ისტორია, რომელსაც მეორე სიცოცხლე ჰქვია - 4 წლის დემე ჭაში ჩავარდა და 12 მეტრის სიღრმეზე რამდენიმე წუთის შემდეგ იპოვეს. ამბავს ჰყავს თავისი გმირები, რომლებმაც დემე სიკვდილს ხელიდან გამოსტაცეს. ამ დაუჯერებელ ამბავზე მთელი საჩხერე ლაპარაკობს.
4 წლის დემეს ხელახლა დაბადებისა და 34 წლის ნუგზარ კიპაროიძის გმირობის ისტორია სოფელ სავანეს ეზოდან იწყება. ამბავი 21 აგვისტოს მოხდა. დიდბერიძეების ეზოში უბნის ბავშვები ხშირად იკრიბებიან, ამიტომ 12-მეტრიანი ჭა ყოველთვის დახურულია. ბავშვებს კი აფრთხილებენ, რომ ჭას უფროსების გარეშე არ მიუახლოვდნენ. ასე იყო 21 აგვისტოსაც, როცა დღის 2 საათზე მეზობლის ეზოში მყოფი 4 წლის დემე კიპაროიძეს მოსწყურდა. პატარამ გადაწყვიტა, ჭასთან ხის სკამი მიედგა და წყალი უფროსების დაუხმარებლად დაელია.
სკამიდან უკვე ჩამოდიოდა როდესაც ჭის თავსახური გაცურდა და ბავშვი ჭაში ჩავარდა.
„ხშირად შემოდიან ბავშვები ამ ეზოში სათამაშოდ, ერთი ჩვეულებრივი დღე იყო. ჩემი და მეზობლის ბავშვი თამაშობდნენ. მე დედამთილს ვუვლიდი, რომელიც ავადმყოფია.
ჯაჭვს ზოგადად დიდი ხმა აქვს, როდესაც ვედრო ჩადის, მაგრამ ეს იყო მოწყვეტის ხმა. რაღაცნაირად ეგრევე ცუდი ვიფიქრე და რომ გამოვედი ვერცერთი ბავშვი ვერ დავინახე შიშისგან. მოგვიანებით დავინახე ჩემი პატარა გოგო, დემეტრე უკვე აღარ იყო.
დავიწყე ყვირილი, მიშველეთ ხალხო, დემეტრე ჭაში ჩამივარდა -მეთქი“, - იხსენებს მეზობელი.
მეზობლის ეზოში პირველი დემეს ბებია მივიდა.
„ჩემს შვილს დავუძახე, სასწრაფოდ მოდი ბავშვი ჭაში ჩავარდა -მეთქი. ამის მერე მეტი არაფერი მახსოვს“, - ამბობს დემეს ბებია.
დემეს მამა გიორგი კიპაროიძე, რომელიც მშენებლობაზე მუშაობს, რამდენიმე წუთის დაბრუნებული იყო სახლში. ის ხელსაწყოს აღებასა და ისევ სამსახურში წასვლას აპირებდა. მამა შვილის გადასარჩენად ჭაში ჩავიდა, თუმცა ღრმა წყალში დემეს პოვნა ვერ შეძლო.
დრო გადიოდა, თითოეული წუთი გადამწყვეტი იყო.
„რომ მოვედი მეუღლე უკვე ჭიდან ამოსული იყო, სულ სისხლები სდიოდა ცხვირიდან, პირიდან. ჭაში მაღალი წნევაა და მისმა კაპილარებმა ვერ გაუძლო“, - ამბობს დემეს დედა.
ხმაურზე დიდბერიძეების ეზოში მთელი სოფელი შეიკრიბა, 4 წლის დემეს გადარჩენის მისია მამის მეგობარმა ნუგზარ კიპაროიძემ აიღო საკუთარ თავზე და სიცოცხლის რისკის ფასად ჭაში დაუფიქრებლად ჩავიდა.
„ჭა სულ 12 მეტრია, წყალი 3 მეტრზეა. საკმაოდ ვიწროა, უჰაერობაა. ჩავედი ფსკერზე, ვიმოძრავე ფეხებით, რომ რაღაცას შევხებოდი. შეუძლებელი იყო ისეთი რაღაც, რომ მოტრიალებულიყავი და თავით გეცადა. შევეხე ადამიანს, დავიკავე ქვებზე, რომ მაღლა წყალს არ ამოვეგდე. დავიკავე ხელებზე, ერთი ამოესუნთქა, რომ წყლისგან არ გაგუდულიყო, მაგრამ ბავშვს რეაქცია არ ჰქონდა“, - იხსენებს ნუგზარ კიპაროიძე.
მომხდარიდან 17 წუთი იყო გასული, ჭასთან მყოფებს სიღრმიდან ხმას ვერ აწვდენდა.
„გადავიწვინე ბავშვი მკლავზე, ბაწარი მოვწიე, რომ მიმხვდარიყვნენ და ავეყვანეთ. ხმა საერთოდ არ ისმოდა, დაბნელდა“, - ამბობს ნუგზარ კიპაროიძე.
„რომ დაიძახეს, ბავშვი ამოვიყვანეთო, მივვარდი ჩემს შვილთან, თავად გავუკეთე ყველაფერი, ხელოვნური სუნთქვა, მასაჟი გულის. პულსიც არ ესინჯებოდა, იყო ძალიან მძიმე, ცივი და შავი“, - იხსენებს დემეს დედა.
4 წლის ბავშვი ჭაში დაახლოებით 20 წუთი იყო, რაც მედიკოსების თქმით, სიცოცხლისათვის შეუსაბამოა და გადარჩენის შანსი 0 უტოლდებოდა. მაინც გადაწყვიტეს, ბავშვის საავადმყოფოში გადაყვანას და გზაში სასწრაფომ ხელოვნური სუნთქვაც ჩაუტარეს.
„ღმერთია მოწყალე და გადაარჩინა ეს ბავშვი, დიდი დრო იყო გასული. შოკის დარბაზი გადავსებული იყო, ყველა ცდილობდა დემეს დახმარებას“, - იხსენებს ექიმი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: