მეხანძრე-მაშველი, გაგა გიგაშვილი ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების სამძებრო-სამაშველო ოპერაციაზე გადაცემაში „იმედის დილა“ საუბრობს და დეტალებს იხსენებს.
მისი თქმით, რთულია იმის გადმოცემა, რაც იმ მომენტში თითოეულმა მეხანძრე-მაშველმა იგრძნო, როდესაც პატარა თაია გამოიყვანეს.
„პირველ რიგში სამძიმარი მინდა ვუთხრა გარდაცვლილის ახლობლებს და სრულიად საქართველოს, რაც შეეხება ემოციებს, რომელიც ჩვენ მეხანძრე მაშველებმა იქ განვიცადეთ ეს იყო, ისეთი რამ, რასაც სიტყვებით ვერ გადმოსცემ.
შეუძლებელია იმის მოყოლა ჩვენ იქ, რაც განვიცადეთ, ეს სიტყვებიც: „შენ გენაცვალე, ძია“ რასაც მე ვიძახი და სხვა მყოფნი მეხანძრე მაშველები, ეს იყო გულიდან ამოსული სიტყვები!“, - ამბობს გაგა გიგაშვილი.
ნახეთ ვიდეო:
ცნობისთვის, ქვემო ფონიჭალაში, რუსთავის გზატკეცილის 16 ნომერში მდებარე ე.წ. უსინათლოთა დასახლების 5-სართულიან კორპუსში აფეთქება 19 ნოემბრის დილის 9 საათზე მოხდა. ერთ-ერთი სადარბაზოს მე-5 სართულზე გაზის გამათბობლის მწყობრიდან გამოსვლას ნგრევა მოჰყვა. ჩამოინგრა შენობის მზიდი კონსტრუქცია, სრულად განადგურდა სადარბაზოს ცენტრალური ნაწილი, კიბის უჯრედები, სართულებს შორის გადახურვები და ფასადის ნაწილი.
დაშავებული ოთხი ადამიანი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა საავადმყოფოებში გადაიყვანეს. კრიტიკულია 31 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომლის ბინაშიც გაზი აფეთქდა - ის დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი, სხეულის 87%-იანი დამწვრობა აქვს მიღებული და დაზიანებული აქვს სასუნთქი გზები.
მაშველები 7 ადამიანს ეძებდნენ. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა 3 წლის ბავშვი ცოცხალი იპოვეს. მცირეწლოვანი კლინიკაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საერთო ჯამში ნანგრევებში 6 ადამიანის ცხედარი ამოასვენეს.
ფონიჭალაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: