
რატომ დაიჯერა ადამიანმა ცხოვრების სინამდვილე და რატომ დაუშვა ღმერთმა, რომ ეს დაეჯერებინა ადამიანს? - ამ თემაზე დიდი დიღმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) სოციალურ ქსელში წერს:
„...რატომ ეუბნება ღმერთი ადამსა და ევას: მოკვდებითო?! იმიტომ რომ მოსწყდებოდნენ სისავსეს, ასეთ დროს კი ცოტა ხანს ინერციით მიდიხარ, მაგრამ მერე ჩერდები. კვდები. ამიტომაა, რომ იმ წამიდან შემოვიდა ადამიანში სიკვდილი, რა წამსაც ეს დაიწყო. აკრძალული ნაყოფი იგემა თუ არა, შფოთმა მოიცვა ადამი, მაგრამ სამოთხის ხსოვნა, განცდა ხომ დარჩა?! უხეშად რომ ვთქვათ, ეს ხსოვნაა ადამიანის საწვავი. სამოთხე გულში გვაქვს, უბრალოდ, კარი დაიკეტა: რაც ჩაირთო ცოდვით დაცემის შემდეგ – სწორედ ამან გადაკეტა გზა სამოთხისკენ. ანუ მე კი ვიცი, რა არის სამოთხე და გულში ვატარებ მის ხსოვნას, მაგრამ ვერ ვაღწევ, მეშინია, ვშფოთავ და რა ვქნა?!
დაზიანებული თვითმფრინავი, სანამ ავარიულად დაჯდება, ხომ, წრეებს არტყამს საწვავისგან დასაცლელად, რომ არ აფეთქდეს და მხოლოდ ამის შემდეგ ჯდება?! რისკენ მიდის ეს წუთისოფელი? გაუქმებისკენ! წუთისოფლის მცდელობაა, რაღაც ისეთს მივაღწიოთ, რაზეც ვოცნებობდით, მაგრამ, აბა, დააკვირდი, ბავშვობიდან რაზეც ოცნებობდი, დღეს შეგისრულდა?! ყველა მცდელობის მიზანი უკეთესი მდგომარეობის მიღწევაა, მაგრამ ასე რომ არ გამოდის?! ამდენი ტექნიკა იმისთვის განვავითარეთ, რომ ატომური აფეთქების საშიშროება იყოს?!
ეს გვინდოდა?! საბოლოოდ, ეს ყველაფერი მაინც გაუქმდება, მაგრამ მაშინ რატომ დაუშვა განგებამ?!
ჯერ ერთი, მარადისობაში დრო არ არის – ღმერთისთვის ერთი დღე ათასი წელია, ეს ჩვენ ვზომავთ დროს, ეს შენ განიცადე ეს ათასობით წელი. ვიბადებით, არც ვფიქრობთ არაფერზე, გვგონია, რომ ბედნიერი ბავშვობა გვაქვს, მერე ცხოვრების ნაწილი ძილში გვეკარგება, ნაწილი – სამსახურში და ბოლოს, მაინც იტანჯება ადამიანი, სვამს კითხვას: რისთვის ვიცხოვრე?! ზოგი ამ კითხვასაც კი არ სვამს. მაგრამ როგორ დაიტანჯები, როდესაც დრო არ არსებობს?!
ეს ცხოვრება რაღაც მცირე მონაკვეთია – იმიტომაც ჰქვია წუთისოფელი, დროებით დაბინდული ადგილი. განგებას რომ არ მიეშვა თავის ნებაზე, ადამიანი წუთისოფლის, თავისი მონდომების უარყოფამდე ვერ მივიდოდა. მამაც იმიტომ უშვებს უძღებ შვილს, არ ეუბნება, ნუ წახვალ, უჩემოდ რა გეშველებაო, იცის, რომ უკან უფრო ამაღლებული დაბრუნდებოდა, როგორც კი მამისგან წაღებულ ენერგიას ამოწვავდა.
შვილმა კი არ იცის, რომ კვების ბლოკს მოსწყდა, ამიტომ ინერციით ჭამა, სვა, მეგობრებთან გაერთო, მაგრამ ბოლოს მეჩეჩზე შეჯდა – ღორების საჭმელი ენატრებოდაო და აი, ამის შემდეგ მოდის გონს. ეს ორი ძე: უფროსი და უმცროსი შვილი, ერთი და იმავე ადამის ორი მდგომარეობაა. უფროსი ძეა პირველი ადამი, როგორი იქნებოდა, თუკი სამოთხეში დარჩებოდა (და ჩვენ ვხედავთ, რომ უფროსი შვილი, მამას არ მოშორებია, მაგრამ გაბოროტებულია), ხოლო მეორე ძე არის ის ადამი, რომელმაც დატოვა სამოთხე, შესცოდა და ბოლოს, ის მეორე ადამი მთელი ამ შეცდომების შემდეგ ბრუნდება გონს მოსული. ანუ ათასჯერ უფრო მაღალ მდგომარეობაშია, ვიდრე ის ძმა, ვინც არ გასულა მამის სახლიდან.
აი, ასეთი განსხვავება იქნებოდა ორ ადამს შორის: სიყვარული რომ შეიცნო და მამა შეგიყვარდეს, უნდა დაშორდე მას. როდესაც სინათლის ქვეშ ხარ და არასდროს გინახავს, როგორია სინათლის ნაკლებობა, არ გიყვარს სინათლე. მამას რომ არ გაეშვა უმცროსი ძე, ხინჯად დარჩებოდა შვილს გულში, ამიტომაც გაუშვა, მაგრამ უკან დაუბრუნდა არა, როგორც მონა, არამედ, როგორც გამცნობიერებელი. მიხვდა. აი, რატომ დაუშვა ღმერთმა, რომ ადამიანს შეექმნა წუთისოფელი...“,- წერს სასულიერო პირი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 ბაბი კირკიტაძის „ფრენა“ ანრი ჯოხაძის კონცერტზე და აღფრთოვანებული მაყურებელი - კადრები კონცერტიდან