Digest Logo

„შენ რომ ბიჭი ყოფილიყავი, ნამდვილად ძალიან მაგარი ფეხბურთელი იქნებოდი, მაგრამ რადგან გოგო ხარ, არ მინდა ფეხები დაგიმახინჯდესო...“ - რას ჰყვება ვიტალი დარასელიას შვილიშვილი?

1751014260
 ვიტალი დარასელიას შვილიშვილი

ვიტალი დარასელიას შვილიშვილის ლიზა დარასელიას ცხოვრება მრავალმხრივაა საინტერესო. ახლა მომღერლის ცხოვრებაში სიახლეებია, იგი ბაბუის სახელობის აკადემიისთვის ჰიმნს ქმნის. ოჯახსა და კარიერაზე მან ჟურნალ „თბილისელებთან“ ისაუბრა:

– თურმე შენც ძალიან გიყვარს ფეხბურთის თამაში.

– ძალიან და სხვათა შორის, ძალიან კარგად ვთამაშობდი. სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია არ მითამაშია. მამაჩემი ამბობდა, შენ რომ ბიჭი ყოფილიყავი, ნამდვილად ძალიან მაგარი ფეხბურთელი იქნებოდი, მაგრამ რადგან გოგო ხარ, არ მინდა ფეხები დაგიმახინჯდეს, სჯობს, ლამაზი და ნარნარა დარჩე, ვიდრე კაცის ფეხებით იაროო და მეც დავუჯერე (იცინის). მართლა ძალიან მინდოდა ფეხბურთის თამაში და სხვათა შორის, ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემიაში მეც დავდიოდი ოთხი თვე. ძალიან კარგი შედეგები მქონდა, ყველა ტრენერი გაოცებული იყო, ეს როგორ თამაშობს ბიჭებზე კარგადო (იცინის). მე აღარ, მაგრამ ჩემი პატარა ძმა თამაშობს, პატარა ვიტალი დარასელია და ყველას მისი იმედი გვაქვს. ძალიან მონდომებულია და კარგადაც გამოსდის. პროგნოზებზე ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს, დრო გვიჩვენებს, მაგრამ ბაბუს და მამის გენეტიკა აქვს.

– შენ ფეხბურთს არ გაჰყევი, მაგრამ ეზოში ხშირად თამაშობდი...

– კი, თან ძალიან ხშირად. ერთ-ერთ მოედანზე ვთამაშობდი, როგორც ყოველთვის, ბიჭებთან ერთად. იქვე მდგომ კორპუსში ჩემი ნათესავი ცხოვრობდა. მის მეზობელს უთქვამს ჩემზე, ამ გოგოს პატრონი არ ჰყავს, სულ ბიჭებთან ერთად რომ თამაშობსო?! ოღონდ მთელი სერიოზულობით უთქვამს, ალბათ, იმიტომ, რომ 24/7-ზე ფეხბურთს ვთამაშობდი. ჩემთვის თოჯინები არ არსებობდა. პირველი სიტყვა დედა ვთქვი და მეორე ბურთი. ჩემს ნათესავს იმ ქალბატონისთვის უთქვამს, ეს იცით ვინ არის? ვიტალი დარასელიას შვილიშვილიაო და ახლა გასაგებიაო, უთქვამს იმ ქალს (იცინის). ვინც იცოდა, ვინ ვიყავი, ის ისედაც არაფერს ამბობდა (იცინის).

– ერთ ბაბუაზე ვისაუბრეთ. სულ რამდენიმე თვის წინ მეორე ბაბუ გარდაგეცვალა, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი ჰქონდა შენს ცხოვრებაში.

– ეს მართლა ძალიან რთული იყო. საბედნიეროდ, ორივე ბაბუ გმირი მყავდა. ორივეს ყველა დიდ პატივს სცემდა, ორივე ძალიან მაგარი იყო თავის საქმეში. ორივე პატიოსანი კაცი იყო. სამწუხაროდ, დღეს ასეთი კაცები იშვიათობას წარმოადგენენ. ძალიან გამიჭირდა, როცა ბაბუ გარდაიცვალა. იმ პერიოდში ტელევიზიაშიც მიჭირდა მისვლა. ყოველ გადაღებაზე მეტირებოდა, თავს ვიმხნევებდი. ბევრი ივენთი გავაუქმე, ძალიან რთული პერიოდი მქონდა. საერთოდ, ოჯახი ჩემთვის განსაკუთრებით ფასეულია. მე ჩემი ოჯახის სარკე ვარ. ისეთ რამეს არასდროს ჩავიდენ, რაც ჩემს ოჯახს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს. ამიტომ ყველაფერს ძალიან პატიოსნად ვაკეთებ. შეცდომა ყველას მოგვდის, მაგრამ ძალიან ვცდილობ.

– რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში და როგორია შეყვარებული ლიზი?

– ჩემს ცხოვრებაში არის ადამიანი, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახდა. არ მეგონა, თუ ასე იქნებოდა, რადგან მე ძალიან მიჭირს ადამიანების ნდობა, თუმცა, ამ ადამიანმა მოახერხა ჩემი ნდობის მოპოვება და ეს უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს. ვაფასებ, რადგან ყველანაირად გვერდით მიდგას. ჩემი პროფესია არ არის მარტივი და ის ყველანაირად ხელს მიწყობს და მეხმარება. რაც მთავარია, არ არის ეჭვიანი. ასეთი ადამიანი ჩემ გვერდით ვერ იქნება. ის არ არის მუსიკოსი, ბიზნესის სფეროშია, მაგრამ კარგი მსმენელი და მრჩეველია. ჩემი ოჯახი რომ მეტყვის, კარგი ბიჭიაო, ესე იგი, მართლა ძალიან კარგია. დედაჩემის თითოეული სიტყვა წინ დამხვედრია ცხოვრებაში და თუ მას ადამიანი მოსწონს, ეს ბევრს ნიშნავს, თუმცა მათაც იციან, რომ მე ცუდ ადამიანს გვერდით არ დავიყენებ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„არაჩვეულებრივად გამოიყურები...“ - თამო ვაშალომიძე ახალ კადრებს აქვეყნებს

🎥 „საშუალება მოგეცემათ გამოასწოროთ ძველი კონფლიქტები...“ - 27 ივნისის ასტროპროგნოზი ნინა სუსლოვასგან

⭕ ავტოსაგზაო შემთხვევა ზესტაფონში – დაღუპულია მამა-შვილი