Digest Logo

🎥 „სკოლის დამთავრების შემდეგ, ისეთი ავარია მოუვიდა, ხალხი გაოცებული იყო, როგორ გადარჩაო“ - რას ჰყვება საბა ლაზიშვილის დედა?

1794752923
საბა ლაზიშვილი

ახალგაზრდა ქართველი მოჭიდავის, საბა ლაზიშვილის დედა, ეთერ ლაზიშვილი შვილის წარმატებულ სადებიუტო გამოსვლაზე საუბრობს.

„რუსთავი 2“-თან სატელეფონო ინტერვიუში, სპორტსმენის დედა შვილის ემოციურ დანაპირებს იხსენებს და აღნიშნავს, რომ შვილმა დედისთვის მიცემული სიტყვა შეასრულა.

„როდესაც გამოშვების საღამო ჰქონდა, სკოლის დამთავრების შემდეგ, აი იმ გამოშვების საღამოზე მოუვიდა ავარია. ისეთი ავარია, რომ აი გაოცებულნი იყვნენ ხალხი, რომ როგორ გადარჩა ეს ბიჭი ამ ავარიიდან. და იცი, ერთხელ რა მითხრა? დედა, იცოდეო… ახლაც მეტირება… დედა, იცოდე, ისეთ რაღაცას არ გავაკეთებ, შენ რომ შენი სახელი წავშალო, შენი ამაგი რომ წავშალო. არაფერს ისეთს არ გავაკეთებ, რომ შეგარცხვინოო.

შემარცხვინა კი არა, ზეცაში აიყვანა შვილმა. ასე რომ, გუშინ მადლობებს ვუხდიდი ამისთვის, რომ ასე მასახელე-მეთქი. აი ეს, აი ეს სიტყვები მისი მახსოვს და მართლაც შეასრულა მისი ეს სიტყვა“, - აცხადებს ეთერ ლაზიშვილი.

ცნობისთვის, ქართველმა მოჭიდავემ, საბა ლაზიშვილმა Real American Freestyle-ის (RAF) ეგიდით გამართულ ტურნირზე წარმატებით იასპარეზა. 21 წლის სპორტსმენმა აბუ-დაბიში, „ეტიჰად არენაზე“ UFC-ის დიდების დარბაზის წევრი, ამერიკელი იურაია ფეიბერი დაამარცხა.

თავდაპირველად ფეიბერის მეტოქე უმარ ნურმაგომედოვი უნდა ყოფილიყო, თუმცა აბუ-დაბიში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ორგანიზაციამ ის ტურნირიდან ჩახსნა და მის ნაცვლად ქართველი სპორტსმენი შეიყვანა.

11 ნოემბერს აბუ დაბის ერთ-ერთ სასტუმროში მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანმხლები პირები თავს დაესხნენ. ინციდენტის შემდეგ ორივე ქართველი დააკავეს, თუმცა 13 ნოემბერს გაათავისუფლეს.

აღსანიშნავია, რომ ლაზიშვილისთვის ეს RAF-ის ეგიდით გამართული სადებიუტო შეხვედრა იყო, რომელიც ქართველმა სპორტსმენმა გამარჯვებით დაასრულა.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „მე ვვამაყობ, მეუღლე კი ძალიან ნერვიულობდა... დაალაგა სიტუაცია და ძალიან სწორად იჩხუბა“ - რას ჰყვება საბა ლაზიშვილის მამა

🎥 გელა დაიაური შატილის მძიმე ავარიასა და ოჯახის დაკარგვაზე: „სიცივისგან ვკანკალებდი და ვკითხე, გადარჩენილი მყავს ვინმე-მეთქი?“

🎥 „თეონა თავის დიდ შემოქმედებაზე მილიონჯერ დიდი ადამიანი იყო“ - გელა დაიაური გარდაცვლილ მეუღლეზე

✕