
2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველ სესიას ერთი დაგვიანებული ჰყავს. თბილისში, მუხიანის 175-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტი 3 წუთის დაგვიანებით მივიდა. როგორც მას ცენტრიდან გამოსულმა წარმომადგენელმა განუმარტა, გამოცდა დაწყებული, დაგვიანებულის დაშვება კი შეუძლებელი იყო.
ბიჭის მონაყოლის მიხედვით, ის ტაქსის მძღოლმა შეცდომით, გლდანის 177-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში მიიყვანა (ამას ადასტურებს EDU.ARIS,GE-ს ჟურნალისტიც, რომელიც 177-ე საჯარო სკოლაში მუშაობს). როდესაც აღმოაჩინა, რომ არასწორ მისამართზე იმყოფებოდა, მაშინვე მუხიანისკენ წავიდა, თუმცა სამი წუთით დააგვიანდა.
სხვა აბიტურიენტების გულშემატკივრებს არც ახლა დაუკლიათ მცდელობა, რომ აბიტურიენტს დახმარებოდნენ, თუმცა წესები ვერ შეიცვლება და მათი ხანგრძლივი მცდელობისა და თხოვნის მიუხედავად, ბიჭი გამოცდაზე აღარ დაუშვეს.
ცნობისთვის, დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში გაივლიან. პირველ სესიაზე რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილ 24-ვე საგამოცდო ცენტრში ერთდროულად ზუსტად 08:00 საათზე, გამოცდა კი 09:00 საათზე დაიწყება. მეორე სესიაზე განაწილებული გამოსაცდელები რეგისტრაციისათვის საგამოცდო ცენტრებში 14:00 საათზე უნდა გამოცხადნენ. გამოცდა კი 15:00 საათზე დაიწყება.
ბოლო წლების პრაქტიკა აჩვენებს, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჯერ არ დაფიქსირებულა შემთხვევა, როცა თუნდაც ერთი წუთის დაგვიანებით მისული აბიტურიენტი გამოცდაზე დაუშვიათ. წესი ყველასთვის წესია, გამონაკლისის გარეშე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ერთად შემოგვეპარა ჭაღარა“ - გვანცა დარასელიას იშვიათი გამოჩენა მეუღლესთან ერთად
⭕„გთხოვთ, ნუ გაავრცელებთ ცრუ ინფორმაციას!“ - ლიზა ჩიჩუა მიმართვას ავრცელებს
⭕🎥 კუნძულ კრეტაზე მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან
წყარო: edu.aris.ge