
გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერისთვის ბრძოლაში „სანდერლენდი“ და „რომა“ არიან ჩართულები. ცნობილი გახდა, რომ ქართველი თავდამსხმელის სანაცვლოდ „ლიონი“, დაახლოებით, 25 მილიონ ევროს ითხოვს.
ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Sunderland Echo იუწყება.
„მიქაუტაძემ 2023/24 წლების სეზონი პროდუქტიულად ჩაატარა – ლიგა 1-ში გამართულ 20 მატჩში 13 გოლი გაიტანა „მეცის“ რიგებში, ხოლო სამი გოლი საქართველოს ნაკრების მაისურით ევრო 2024-ზე გაიტანა, რითაც თავისი ბომბარდირული თვისებები კიდევ ერთხელ დაამტკიცა. სწორედ ეს ფაქტორებია, რასაც „სანდერლენდის“ მთავარი მწვრთნელი რეჟის ლე ბრისი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. მოსალოდნელია, რომ ფეხბურთელი შეთავაზებულ ვარიანტებს მომდევნო კვირების განმავლობაში განიხილავს.
თავდამსხმელის სავარაუდო სატრანსფერო ფასი 17-დან 21 მილიონ ფუნტ სტერლინგამდე მერყეობს (დაახლოებით 24.4 მილიონი ევრო). მისი ტრანსფერი „სანდერლენდისთვის“ სოლიდური ინვესტიცია იქნება. გუნდის ახალი სპორტული დირექტორი ფლორენტ გისოლფი დაინტერესებულია ამ შესაძლებლობის გამოყენებით, მით უმეტეს, თუ „ლიონის“ არასახარბიელო ფინანსური მდგომარეობა ქართველის ფასზე ზეწოლას მოახდენს.
ამ ეტაპზე ყველა მხარე მოლოდინის რეჟიმშია, თუმცა ინტერესი რეალურია. მიქაუტაძემ, თავისი ევროპული გამოცდილებითა და მოედანზე სიმშვიდით, შესაძლოა, „სანდერლენდის“ თამაშის სტილში გარდატეხა შეიტანოს – თუკი ტრანსფერი შედგება“, – წერს გამოცემა.
„საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე პრემიერლიგის ახალწვეულის, „სანდერლენდის“ მთავარი სატრანსფერო სამიზნეა, თუმცა სერია A-ს გრანდი „რომა“ სერიოზულ კონკურენციას უწევს. კლუბის არასტაბილურმა ფინანსურმა მდგომარეობამ, შესაძლოა, „ლიონი“ ტრანსფერისადმი უფრო ლოიალურად განაწყოს. მიქაუტაძეს განსაკუთრებულად აფასებენ ის პირები, რომლებიც „სანდერლენდში“ გადაწყვეტილებებს იღებენ“, – წერს ფრანგი ჟურნალისტი საშა ტავოლიერი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ულამაზესი დედა-შვილი“ - სალომე კორკოტაშვილი ოჯახთან ერთად ხორვატიაში ისვენებს
⭕„საოცრად გამოიყურები...“ - მაკა ზამბახიძის ლუქი შორენა ბეგაშვილის დაბადების დღის წვეულებიდან
წყარო: 1tv.ge