
ტელეწამყვანი და მოდელი, ნინუცა ორჯონიკიძე სოციალურ სივრცეში აქტიურობით გამოირჩევა. რამდენიმე თავს წინ მან გადაწყვიტა ბლოგერობა, შესაბამისად „იუთუბის“ საკუთარი პლატფორმაც უფრო მრავალფეროვანი გახადა. ნინუცა საზოგადოებას საქართველოს სხვადასხვა კუთხეს აცნობს. იგი საზოგადოებას საინტერესო ამბებს უზიარებს.
ნინუცა ორჯონიკიძის „იუთუბის არხს“ ამჟამად 42 ათასი გამომწერი ჰყავს, თითოეულ ვიდეოს კი ასი ათასობით ნახვა. მან ლაშქრობებისთვის და ქალაქ გარე ტურებისთვის თანამგზავრად მოგზაური ნიკო ლებანიძე და რამდენიმე მეგობარი აირჩია.
ამჟამად ნინუცა მაღალმთიან სვანეთს, უშგულს ესტუმრა. როგორც ვიდეოდან ვიგებთ, უშგული 2014 წლამდე ევროპაში ყველაზე მაღალი სოფელი იყო, თუმცა მას შემდეგ რაც თუშეთის ერთ-ერთ სოფელში, ბოჭორნაში დასახლდა ერთი ადამიანი, აღნიშნული სტატუსი ამ მხარემ წაიღო.
ასევე ვიგებთ, თავად უშგული იყოფა ოთხ ნაწილად: ჟიბიანი - რაც ზედა მხარეს ნიშნავს, ჩუბიანი, ჩაჟაში და მურყმელი.
ნინუცა ესტუმრა რატიანების ოჯახსაც, რომლებმაც საზოგადოებას საინტერესო ინფორმაცია გაუზიარეს:
„თამამად შემიძლია ვთქვა, რომ უშგული არის სვანეთის სავიზიტო ბარათი. 30 წელია უშგულის მუზეუმში ვმუშაობ. ეს ოთხი წელია ქართველებმა დაიწყეს სიარული და ძალიან ბედნიერი ვარ. უცხოელები ამბობდნენ, რომ ქართველები ისეთი ხალხი ხართ, ცოტა ფინანსურად თუ გაქვთ კარგად საქმე უცხოეთში გარბიხართ დასასვენებლადო. დარწმუნებული ვართ ზოგიერთს უშგული არც უნახავთო.
რთულია აქ ცხოვრება. ჩემი მამამთილი იყო ამ სოფელზე თვგადაკლული კაცი, ადრეულ ასაკში გარდაიცვალა და როცა კვდებოდა ანდერძი დამიტოვა, რომ უშგული არ დატოვოთო. მიუხედავად იმისა, რომ მთლიანად სოფლის პატრონობა ჩვენ დაგვევალა მისი სიკვდილის შემდეგ აქაურობა არ მიგვიტოვებია. 1987 წელს ძალიან დიდი სტიქია იყო უშგულში, ზვავი ჩამოწვა, მაშინ დაიღუპნენ ჩემი ახლობლები ჭელიძეები. ყველას შეეშინდა და მაშინ წავიდა უმეტესობა. ჩემმა მამამთილმა მაშინ თქვა - ერთი კაციც რომ დარჩეს სოფელში, იმ ერთის ექიმი ვიქნებიო. უშგული დღესდღეობით, რომ არსებობს ეგ არის ჩემი მამამთილის ანზორ რატიანის დამსახურება.
ჩვენ, რომ მესტიელების ადგილზე ვიყოთ ოცდაოთხი საათი სანთელს დავუნთებდით უშგულელებს. იმიტომ რომ რაც ტურიზმის განვითარება დაიწყო და ტურისტები გვსტუმრობენ, ჯერ მესტიაში ჩადიან და იქ რჩებიან, შემდეგ კი უშგულში ამოდიან. ჩვენ ხარჯზე მდიდრდებიან. იქიდან ამოჰყავთ ჩვენ არ გვიტოვებენ ამ ტურისტებს, ამიტომ ათასი მადლობა უნდა გვითხრან“, - ჰყვება ნანული რატიანი.
უშგულის დამოუკიდებლობის ისტორიაზე ისაუბრა რატიანების ოჯახის თავკაცმა დავითმა, რომელმაც განმარტა, რატომ არის აღნიშნული მხარე უბატონოდ წოდებული:
„სვანეთი ორ ნაწილად იყოფოდა, ბალს ზემოთ და ბალს ქვემოთ. ბალს ზემოთ დადეშქელიანები ბატონობდნენ, იყო მცდელობა მათი მხრიდან დაეპყროთ, ძირითადი მიზეზი კი ხარკი იყო. ჯიბრში უდგებოდნენ აქაურ ხალხს რადგან, ცოტა მიწებია. ჩვენი გვარის წარმომადგენელი იყო, ბაგა რატიანი, რომელმაც ხრიკს მიმართა: დაპატიჟეს როგორც სტუმრად დამპყრობელი, თუმცა მან შემოთვალა, რომ ისე ვერ მოვალ თუ მძევალი არ მეყოლება სოფლიდანო. ბაგა რატიანმა თავისი შვილი გააგზავნა დადეშქელიანებთან. მოხდა ისე, რომ ერთ აზრზე დადგა მთელი სოფელი და გადაწყვიტეს მოეკლათ. ტყვია ჩამოასხეს, ყველამ მიიღო მონაწილეობა. თოფს თოკი გამოაბეს და ხელსაყრელი დრო აირჩიეს. ამაზე ამბობენ რომ ლეგენდა არისო. ლეგენდა კი არა ნამდვილი ამბავია. ღვინო მიართვეს და მთელმა სოფელმა მოკლა, რადგან მთელ სოფელს დაჰბრალებოდა და არა ერთ კაცს“, - იხსენებს დავით რატიანი.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „მოდი გაზაფხულო...” - გიორგი ძოწენიძისა და ქეთი ყიფშიძის არაჩვეულებრივი შესრულება