სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მოქალაქე, მარინე ბერიძე ბოჭორმის ქუჩაზე მომხდარ აფეთქებას ეხმაურება და წერს, რომ უბედურ შემთხვევას მისი მეზობელი ემსხვერპლა.
„გუშინ, იმ ავბედითი აფეთქებისას, გარდაიცვალა იქ სრულიად შემთხვევით მყოფი ჩვენი მეზობელი, ჩვენი მეგობრების შვილი და ჩვენი შვილების მეგობარი, ახალგაზრდა კაცი, სამი შვილის მამა, ლევან ჯეირანაშვილი. 90-იანი წლები ერთმანეთს გადავატანინეთ, ერთად ვზიდეთ პირადი და საზოგადო ტვირთი. Შვილებს ერთმანეთი შევაყვარეთ.
ერთ სკოლაში სწავლობდნენ. დილით ერთ „ნივაში“ ქაფშიებივით ეწყობოდა 9 ბავშვი. ერთ რამედ ღირდა მერე სკოლის ეზოში ამათი იმ „ნივიდან“ ჩამოცლა: ჯერ ყველაზე პატარა თეკლა, მერე მიყოლებით: დედუნი, ელისო, ირაკლი, ბაისო, ილია, ნინო, ლევანი. ლევანი ყველაზე უფროსი იყო. დღეს მზე ასე დაბნელდა 90-იანების მე-18 კორპუსელებისთვის.
ნანა, გურამ, თქვენთან ერთად დავტირით ჩვენს ღიმილის ბიჭს.
ნათელი დაუმკვიდროს უფალმა!“ - წერს სოციალურ ქსელში მარინე ბერიძე.
სასროლეთში აფეთქების შედეგად კიდევ ერთი დაღუპული პოლკოვნიკი იური ლომიძეა, რომელიც ამავე დაწესებულების თანამშრომელი იყო.
დაღუპულებს შორის არის შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი შენობის ნულ სართულზე გაჩნდა. მაშველებმა შემთხვევის ადგილიდან ოთხი ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს, მაგრამ ოთხიდან ერთი კლინიკაში შეყვანისთანავე გარდაიცვალა.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო.
მომხდარის რა ვერსიაზე მუშაობენ სამართალდამცველები ჯერჯერობით უცნობია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: