშმარიტების, სინათლის, სიკეთის, სიწმინდის ნიშანი.

წითელი ფერი აღმატებულ ღირსებასაც გამოხატავს, სიყვარულსაც და თავისუფლებისთვის არაერთხელ დაღვრილ სისხლსაც.

დიდი ჯვრით ოთხ ნაწილად გაყოფილი სივრცე, რომელიც, ამავდროულად (ამ ჯვრის ფრთებქვეშ), ერთი მთელიც არის, მიანიშნებს, რომ საქართველო სამყაროს ოთხივე მხარისთვის ღიაა და მისი ისტორია განუყოფელია მსოფლიო ისტორიისგან.

ერთი დიდი და ოთხი, შედარებით მომცრო, ჯვარი იესოსა და ოთხ მახარებელს გვამცნობს, რაც პირდაპირ, უშუალოდ, მტკიცედ და ურყევად გამოხატავს, რომ საქართველო ქრისტიანული ქვეყანაა და მისი კულტურის საფუძველი სწორედ ქრისტიანულია.

თავისი არსით ეს არჩევანი ევროპული არჩევანიც არის, რადგან ევროპული ცივილიზაცია ქრისტიანულ ღირებულებებს, სიბრძნეს, სიყვარულსა და მისწრაფებებს ეფუძნება.

საქართველოს დროშა ჯერ ყველა ჩვენგანის გულში ფრიალებს და შემდეგ - მის გარეთ.

ის უნდა გვიყვარდეს, გვეამაყებოდეს, პატივს მივაგებდეთ და უპირობოდ ვიცავდეთ, რადგან ყოველი ჩვენგანის თანაზიარ ღირსებას გამოხატავს.

გილოცავთ საქართველოს დროშის დღეს - დაე, ღმერთისა და კაცის წინაშე მარადიულად წარმოაჩენდეს ჩვენს ერთობას, ისტორიულად განპირობებულ სახესა და ღირებულებებს!“,- წერს მურღულია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 აქვს თუ არა სიყვარულს ასაკი და არსებობს თუ არა ასაკობრივი ბარიერი? - „სიყვარულს აქვს გრადაციები, შეცდომები კი გარდაუვალია...“

🔵 „დავასრულე ილონ მასკის კოსმოსურ ხომალდზე მუშაობა, რომელიც არის რიგით მე-2 მსოფლიოში... დამჭირდა 1 წელი და 300 000 ათასი ასანთის ღერი“ - ვინ არის ბათუმელი ახალგაზრდა, რომელსაც „ასანთის ღერების“ არქიტექტორს ეძახიან

🔵 „ფრთხილად, განხორციელდება ცვლილებები, გამჟღავნდება ბევრი ინფორმაცია...“ - რას მოუტანს ზოდიაქოს ნიშნებს მერკურის თხის რქაში გადასვლა და ვინ უნდა იყოს ყურადღებით 5 თებერვლამდე?