დასრულდა საქართველოს ეროვნული ნაკრების მზადების პირველი ეტაპი, რაც ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა დანიასთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩებისთვის წამოიწყო.
ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდის გენერალური შეკრება, რომელშიც ყველა წევრი მიიღებს მონაწილეობას, დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში, 23 თებერვალს დაიწყება, მანამდე კი, 17-21 თებერვალს თბილისში სუპერლიგის 15 მოთამაშისგან შემდგარი შეკრება გაიმართა, რომლის მიზანიც 5 კალათბურთელის გამოვლენა იყო, რომლებიც ლეგიონერებს დანიაში შეუერთდებოდნენ.
თბილისში სუპერლიგელებს დაემატა და ბოლო 2 ვარჯიში ჩაატარა ეროვნული ნაკრების ახალმა ამერიკელმა ლეგიონერმა, მარკის რიდმა, რომლის გუნდმაც თურქეთის თასის პლეიოფის მატჩი წააგო და სანაკრებო ფანჯრის დასრულებამდე ტრაბზონიდან გათავისუფლდა.
საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს 5 ვარჯიში ჰქონდა, სუპერლიგის 15 მოთამაშიდან 5 კალათბურთელი შეერჩია და ეს დრო მან კარგადაც გამოიყენა. ბოლო თბილისური ვარჯიშის შემდეგ მწვრთნელმა არჩევანი ამ მოთამაშეებზე შეაჩერა:
გიორგი ოჩხიკიძე (ბათუმი), კახა ჯინჭარაძე (ქუთაისი), ალექსანდრე ფევაძე, გიორგი ტურძილაძე (ორივე თსუ) და ვილი ისიანი (რუსთავი).
ეს ხუთეული და მარკის რიდი კვირას დაისვენებენ და ორშაბათ დილას გეზს დანიის დედაქალაქისკენ აიღებენ, სადაც კაპიტან თორნიკე შენგელიას გარდა 22 თებერვალს ნაკრების ყველა ლეგიონერი ჩავა:
დუდა სანაძე (მალიორკა LEB, ესპანეთი), ბექა ბურჯანაძე (გრანადა, ესპანეთი), მათე ხატიაშვილი (ბასკონია, ესპანეთი), გიორგი კორსანტია (გიპუზკოა, ესპანეთი), რატი ანდრონიკაშვილი (ალფტანესი, ისლანდია), ალექსანდრ მერკვილაძე (ოსტენდე, ბელგია) და ცოტნე ცარციძე (რეიკიავიკი, ისლანდია). შენგელიას კლუბ „ბარსელონას“ ევროლიგაში 25 თებერვალს თამაში აქვს და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 26 თებერვალს, კოპენჰაგენში შეუერთდება.შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში დანიას ჯერ 27 თებერვალს, კოპენჰაგენში დაუპირისპირდება, შემდეგ კი თბილისში, 2 მარტს უმასპინძლებს. ორივე შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
წყარო: 1tv.ge