Digest Logo

ცნობილი ადამიანები, რომლებიც 2024 წელს გარდაიცვალნენ და წარუშლელი კვალი დატოვეს საზოგადოებაში

1735495800
2024 წელს გარდაცვლილები

ყოველ წელს ახლავს დანაკლისი, თუმცა, ყველაზე მძიმე, რასაკვირველია, ადამიანური დანაკარგია. გამონაკლისი არც 2024 წელი ყოფილა. წლის მიწურულს, დროა, იმ ცნობილი ადამიანების სახელებს გადავავლოთ თვალი, რომლებიც გასული 12 თვის განმავლობაში გარდაიცვალნენ, რომელთა შორის მსოფლიოში არაერთი ცნობილი ხელოვანი, სპორტსმენი თუ სხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული ადამიანია.

1.  დავით ბერეკაშვილი - საერთაშორისო კლასის დამსახურებული ქართველი არბიტრი, დავით ბერეკაშვილი  50 წლის ასაკში, პირველ იანვარს გარდაიცვალა.

საერთაშორისო კლასის დამსახურებული ქართველი არბიტრი ათწლეულების მანძილზე ერთგულად ემსახურებოდა ქართულ კალათბურთს.

2.  კაკული გურიელაშვილი - ცნობილი მომღერალი 5 იანვარს, 59 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მომღერალი როგორც ისრაელში, ასევე საქართველოში ცნობილი შემსრულებელი იყო. იგი სცენაზე 50 წლის განმავლობაში იდგა - მისი ხმა და შესრულება მსმენელს დიდხანს გაჰყვება და ემახსოვრება.

3. ალეკო დათებაშვილი -  ქართული ტელევიზიის და კინოს მემატიანე 5 იანვარს გარდაიცვალა. 

„უკეთილშობილესი და უთბილესი პიროვნება, შესანიშნავი და ერთგული მეგობარი, უმაღლესი დონის პროფესიონალი, ქართული ტელევიზიის და კინოს ნომერ პირველი მოამაგე და მემატიანე…

მისი სახელი იცის ყველამ, ვისაც ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში შეხება ჰქონდა ქართულ კინოსთან და ტელევიზიასთან…“, - წერდა ზაზა შენგელია.

4.  იოანე სიჭინავა - ბათუმისა და ლაზეთის მღვდელმსახური, რომელიც 7 შვილის მამა იყო, 10 იანვარს გარდაიცვალა. 

მამა იოანე გამოირჩეოდა კეთილ-კრძალულობით, უბრალოებით და მოყვასისადმი სიყვარულით და თავდადებით.

5. შოთა მე­ლა­ძე - რუსეთში მოღვაწე ქართველი  მომღერლის, ვა­ლე­რი მე­ლა­ძის მამა 20 იანვარს გარდაიცვალა. 

მე­ლა­ძე­ე­ბის მამა მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. აღ­მოჩ­ნდა, რომ შოთა მე­ლა­ძის მდგო­მა­რე­ო­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­და­ტა­ნის შემ­დეგ დამ­ძიმ­და.

 6. რამაზ გოგობერიშვილი - ვეტერანი კალათბურთელი, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი 51 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

ლეგენდარული სპორტსმენი, რომელიც 21 იანვარს გარდაიცვალა, საქართველოს სამგზის ჩემპიონი იყო.

7. ნიკოლოზ ღლონტი - თბილისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის (ანჩისხატის) ტაძრის ყოფილი მღვდელმსახური, არქიმანდრიტი ნიკოლოზი (ღლონტი) 23 იანვარს გარდაიცვალა. 

8. ვახტანგ გაჩეჩილაძე - ყველასათვის საყვარელი ექიმი, ვახტანგ გაჩეჩილაძე 1 თებერვალს გარდაიცვალა. 

„ის იყო უდიდესი პროფესიონალი, გამორჩეული გულისხმიერებითა და ადამიანობით“, - წერდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია. 

9. ლევონ სარქისოვი - საქართველოს უხუცესი მთამსვლელი 3 თებერვალს გარდაიცვალა. 

