Digest Logo

საქართველოს ნაკრებმა პოზნანში სრული შემადგენლობით ივარჯიშა

1728537299
ეროვნული ნაკრები

საქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინასთან მატჩისთვის მზადებას პოზნანში განაგრძობს. შეკრების მესამე დღეს, ჩვენმა გუნდმა ლეხის საწვრთნელ ბაზაზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა.

მოახლოებული მატჩებისთვის მზადების თაობაზე კომენტარი ოთარ კიტეიშვილმა გააკეთა. ნაკრების ნახევარმცველმა გუნდში არსებულ კარგ განწყობას გაუსვა ხაზი და გასვლით შეხვედრაში გულშემატკივართა განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა.

„განწყობა, როგორც ყოველთვის, იდეალურია. ვემზადებით მნიშვნელოვანი და ძალიან რთული თამაშებისთვის. სექტემბერში წარმატებული მატჩები ჩავატარეთ, რაც დიდი შრომის და კარგი მომზადების დამსახურებაა. აუცილებელია, რომ ეს წარმატებული სერია გავაგრძელოთ. განსაკუთრებულად უნდა მოვემზადოთ მოახლოებული თამაშებისთვის და იმედი მაქვს, შედეგი იქნება ისეთი, როგორიც სექტემბერში გვქონდა.

ევროპის ჩემპიონატს თუ არ ჩავთვლით, გასვლით მატჩზე ამდენი გულშემატკივარი არასდროს ყოფილა, რამდენიც უკრაინასთან თამაშს დაესწრება. ეს ახალი გამოცდილებაა ჩვენთვის. ქართველ გულშემატკივარს უკვე აქვს იმის სურვილი, რომ გასვლით მატჩებზე იყვნენ ჩვენთან ერთად. გაკვირვებულები და ძალიან გახარებულები ვიყავით, როდესაც გავიგეთ, რომ ამდენი ქართველი გულშემატკივარი გვეყოლება სტადიონზე“, - აღნიშნა კიტეიშვილმა.

დღეს „ჯვაროსნები“ მატჩის მასპინძელ სტადიონ „ენეას“ სათადარიგო მოედანზე ივარჯიშებენ. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე გაიმართება ტრადიციული მატჩისწინა პრესკონფერენცია.

ოქტომბრის სანაკრებო პაუზის ფარგლებში, ჩვენი გუნდი ორ შეხვედრას ჩაატარებს. უკრაინა -საქართველოს მატჩს 11 ოქტომბერს ქალაქი პოზნანი უმასპინძლებს და თამაში თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. 14 ოქტომბერს საქართველო-ალბანეთის შეხვედრა კი მიხეილ მესხის სტადიონზე სტარტს 20:00 საათზე აიღებს. მატჩებისთვის „ჯვაროსნების“ მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა 23 ფეხბურთელი გამოიძახა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

დღეს, 10 ოქტომბერს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შვედეთის ნაკრებთან უმნიშვნელოვანეს მატჩს გამართავს

გაიგე, რატომ უნდა გქონდეთ სახლში თქვენი დაბადების თვის შესაბამისი მცენარე

🎥 „ეს იყო მართლა მეხის გავარდნა, არ ვიმჩნევდი რომ მომეწონა... ერთი წლის თავზე ის სიყვარულში გამომიტყდა“ - რა ულტიმატუმი წაუყენა ირმა სოხაძეს რჩეულმა გათხოვებამდე