Digest Logo

ცისანა სეფიაშვილი: მენანება ძილში დროის დაკარგვა

1783967148
ცისანა სეფიაშვილი

ყველასთვის საყვარელი მომღერალი ცისანა სეფიაშვილი ასაკს არასოდეს მალავს, არაჩვეულებრივად გამოიყურება და მიიჩნევს, რომ ეს მისი ხასიათის დამსახურებაა. უხარია სხვისი წარმატება, ხარობს სხვისი ბედნიერებით და ცხოვრების ის გზა, რომელიც მარტივი გასავლელი სულაც არ იყო, უკან მოიტოვა.

ამჯერად იგი ჟურნალ „თბილისელებთან“ ზაფხულის სამზადისსა და ოჯახზე საუბრობს:

„განსაკუთრებულად ვემზადები ზაფხულისთვის მეთქი, ვერ ვიტყვი. დიეტა ცხოვრებაში არ დამჭირვებია და ამიტომ, დასვენების სეზონისთვის ფორმაში მოვიდე მეთქი, ამაზე ფიქრი არ დამჭირვებია. რაც შეეხება გარდერობის განახლებას, ეს ყოველთვის მიყვარს, ყველა სეზონზე. რასაკვირველია, ახალ საცურაო კოსტიუმს ვიძენ და ზაფხულისთვის ახალ ლუქებს. არ მაქვს დაგეგმილი, სად და როდის წავალ, ამიტომ ყველაფერი უნდა მქონდეს, რომ უცებ ჩავალაგო ჩემოდანი, ჩავჯდე მანქანაში და წავიდე სამოგზაუროდ. მე არ ვარ ტიპი, რომელიც ხუთი-ექვსი თვით ადრე გეგმავს, ამ რიცხვიდან იმ რიცხვამდე სად გაფრინდება. შეიძლება, ორი კვირით ადრე დავგეგმო მოგზაურობა, ან ვიფიქრო, მინდა-მეთქი და უცებ გადავწყვიტო წასვლა. ზოგადად, არაპროგნოზირებადი ხასიათი მაქვს. უცბად ვიტყვი: მოდი, ახლა ზღვაზე წავიდეთ მეთქი და ორ წუთში ვალაგებ ჩემოდანს და მზად ვარ წასასვლელად. მოკლედ, მომზადებისთვის მეტი დრო არ მჭირდება, ყოველთვის მზად ვარ – გინდა, ზღვაზე მივდიოდე და გინდა, მთაში. ეს პრობლემა არ მაქვს, მოულოდნელი მგზავრობისთვის ყოველთვის მომზადებული ვარ. სხვათა შორის, ერთი პერიოდი, მუდმივად მქონდა მანქანაში უცხოეთის პასპორტი, სულ თან ვატარებდი, არ ვიცოდი, უცებ რა მოხდებოდა ჩემს თავს და ფსიქოლოგიურად მზად ვიყავი (იცინის).