ლევ (ლევონ) სარქისოვს ნა­ხე­ვარ სა­უ­კუ­ნე­ზე მე­ტი მთა­ში აქვს გატარებული და პრაქ­ტი­კუ­ლად, მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მწვერ­ვა­ლი აქვს და­ლაშ­ქ­რუ­ლი, ზო­გი­ერ­თი რამ­დენ­ჯერ­მეც: უშ­ბას სამ­ხ­რეთ და ჩრდი­ლო­ეთ მწვერ­ვა­ლე­ბი - 4 710 მ და 4 676 მ; ჩა­ტი­ნი - 4 318 მ; იალ­ბუ­ზი - 5 642 მ. ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი ხუ­თი­ვე შვიდიათა­სი­ა­ნი მწვერ­ვა­ლი.

ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კი მის ალ­პი­ნის­ტურ კა­რი­ე­რა­ში დე­და­მი­წის უმაღ­ლე­სი მწვერ­ვა­ლი, ევე­რეს­ტია (8848 მ), რო­მე­ლიც მან 1999 წელს ექ­ს­პე­დი­ცია "კავ­კა­სია-99"-ის წევ­რებ­თან ერ­თად და­იპყ­რო. ამას­თან იგი იმ დროს 60 წლის და 161 დღის იყო და რო­გორც მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე ასა­კო­ვა­ნი ევე­რეს­ტის დამ­ლაშ­ქ­რა­ვი, გი­ნე­სის რე­კორ­დე­ბის წიგ­ნ­შიც შე­ვი­და.

10. საბა კიკნაძე - „კავკასუს თრეველის” დამფუძნებელი საბა კიკნაძე 5 თებერვალს გარდაიცვალა. 

„ძალიან, ძალიან მტკივა. გამიმართლა, რომ მასთან ურთიერთობის ბედნიერება მერგო წილად და მქონდა შესაძლებლობა ყველაზე საჭირო რჩევები მიმეღო და უამრავი რამე მესწავლა მისგან. უაღრესად ნიჭიერი, საოცრად ნათელი გონების მქონე, უდიდესი პროფესიონალი… ძალიან დაგვაკლდები“, - წერდა მედეა ჯანიაშვილი.

11.  ვაჟა აზარაშვილი - ყველასთვის ცნობილი, საყვარელი კომპოზიტორი 7 თებერვალს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ვაჟა აზარაშვილი 1936 წლის 13 ივლისს თბილისში დაიბადა. მუსიკალური განათლება IV სამუსიკო სასწავლებელსა და თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში მიიღო. 1964 წელს დაამთავრა კონსერვატორიის ასპირანტურა . 1961 წლიდან ვაჟა აზარაშვილი შემოქმედებითი მოღვაწეობის პარალელურად, პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწეოდა.

12. სოსო ჯაჭვლიანი - მსა­ხი­ო­ბი და სპორ­ტსმე­ნი 8 თებერვალს, 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის მძიმე სენს ებრძოდა და თურქეთში გადიოდა მკურნალობის კურსს. 

ქართული კინოს „გედია", მსახიობი წლების განმავლობაში მძიმე დაავადებას ებრძოდა. სოსო ჯაჭვლიანი 1958 წელს მესტიაში დაიბადა. 1978 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი, ხოლო 1991 წელს შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. არის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტის რეჟისორი, საერთაშორისო კინოფესტივალების ჯილდოების მფლობელი, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი მკლავჭიდში. 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი.

13. ალექსანდრე ვახტანგოვი - რეჟისორი, სცენარისტი, ხელოვნებათმცოდნე 14 თებერვალს, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ალექსანდრე ვახტანგოვი 30 სატელევიზიო ფილმის ავტორი და რეჟისორი იყო, ასევე, 300-ზე მეტი ტელეგადაცემისა და ვიდეოკლიპის ავტორი, რეჟისორი და პროდიუსერი. ჰქონდა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის წოდება. იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი.

14. თეა ლობჟანიძე - განათლების სპეციალისტი და საბავშვო მწერალი 15 თებერვალს გარდაიცვალა.

მწერალი მძიმე სენს ებრძოდა.

15. ხათუნა კოტრიკაძე -  საყვარელი მსახიობი, ქართული კინოს მშვენება 15 თებერვალს, 68 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

მან პოპულარობა ეკა ბერიძის როლით ფილმში „მხიარული რომანი” მოიპოვა. მონაწილეობდა ფილმებში - „მოიტაცეს თამარ ქალი”, „მეთხუთმეტე ზაფხული”.

