Digest Logo

🎥 შეიძლება თუ არა მოზარდებში ეპილაციის ჩატარება - მანანა მგალობლიშვილის რეკომენდაციები

1764868778
მანანა მგალობლიშვილი

შეიძლება თუ არა ეპილაციის ჩატარება პუბერტატის, ანუ სქესობრივი მომწიფების პერიოდში? - საკითხზე ექიმი რეპროდუქტოლოგი მანანა მგალობლიშვილი „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე საუბრობს:

„არის შემთხვევები, როდესაც მოზარდ გოგონებს აწუხებთ ფაქტი, რომ მათ სხეულის გარკვეულ უბნებში ჭარბი თმა ეზრდებათ. მაგალითად, ზურგზე, მუცელზე, გულმკერდზე, შესაძლოა, სახეზეც. ცხადია, ეს მათ დიდ დისკომფორტს უქმნის. ისინი კოსმეტოლოგებს ან ექიმებს მიმართავენ. არის შემთხვევები, როდესაც ექიმები ეუბნებიან, რომ ეპილაციის ჩატარება არ შეიძლება.

თავდაპირველად ბავშვმა, მშობელთან ერთად, ექიმს უნდა მიმართოს და კონსულტაცია გაიაროს. ექიმმა 3 ძირითადი საკითხი უნდა დაადგინოს.

პირველ რიგში, ნამდვილად ჭარბია თუ არა ის თმა, რომელიც გოგონას სხეულის გარკვეულ უბნებში იზრდება. რადგან, ზოგადად, თმა სხეულის თითქმის ყველა უბანში იზრდება. ეს ნორმალურია. მაგრამ, რაოდენობას გააჩნია. ეს ექიმმა უნდა დაადგინოს. თუმცა, შეიძლება, ნორმის ფარგლებში ჯდებოდეს და ბავშვს გარკვეულ უხერხულობასა და თვითშეფასებაში პრობლემას უქმნიდეს. ან შეიძლება, ბავშვისთვის ეს საერთოდ არ იყოს შემაწუხებელი, მაგრამ მშობელი წუხდეს ამის გამო. ამიტომ, პირველ რიგში, ეს საკითხი უნდა გაირკვეს, რადგან ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შემდგომ ტაქტიკაში.

რასაკვირველია, ექიმმა უნდა გაარკვიოს, აღნიშნული ჭარბთმიანობა რაიმე სახის დაავადებასთან, პათოლოგიასა და ფუნქციის დარღვევასთან ხომ არ არის დაკავშირებული.

მიუხედავად იმისა, რით არის პრობლემა გამოწვეული, ყველა შემთხვევაში, ეპილაცია დაშვებულია. იქნება ეს ენდოკრინული დარღვევა თუ უბრალოდ ორგანიზმის თავისებურება. ან შეიძლება, არც არის ჭარბი თმა, მაგრამ უბრალოდ ბავშვს სურს, ის თვლის, გრძნობს იმ გარკვეული რაოდენობის თმით თავს უხერხულად და თვითშეფასების საკითხში პრობლემები ექმნება.

თუმცა, მოზარდის ეპილაციისას შემდეგი გარემოებები უნდა გავითვალისწინოთ:

ეპილაციის მეთოდი თმის ზრდის ინტენსივობის, კანის ტიპის, მოზარდის ტკივილის ზღურბლის თავისებურებების მიხედვით უნდა შეირჩეს.

მოზარდის ტკივილის ზღურბლი, უმეტეს შემთხვევაში, უფრო დაბალია, ვიდრე მოზრდილებში. ამიტომ, უნდა შეირჩეს ისეთი მეთოდი, რომელიც ნაკლებ მტკივნეული იქნება.

ამასთანავე, მოზარდის კანი გაცილებით უფრო ნაზი და მგრძნობიარეა. ამიტომ, ეპილაციამ შესაძლოა, თმის ჩაბრუნება, კანის გაღიზიანება და სხვადასხვა რეაქცია გამოიწვიოს.

თუ მოზარდი ეპილაციას პირველად იკეთებს, უმჯობესია, ე.წ. დატესტვა ჩატარდეს, ანუ ეპილაცია კანის ძალიან პატარა უბანზე. შემდეგ კანის რეაქციის მიხედვით, გაგრძელდეს, შეწყდეს პროცედურა ან შეიცვალოს მეთოდი.

რასაკვირველია, ეპილაცია სპეციალიზებულ დაწესებულებაში, კვალიფიცირებული ექიმის მიერ, ჰიგიენის სათანადო წესების დაცვით უნდა ჩატარდეს“, - აღნიშნა მანანა მგალობლიშვილმა.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ნამდვილი და ბუნებრივი სილამაზე“ - მანიკა ასათიანის გლამურული ლუქი და გამომწერების კომპლიმენტები

⭕ტყუპებში „სუპერ სავსე მთვარე“: რა კარმულ პროცესებს ააქტიურებს 5 დეკემბერი - „დავაკვირდეთ, რა ხდება 2-დან 8 დეკემბრამდე“

⭕„ახალი ურთიერთობა ან ფლირტი გაგახალისებთ...“ - დეკემბრის სასიყვარულო პროგნოზი ყველა ნიშნისთვის