ორივე მიყვარს, მთაში დასვენებაც და ზღვაზეც. რუჯი რომ მიყვარს, ეს ყველამ იცის და იყო პერიოდი, ზამთარ-ზაფხულ სულ გარუჯული ვიყავი. ახლა კი, ცოტა შევამცირე და ვცდილობ, სოლარიუმშიც და მზეზეც ცოტა ხანს ვიყო. სხვათა შორის, ამ სეზონზე სულ მქონდა ბუნებრივი რუჯი. ახლა კი, როცა მე მცალია, მზე არ არის, როცა მზეა, მე არ მცალია და რაღაცნაირად, ვერ დავემთხვიეთ მე და ამინდი (იცინის). ზოგადად, მე ზღვასთან ჩემი ურთიერთობა მაქვს: როცა ჩავდივარ, სანამ ამოვბარგდები, გავდივარ სანაპიროზე, ჩამოვჯდები და ვესაუბრები. ვუყვები ამბებს, ვესიყვარულები და აუცილებლად, პირველი შეცურვა არის ზღვასთან მოფერება და საუბარი. ზღვის ხმა, სურნელი და ენერგეტიკა ძალიან მიყვარს. არ არსებობს, ისე წამოვიდე, რომ ისევ არ ჩამოვჯდე სანაპიროზე და არ დავემშვიდობო. მიუხედავად იმისა, რომ სიღრმის შიში მაქვს და შორს ვერ შევცურავ, მაინც ძალიან მიყვარს. არ მხიბლავს სიღრმეში ჩასვლა და თევზების ხილვით ტკბობა, ეს ჩემი არ არის. თუმცა, კიდევ ვამბობ, ზღვის სიახლოვეს, ნაპირზე ჯდომა, მზის ჩასვლის ყურება და ჰორიზონტის ხილვა, უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. მოკლედ, მე ჩემი „ამბავი“ მაქვს ზღვასთან, მის ხმასთან და ტალღებთან. მზე როგორ ჩადის, იმის მიხედვით ვხვდები, როგორი ამინდი იქნება ხვალ. თუ სუფთად ჩავიდა და კამკამად დაიხრჩო მზემ თავი ზღვაში, ესე იგი, კარგი ამინდი იქნება. მაგრამ, თუ მზე ღრუბლების თანხლებით ჩადის ზღვაში, ესე იგი, მეორე დღეს წვიმა გარდაუვალია. რაც შეეხება მთას, იქ დასვენებაც ძალიან მიყვარს. ზოგადად, ძალიან მიყვარს ბუნებასთან ახლოს ყოფნა. მთაში სულ სხვა ენერგეტიკაა, სხვა სიჩუმის ხმითა და ჩიტების ჭიკჭიკით, ყვავილების სურნელითა და ხეების რხევით. ყველაფერს ვაკვირდები, ყველა ხმას ვისმენ და მენატრება ციცინათელები. ჩემი ოცნებაა, ისევ ვნახო ციცინათელები, რომლებიც წლებია, აღარ ჩანს. ჩემი მეუღლე რაჭველია და სულ ვეხვეწებოდი „რაჭა, ჩემო სიყვარულოში“ წამიყვანე-მეთქი (იცინის). ოთხი წლის წინ პირველად ჩავედი და ნამდვილ ზღაპარში ამოვყავი თავი. იმდენად სასწაულ ადგილას მოვხვდი, სუნთქვა მიჭირდა. საოცარი ბუნება და კლიმატია, არნახული შთაბეჭდილება დამიტოვა რაჭის ხილვამ. ვაფასებ სილამაზეს და ისეთი სხვადასხვა ფერების პალიტრა დამხვდა, ასე მეგონა, სხვადასხვა ნახატი პეიზაჟი იშლებოდა ჩემ თვალწინ და სულ სხვადასხვა ფერები ჩნდებოდა. ნამდვილი ზღაპარია. ჩემთვის იქ ჩასვლა იყო სასწაულის აღმოჩენა. დავდიოდი და ფილმ „რაჭა, ჩემო სიყვარულოს“ მელოდიები თან დამდევდა. რომანტიკული და ლამაზი ადგილია, დიდი სიამოვნებით ვესტუმრებოდი ისევ და ფეხით მოვივლიდი ყველა კუთხე-კუნჭულს. სხვათა შორის, სვანეთსა და თუშეთში არ ვარ ნამყოფი და ამ ორ ადგილსაც აუცილებლად ვესტუმრები.

ჯერ გადაღებები მაქვს, ივლისის ბოლომდე ვმუშაობ. თუმცა, რაღაცები უკვე დაგეგმილია, მაგალითად, გასვლითი კონცერტები ბათუმში. მე და ჩემს მეუღლესაც გვაქვს დაგეგმილი სად გვინდა წასვლა, თუმცა ხვალ რა შეიცვლება, არავინ იცის. ისე კი, ჯერჯერობით ზღვაზე დასვენება გვინდა, ბათუმში. მიყვარს ამ ქოთქოთა ქალაქის ხმაურში დასვენებაც და შეკვეთილისა და კვარიათის მშვიდ ბუნებასა და ჟანგბადში ყოფნაც. ბოლო წლებია, მეუღლესთან ერთად მიყვარს დასვენება, რადგან მასთან ერთად დასვენება მოიცავს ყველაფერს ერთად. როცა მოგზაურობისას მასთან ერთად ვარ, არ მაქვს განცდა, რომ რაღაც მაკლია. მის გვერდით ყოფნა ყველაფერს მივსებს, ძალიან კომფორტულია. თუმცა, მასთან ერთად და ჩემს მეგობრებთან და შვილებთან ერთად დასვენებაც ძალიან მიყვარს. ზოგადად, იმდენად მიყვარს მოგზაურობა, ევროპა იქნება ეს, შავი ზღვა თუ მთა, ძილისთვის დროის დაკარგვა მენანება და სულ გამოუძინებელი ვარ. ხშირად დავმჯდარვარ ღამით ზღვის ნაპირას და მისაუბრია“, - ჰყვება ცისანა სეფიაშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 14 ივლისის ახალმთვარეობა: ჰეკატეს სიმბოლიზმი და ახალი ციკლის დასაწყისი ქეთი ოდიშელის ასტროპროგნოზი

⭕ „საოცარი ქალი ხარ“ - რუსა ჩაჩუას ორიგინალური ლუქი და გამომწერების კომპლიმენტები

⭕ 14 ივლისი - ახალი მთვარე კირჩხიბში: ემოციური განახლება და საკუთარ ჭეშმარიტ არსთან დაბრუნება

წყარო: tbiliselebi.ge