16. ლევან თედიაშვილი - ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ,  75 წლის ასაკში ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე 17 თებერვალს გარდაიცვალა.

1971, 1973 და 1974 წლებში დასახელდა საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად. 2003 წელს ლევან თედიაშვილს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. 2005 წლიდან ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ (FILA) გამოაცხადა ყველა დროის დიდების დარბაზის წევრად.

ლევან თედიაშვილმა ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა 1987 წელს გამოსულ რეჟისორ გიორგი შენგელაიას ფილმში „ხარება და გოგია“.

17. ლამარა ჭყონია - საოპერო მომღერალი  15 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

ლამარა ჭყონია 1956-1960 წლებში, ხოლო შემდეგ 1968 წლიდან იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. 1960-1968 წლებში იყო კიევის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. შესრულებული აქვს: მარო, ეთერი (ზ. ფალიაშვილის „დაისი“, „აბესალომ და ეთერი“), ტატიანა, იოლანტა (პ. ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“, „იოლანტა“), ჩიო–ჩიო–სანი (პუჩინის „ჩიო–ჩიო–სანი“, ტოკიოს საერთაშორისო კონკურსის II პრემია ამ პარტიის შესრულებისთვის, 1967), ვიოლეტა (ვერდის „ტრავიატა“).

ლამარა ჭყონია ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობასაც. 1987-1991 წლებში იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი.

ლამარა ჭყონია იყო გლინკას სახელობის კონკურსის (1960), პრაღის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსის (1960), სოფიის საერთაშორისო კონკურსის III პრემიისა და ტოკიოს საერთაშორისო კონკურსის II პრემიის (1967) ლაურეატი. მიღებული აქვს თამარ მეფის ორდენი (2011), ასევე ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი (2011).

18. ენდი ნემსიწვერიძე - ქუთაისის მე-7 სკოლის ყოფილი დირექტორი, პოეტი საკუთარ დაბადების დღეზე გულის შეტევით,  57 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

19. ირაკლი სუთიძე - ცნობილი ქართველი მხატვარი  69 წლის ასაკში, 19 აპრილს გარდაიცვალა. 

ირაკლი სუთიძემ 1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია , სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის დაზგური გრაფიკის მიმართულებით. 1983-1986 წლებში მუშაობდა საკავშირო სამხატვრო აკადემიის ფერწერის შემოქმედებით სახელოსნოში; მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებსა და პროექტებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში (Ca Global Future, ვენა, ავსტრია, 1994; კავკასიელი მხატვრები, ლიბერალურ პროფესიათა სახლი, მონპელიე, საფრანგეთი, 1999; „შეეხე საქართველოს“, გერმანიის განვითარების ბანკი, კიოლნი, გერმანია, 2013; Mia Casa, ტოსკანა, იტალია, 2015; და სხვ.); ჰქონდა არაერთი პერსონალური გამოფენა თბილისში. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს და საზღვარგარეთის მუზეუმებსა და გალერეებში: ეროვნული მუზეუმი და ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი, თბილისი; გალერეა „ელექტრა“, საუსალიტო, აშშ; ნიკოლა სტრონახის გალერეა, ფერმოილ ლოჯი, კასტელო, ირლანდია და გერცევის გალერეა, მოსკოვი რუსეთი. აგრეთვე კერძო კოლექციებში საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ: საფრანგეთი, ბელგია, გერმანია, ჰაიტი, ნიდერლანდების სამეფო, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, თურქეთი, ესპანეთი, შვეიცარია, აშშ, იტალია, ავსტრია, კორეა, ირლანდია, აზერბაიჯანი, იაპონია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, საუდის არაბეთი.

20. რევაზ კვესელავა - ლიტერატორი და კინოსცენარისტი 21 აპრილს გარდაიცვალა. 

 მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ რედაქტორად; ლექციებს კითხულობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კინოსასცენარო განყოფილებაზე; ხანდაზმულობაში, მშობლიურ სოფელ ნახარებაოს დაუბრუნდა და იქვე აღესრულა, 2024 წლის 20 აპრილს.

ღრმა და მნიშვნელოვანია ქართულ კინემატოგრაფში, ლიტერატურულ და საზოგადოებრივ აზროვნებაში მის მიერ შეტანილი წვლილი.

21. ავთანდილ ჯორბენაძე - ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი 17 მაისს, 73 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ავთანდილ ჯორბენაძე 1993 წლის 19 ოქტომბრიდან 1999 წლის 10 დეკემბრამდე საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. 1999 წლის 10 დეკემბრიდან 2001 წლის 22 დეკემბრამდე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი იყო. 2001 წლის 22 დეკემბრიდან 2003 წლის 27 ნოემბრამდე კი სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

22. გულიკო ჩაფიძე - ცნობილი ექიმი, კარდიოლოგი, აკადემიკოსი, გულნარა ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი 20 მაისს გარდაიცვალა.

1997 წელს გადაუდებელ კარდიოლოგიის ცენტრს მიენიჭა სწორედ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, აკადემიკოს გულიკო ჩაფიძის სახელი. 1994-2014 წლებში იყო ამავე ცენტრის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის დირექტორი. 2011 წლიდან დღემდე კი ამავე ცენტრის გენერალური დირექტორი.

მიღებული ჰქონდა უამრავი ჯილდო, მათ შორის საქართველოს სახელმწიფო პრემიის, ღირსების ორდენის, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის მფლობელი იყო.

23. ტრისტან სარალიძე - ქართველი მსახიობი, ყველასათვის საყვარელი ადამიანი 27 მაისს გარდაიცვალა. იგი ბოლო წლებში მძიმე სენს ებრძოდა და მკურნალობას თურქეთის კლინიკაში გადიოდა.

ტრისტან სარალიძემ საკუთარი პიროვნულობით, გამორჩეული როლებითა და ოსტატური შესრულებით უამრავი ადამიანის გული მოიგო. 

მისი გარდაცვალება, ყველასათვის სამწუხარო და მძიმე აღმოჩნდა.

24. ნუგზარ წურწუმია - ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონი 3 ივლისს საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი ნახეს.

სპორტსმენმა თავი მოიკლა, სამწუხარო ამბავი ხობში მოხდა.

25. ლიანა ისაკაძე - მუსიკოსი, მევიოლინე 78 წლის ასაკში, 5 ივლისს გარდაიცვალა. 

მუსიკოს მიღებული ჰქონდა ჯილდოები, პრემიები და პრიზები: 2016 წელი – ბათუმის საპატიო მოქალაქე; 2016 წელი – თბილისის საპატიო მოქალაქე; 1998 წელი – ღირსების ორდენი; მუსიკალური ხელოვნების განვითარების, მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის; 1979 წელი – ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია; 1974 წელი – საქართველოს სახალხო არტისტი; 1970 წელი – სიბელიუსის სახელობის კონკურსი (ჰელსინკი), პირველი პრემია; 1970 – პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო კონკურსი, მესამე პრემია (მოსკოვი); 1965 წელი – მარგარიტ ლონგისა და ჟაკ ტიბოს სახელობის კონკურსი, პირველი პრემია (პარიზი); 1961 წელი – მუსიკოს-შემსრულებელთა საკავშირო კონკურსი, მეორე პრემია 1957 წელი – ამიერკავკასიის მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსი; 1956 წელი – რესპუბლიკის ფესტივალი, პირველი პრემია, საპატიო ნიშნის ორდენი.

26. ქეთევან კიკნაძე - ქართველი მსახიობი 9 ივლისს, 85 ასაკში გარდაიცვალა.

მსახიობი გადაღებული იყო 16-ზე მეტ მხატვრულ, სატელევიზიო ფილმსა და სერიალებში: მარიამი („შეხვედრა წარსულთან“), თინა („ტარიელ გოლუა“), ბეჩუნი პერტია („დათა თუთაშხია“), ზაზას დედა („თეთრი ბაირაღები“), მარგო („პრემიერა“), ქეთევან დედოფალი („წიგნი ფიცისა“) და სხვ. მონაწილეობდა 100-ზე მეტ სპექტაკლში.

მიღებული აქვს ჯილდოები, პრემიები და პრიზები: 2005 – ბორჯომის საპატიო მოქალაქე; 1999 – ღირსების ორდენი ქართული თეატრალური და კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის; 1991 – ჯეიმს თაუნის (აშშ) საპატიო მოქალაქე; 1987 – საქართველოს სახალხო არტისტი; 1987 – შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია; კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია; საქართველოს დამსახურებული არტისტი.

27. ხვიჩა ხოჯავა - ახალგაზრდა მომღერალი 13 ივლისს გარდაიცვალა.

„ამას ვინ წარმოიდგენდა, რომ ეს შენი ბოლო ფოტო იქნებოდა. რამდენ ადამიანს დაწყვიტე გული“, - წერდნენ სოციალურ ქსელში.

28. თენგიზ ცერცვაძე - ქართველი იმუნოლოგი, პროფესორი, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი 1 აგვისტოს,  76 წლის ასაკში გარდაიცვალა.

თენგიზ ცერცვაძე იყო ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, ნიუ იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ამერიკის ინფექციურ დაავადებათა საზოგადოების წევრი, ღირსების ორდენისა და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი. 2020 წლის 3 ოქტომბერს, COVID-19-ის პანდემიასთან მებრძოლ რვა ექიმთან ერთად თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.

29. მედეა ლორთქიფანიძე - ყველასთვის საყვარელი ქართველი მსახიობი 9 აგვისტოს, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

30. არჩილ ბადრიაშვილი - გამორჩეული ქართველი ალპინისტი მეხის დაცემის შედეგად 12 აგვისტოს დაიღუპა.

 34 წლის ალპინისტის  სამძებრო სამუშაოები რამდენიმე საათი გრძელდებოდა.

არჩილი გამორჩეული ალპინისტი იყო, რომელსაც ამ სპორტის უმაღლესი ჯილდოც კი ჰქონდა მოგებული. ბადრიაშვილი 2022 წელს 'ოქროს წერაყინის' (Piolets d’Or) გამარჯვებული გიორგი ტეფნაძესთან და ბაქარ გელაშვილთან ერთად გახდა. ქართველმა სპორტსმენებმა პრიზი პაკისტანის აქამდე დაუპყრობელ მწვერვალ სარაგარზე ასვლის გამო მიიღეს.

„ახალი გზა უშბაზე“ - ასე ჰქვია ფილმს, რომელიც 2020 წელს გამოვიდა და ქართველი მთასვლელების ისტორიას მოგვითხრობს. ამ ფილმში არჩილ ბადრიაშვილი და მისი კოლეგა გიორგი ტეფნაძე დეტალურად მოგვითხრობენ, თუ როგორ დალაშქრეს ქართველმა ალპინისტებმა კავკასიონი. 

30. თეიმურაზ ქორიძე - დიდი ჩაილურის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი 20 აგვისტოს გარდაიცვალა. 

„მამაო, ნუთუ დროებით გაგვახარე შენი გამოჯანმრთელებით?! მშვიდობით, ჩვენო გულიანო და სიყვარულის მოძღვარო...

გარდაიცვალა, მამა თეიმურაზ ქორიძე. უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი, საცა მართალნი განისვენებენ!“ - წერდა ნათია სვანიძე-ხარზიანი.

31. გიორგი კობერიძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი რომელიც მძიმე სენს ებრძოდა, 24 აგვისტოს გარდაიცვალა.

„კუზნო, წავაგეთ ეს ბრძოლა!!!

მიყვარხარ კუზნი და სანამ ცოცხალი ვარ ჩემ გულში მუდამ იქნები!! ჩემი სიყვარული კაცი ხარ შენ!! მადლობა უანგარო და უმაგრესი მეგობრობისთვის, ძმობისთვის! ამაყი ვარ, რომ შენნაირი ძმაკაცი მყავდა!!!! მადლობა შენი სიკეთისთვის!! მადლობა ყველაფრისთვის!!! უნდა მოგვეგო ეს ბრძოლა, მაგრამ წავაგეთ,  ვერ მოვერიეთ!!! შევხვდებით კუზნი როცა ამის დრო მოვა და პირადად კიდევ ერთხელ გეტყვი თუ როგორ მიყვარხარ!!!!! სიყვარული კაცი აღარ გვყავს“, - წერდა რეზი ხუციშვილი.

32. ზურა ბერიკაშვილი - მსახიობი 13 სექტემბერს, 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ბოლო თვეების განმავლობაში მძიმე დაავადებას ებრძოდა.

