
„წამება მდგომარეობდა, რომ საკანში არ იყო სინათლე, ის მუდმივად სიბნელეში იმყოფებოდა; არ იყო ჰაერი, გარდა პატარა ჭუჭრუტანისა, სადაც პირი ან ცხვირი უნდა მიედო პატიმარს, რომ შეესუნთქა ჰაერი, არ ჰქონდა დასაჯდომი და დასაწოლი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ თავად ციხის თანამშრომელი არ გადაწყვეტდა, როდის გადმოეწია ეს ასაკეცი საწოლი მისთვის, არ ჰქონდა საკვები. მაგრამ, გარდა ამისა, ჩვენთვის, საზოგადოებისთვის ცნობილია ის დამწვრობები, რაც მას ჰქონდა ზურგზე. ამის შესახებ რა იცით?“, - ამ შეკითხვით მიმართა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა თამაზ მოლაშვილს, რომელიც მისი შვილის, სულხან მოლაშვილის წამების, არაადამიანური მოპყრობისა და სიცოცხლის უფლების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით, კომისიის სხდომაზე საუბრობს.
როგორც თამაზ მოლაშვილმა განაცხადა, ამ ამბებს რამდენიმე თვის შემდეგ იგებდნენ და ოჯახმა ისიც 11 თვის შემდეგ გაიგო, რომ სულხან მოლაშვილს C ჰეპატიტი ჰქონდა.
„ეგ ჩვენ მაშინვე კი არ გავიგეთ, სულხანი იცით როგორი იყო, როდესაც აწამებდნენ, ზურგზეც [დამწვრობები], თავზეც წამოცმული მქონდაო, რომ ამბობდა, ამას ვიგებდით ერთი-ორი თვის შემდეგ. გნებავთ C ჰეპატიტის ამბავი - 11 თვე როგორ გავიდა, რომ ჩვენ გაგებაში არ ვიყავით, C ჰეპატიტი ჰქონდა თუ არა. წამების ამბავზე, მერე და მერე ისეთი ამბები გამოჰქონდათ, რომ ტირილი კი არა, ბღავილი ამიტყდებოდა ხოლმე. დედა გარდამეცვალა, მამა, ძმა, მეუღლე - ყველა ხომ უბედურებაა, მაგრამ შვილი? მტერს არ ვუსურვებ, სულ სხვა გრძნობაა. ასე გამაუბედურა მიშა სააკაშვილმა“, - განაცხადა თამაზ მოლაშვილმა.
კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი 2004 წლის აპრილში დააკავეს. მას ბრალად ედებოდა სახელმწიფოსათვის 3 მილიონი ლარის ოდენობის მატერიალური ზარალის მიყენება, საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა და უფლებამოსილების გადამეტება. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რამდენიმე ეპიზოდში ბრალდების მოხსნის შემდეგ კი სასჯელის ზომა 1 წლით შეუმსუბუქა. სულხან მოლაშვილმა საპატიმროში 4 წელი დაყო. 2008 წელს იგი პატრიარქის შუამდგომლობის საფუძველზე გათავისუფლდა. იმავე წელს მოლაშვილმა მისი წამების და ღირსების შემლახველი მოპყრობის ფაქტზე მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, რომელმაც 2014 წელს დაადასტურა, რომ მოლაშვილი იყო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი და, რომ მოლაშვილის წინააღმდეგ ევროკონვენციის 4 მუხლი დაირღვა. სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მთავრობას საქმის გამოძიება და მოლაშვილისთვის, მორალური კომპენსაციის სახით, 20 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. სულხან მოლაშვილს ღვიძლის დაავადების გამო მკურნალობდნენ საფრანგეთის ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც, 47 წლის ასაკში გარდაიცვალა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: