Digest Logo

🎥 ტანჯვის გზა: რას გვეუბნება პანიკური შეტევები და როდის მივმართოთ ფსიქოთერაპიას? - სოსო დოლიძის საინტერესო რეკომენდაციები

1791452496
სოსო დოლიძე

სოსო დოლიძე არის ქართველი კლინიკური ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი და ასოცირებული პროფესორი, რომელიც აქტიურად ეწევა კერძო პრაქტიკულ და აკადემიურ საქმიანობას. იგი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილია საჯარო ლექციებით, სემინარებითა და პოდკასტებში მონაწილეობით, სადაც ხშირად განიხილავს ფსიქოანალიზის, ნარცისიზმის, მედიტაციისა და თანამედროვე მენტალური გამოწვევების თემებს.

ამჯერად იგი „ჯაფარას პოდკასტის“ სტუმარი იყო, სადაც მან პანიკურ შეტევებსა და ფსიქოთერაპიის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„რატომ ცხოვრობს ადამიანი? ფსიქიკა, გონება და ცნობიერება უნდა იკვლიოს, მარტო ჭამა-სმა ხომ არ არის? ძალიან საინტერესოა, რა ხდება ბნელ ოთახში. 

მეტ-ნაკლებად, შეიძლება ვიღაცამ თქვას: „ბნელ ოთახში ისედაც მიმოგზაურია“, „ცხოვრებაში გამომივლია ისეთი რამე, ფსკერზე დამიკაკუნებია“.

კი, მაგრამ ტანჯვა და მოგზაურობა მაინც სხვადასხვა რამეა, შეიძლება ერთმანეთსაც კვეთდეს.

თერაპია რა არის ტანჯვის დროს? შეგვიძლია ორი შედარება გავაკეთოთ: 

ერთი არის - სიზიფეს შრომა, როცა ადამიანი ლოდს მიათრევს, ტანჯვა არასდროს სრულდება.

მეორე - ფერიცვალება, აღდგომა, ტანჯვის შემდეგ ადამიანი ფერს იცვლის, ამიტომაც მაგ ტანჯვას საზრისი ყოველთვის აქვს, მნიშვნელოვანია ჩვენ რა საზრისს ჩავდებთ და დავიჭერთ თუ არა ამ საზრისს. 

რას ემსახურება თერაპია? ადამიანმა იკვლიოს საკუთარი თავი, თუნდაც იუნგის ტერმინით, ჯოჯოხეთშიც ჩავიდეს, ოღონდ უსაფრთხო გარემოში, სადაც არ განადგურდება, ამაში თერაპევტი უწყობს ხელს. 

რას გვეუბნება პანიკური შეტევები? 

პანიკური შეტევები და შფოთვითი აშლილობა ითვლება 21-ე საუკუნის ეპიდემიად. ირგვლივ ძალიან ბევრ ადამიანს აქვს. 

სიმპტომი რაღაცას ემსახურება, რაღაცას გვეუბნება, რაღაცას ისეთს, რასაც ადრე ყურადღებას არ ვაქცევდით. ცხოვრება ცხოვრებაა, მასწავლებელია, მაგრამ ჩვენ ვუსმენთ თუ არა მაგაშია საქმე. პიროვნების ერთ ასპექტს „მეს“ ყურადღებას არ ვაქცევთ, არადა შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი იყოს, ძალიანაც თუ არ მივაქცევთ ყურადღებას, შესაძლოა გამოვლინდეს და თავი შეგვახსენოს ფიზიკური დაავადების ფორმით, პანიკური აშლილობის ფორმით, ღამის კოშმარებით და ამას უნდა მოვუსმინოთ, არამხოლოდ საიდან მოდის, არამედ სად მიდის და რა მინიშნებებს გვაძლევს. 

ერთის მხრივ, შფოთვითი აშლილობა ფსიქოპათოლოგიური თვალსაზრისით, არ ითვლება ძალიან დიდ კატასტროფად, ეს არ არის განუკურნებელი, ახასიათებს რეციდივები სხვადასხვა დროს, მაგრამ პანიკით ადამიანი არ მომკვდარა. სიმპტომი ისეთი მძაფრი აქვს, ბევრ ფსიქიკურ აშლილობაზე უარესია. როდესაც ადამიანი პანიკაშია, მისთვის ცხოვრება მართლა დასრულებულია. 

პანიკური აშლილობა შეიძლება შევადაროთ მადუღარას, სადაც წყალი ადის, ჩამოდის დუღილის დროს. პანიკური შეტევაა, როცა წყალი ზემოდან გადმოდის. როდესაც ჩვენი ფსიქიკა რაღაცას ვეღარ იტევს დროის რაღაც მონაკვეთში. 

როდის მივმართოთ ფსიქოთერაპიას?

ყველა ადამიანს არ სჭირდება ფსიქოთერაპია, მაგრამ არავის აწყენს. ცუდ თერაპევტთან მისვლას ჯობს საერთოდ არ მივიდეს, ამიტომ მრავალფაქტორულია. 

ხანდახან ადამიანი მიდის თერაპიაზე, აქვს რაღაც ტიპის სიმპტომი, რომელიც ქრება, მაგრამ სიარულს მაინც აგრძელებს. 

თერაპია შეიძლება იყოს ადგილი ჩვენი ფსიქიკის კვლევის“, - ამბობს სოსო დოლიძე. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 პოპულარობა ადრეულ ასაკში - რა გავლენას ახდენს მოზარდზე მუდმივი ყურადღება, მოწონებები და კომენტარები

🎥 რა კავშირშია კვება მხედველობასთან - როგორ შევინარჩუნოთ კარგი მხედველობა

🎥 როგორ დავიცვათ საკუთარი სახელი და რეპუტაცია ცილისწამებისა და ცრუ ინფორმაციისგან?

✕