იგი 1990 წლიდან მარჯანიშვილის თეატრში მოღვაწეობდა.

გა­სუ­ლი წლის მი­წუ­რულს, დე­კემ­ბერ­ში, მსა­ხი­ობ ზურა ბე­რი­კაშ­ვილს მო­უ­ლოდ­ნე­ლად ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა შე­ექ­მნა - ინ­ფარ­ქტის შე­დე­გად მას გული გა­უ­ჩერ­და. ამან ტვი­ნის და­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია. პა­ცი­ენ­ტი კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და სე­რი­ო­ზუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის კურსს გა­დი­ო­და ჯერ სა­ქარ­თვე­ლო­ში და შემ­დეგ გერ­მა­ნი­ა­ში.

33. ჯორჯ როვალსი - ქართველი დიზაინერი, სტილისტი, იმიჯმეიკერი და შოუმენი 26 სექტემბერს  გარდაიცვალა. 

34. გურამ აბულაძე - არასამთავრობო ორგანიზაცია „სკა ფაუნდეიშენ საქართველოს“ თავმჯდომარე, სამოქალაქო აქტივისტი 15 ოქტომბერს გარდაიცვალა.

35. გია ხარჩილავა - წალენჯიხის მერი 2 ნოემბერს გარდაიცვალა. მას ღამე თრომბი განუვითარდა. 

გია ხარჩილავა 2006–2010 წლებში იყო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.

ხარჩილავა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში ერთადერთი წარმომადგენელი იყო ოპოზიციაში, რომელმაც არჩევნებში გაიმარჯვა და წალენჯიხის მერი გახდა.

36. ბესიკ ბუთურიშვილი - ინტელექტუალური თამაშების „რა სად?როდის?“ ერთ-ერთი გამორჩეული წევრი, გუნდის კაპიტანი, სამი შვილის მამა 15 ნოემბერს გარდაიცვალა. 

37. იოსებ გოგიჩაიშვილი - მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი 10 დეკემბერს, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

იოსებ გოგიჩაიშვილი სხვადასხვა წლებში იყო გორისა და რუსთავის თეატრების მსახიობი. 1976 წლიდან იყო მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი. გადაღებულია ფილმებში: „ერთი ცის ქვეშ“ (1961), „მე ბებია, ილიკო და ილარიონი“ (აგიტატორი, 1962), „შეხვედრა წარსულთან“ (აკია, 1966), „დათა თუთაშხია“ (ნიკიფორე ბუბუტეიშვილი, 1978), „ხსოვნა“ (1989), „თეთრი ბაირაღები“ (ზედამხედველი, 1990), „ღმერთო, რისი გულისთვის“ (უმადური, 2003) და სხვა.

38. ნიკოლოზ ყიფშიძე -  ექიმი, მეცნიერი და პოლიტიკოსი 25 დეკემბერს, 72 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გარდაცვლილი 1952 წლის 12 ოქტომბერს დაიბადა. 1975 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი.

39. ბაჩუკი ქარდავა - პოლიტიკოსი, ყოფილი პარლამენტარი 27 დეკემბერს 55 წლის ასაკში გარდაიცვალა.

„წავიდა...ზეციურ საქართველოში...ბაჩუკი ქარდავა. როგორ ვიფიქრებდი, რომ ამას მე ჩემი ხელით დავწერდი“, -  წერდა მისი მეგობარი კატო შინდაგორიძე.

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ვანდალიზმის ფაქტი თბილისში - ანჩისხატის ტაძრის ფასადს და კარს კვერცხები ესროლეს

⭕„ბედნიერი ვარ, რომ უფლის წყალობით შემიძლია ჩვენს ახალგაზრდობას, ჩვენს ბავშვებს, სრულიად საქართველოს, ჩემი შემოქმედებით მივულოცო დამდეგი 2025 წელი!“ - მანანა თოდაძე

⭕„ზოგიერთს რუსეთში ექნება ბრუნვა, ზოგიერთს ევროკავშირში და სხვა ქვეყნებში, მანდ რა პრობლემაა“ - პლატფორმა „თავისუფალი ბიზნესის“ დამფუძნებელი გიორგი ჩუგოშვილი