Digest Logo

„წარსულში უფრო მეტად აფასებდნენ აღზრდას... ამას სერიოზულად არ ვუდგებით არც ოჯახში, არც სკოლაში“ - რას ამბობს შალვა ამონაშვილი

1765444796
შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი ერთ-ერთი დაფასებული ადამიანია ბავშვთა განათლებისა და აღზრდის სფეროში, რომლის ლექციებს უამრავი პედაგოგი და მშობელი მუდამ ინტერესით ელის.

იგი გადაცემაში „თავგადასავალი“ ბავშვის აღზრდის მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ აღზრდა არის საზოგადოების განვითარების ფუნდამენტური ცნება, რასაც წინაპრები უფრო მეტ ყურადღებას აქცევდნენ, ვიდრე დღევანდელი თაობა:

„ადამიანი არ იბადება აგრესიული განზრახვებით, მიდრეკილებებით. არც ცხოველი იბადება, ცხოველი იმას აკეთებს, რაც უნდა აკეთოს. ამას მერე იძენს, საზოგადოებაში როცა უყურებს, როცა აღზრდაში რაღაც დააკლდა, აი, მაშინ ამოიზრდება როგორც სარეველა, უკეთური მიდრეკილება: ბოროტება, სიძულვილი, დაცინვა და ბევრი ასეთი არაკეთილი ქცევა.

მე ამას, როგორც პედაგოგი, პირველ რიგში ვაბრალებ აღზრდას. ჩვენ აღზრდას სერიოზულად არ ვუდგებით არც ოჯახში, არც სკოლაში. სკოლაში საერთოდ გამოვრიცხოთ აღზრდა, იქ შეიძლება უთხრან ჭკვიანად იყავი, წესიერად მოიქეცი, მაგრამ ეს აღზრდას არ ნიშნავს. 

ოჯახში გაუთავებელი დარიგებებია: არ წახვიდე, არ მოხვიდე, ნუ იქცევი ასე, დაჯექი, ისწავლე. 

აღზრდა აღარ არის, გაქრა. აღზრდა არის საზოგადოების განვითარების ფუნდამენტური ცნება. წარსულში უფრო მეტად აფასებდნენ აღზრდას ჩვენი წინაპრები. დედაჩემიც კი. ძალიან იყო დაყარაულებული იმაზე, რომ მე რამე ცუდი არ მექნა, გულში არ ჩამედო, უხიაგი ჩვევა არ გამომჩენოდა. ბებიაც ასე იყო, მზრდიდნენ ისე, როგორც მათი შეხედულებით უნდა გავეზარდე. ბევრი რაღაც მომცეს, რის გამოც მადლობელი ვარ, მაგრამ ახლანდელი ბავშვები რას იღებენ? დაიპყრეს ეს შენი ბავშვები პლანშეტებმა, საყურებლებმა, სასიამოვნო, გასართობმა რაღაცებმა. ეს ყველაფერი კი აღზრდისთვის არ არის მოგონილი. 

დედ-მამამ უნდა თქვას, რომ ეს არის ჩემი თავი და ბოლო, რომ ღირსეული შვილები გავუზარდო ქვეყანას,  რომ ჩემი შვილების ვიღაცას არ ეშინოდეს, ქუჩაში გავლის, კოლეგა ვარო არ ეშინოდეს, რომ გამყიდისო. ეს თითქოს ყველამ იცის, მაგრამ არავინ აკეთებს. დააბრალებს ყველაფერს, დრო არ მაქვს, ვერ ვიცვლი, ბავშვი ასეთია, არ გამომადგა.

ბავშვი კი არ გამოგადგა, ჩვენ არ გამოვადექით ბავშვს. ეს დიდებმა კარგად უნდა იცოდნენ. თუ ბავშვი ამ გზა ასცდა კიდეც მოკლავს, ცუდადაც მოიქცევა და ბევრ ისეთ რამეს ჩაიდენს, რაც ყველას აგვაფორიაქებს“, - ამბობს შალვა ამონაშვილი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„თუ არ გცალია, რატომ გააჩენინე ქალს ბავშვი? თუ იგი უმამოდ უნდა გაზრდილიყო რატომ აკეთებდი? მამა უნდა იყოს ცელქი!“ - შალვა ამონაშვილის ინტერვიუ

🎥 „ეგეთი უვარგისი ხარ, რომ ერთი ვიღაც ვერ იშოვე შენს გვერდზე? ან რა არის ეს, შვილი არ უნდა გყავდეს?“ - თამარ გაგოშიძე უშვილო და გაუთხოვარი ქალების სტიგმაზე

🎥 როგორ მორთო შორენა ბეგაშვილმა ბინა და ნაძვის ხე - მოდელის საახალწლო განწყობა