
სოფელ კირბალში, რომლის მიმდებარეთაც, ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე მოკლეს, უსაფრთხოების ზომები კვლავ გაძლიერებულია. ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. ოკუპირებული ტერიტორიიდან გამოყვანილია მოკლული თამაზ გინტურის მანქანა. ავტომობილს აქვს ტყვიების და სისხლის კვალი. გატაცებული ლევან დოთიაშვილი კი კვლავ ცხინვალის იზოლატორში რჩება.
ე.წ. ოქროს მოწმემ ჟურნალისტებთან დუმილი პირველად დაარღვია და პირველი კომენტარი გააკეთა. როგორც თამაზ პაპიტაშვილი ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, 6 ნოემბერს სოფლიდან 6 ადამიანი წავიდა სასაფლაოზე, რის შემდეგაც თამაზ გინტურმა და ლევან დოთიაშვილმა გადაწყვიტეს სალოცავზე გადასვლა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს. მათთან ერთად წავიდა ე.წ. ოქროს მოწმეც თამაზ პაპიტაშვილიც, თუმცა მას შემდეგ, რაც სალოცავზე ავიდნენ, პაპიტაშვილი შეუძლოდ გახდა და სოფელში დაბრუნება გადაწყვიტა.
როგორც ის აცხადებს, მას თავად სალოცავის ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალის წარმომადგენლები არ დაუნახავს. მას შემდეგ კი, რაც ის სოფელში დაბრუნდა, რამდენიმე გასროლის ხმა გაიგო.
თამაზ პაპიტაშვილი იმასაც ამბობს, რომ მკვლელობის და ლევან დოთიაშვილის უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაცია მან პოლიციისგან მოგვიანებით შეიტყო.
„6 ვიყავით, ერთი გვიან მოვიდა და ადრე წამოვიდა, დავრჩით ხუთნი. ცუდად ვიყავი. რომ გადმოვედი არავინ დამინახავს. მე წამოვედი და იმის მერე იქ რა მოხდა იცის იმ ბავშვმა, ვინც იქ დაჭერილია. გასროლის 3 ხმა გავიგე. სოფელში რომ ჩამოვედი მერე ვინ ვნახე და ვინ არა აღარ მახსოვს.
მილიცია სავსე იყო. ცოტა ხნის მერე მანქანა ჩამოაგორეს, რამდენი გადმოვიდა და რამდენი არა არ ვიცი. იქ სასწრაფო იდგა და წამოიყვანეს იმით“, - აცხადებს თამაზ პაპიტაშვილი.
მოკლულის ძმა გივი გინტური აცხადებს, რომ მას სანდო წყარომ მიაწოდა ინფორმაცია თუ ვინ მონაწილეობდა მისი ძმის მკვლელობაში. გივი გინტური დამნაშავეების დასჯას ითხოვს.
„ოჯახი ადასტურებს, სანდო წყაროსგან მოვიდა ამბავი, რომ მკვლელები არიან ლინჩენკო და დემიდოვი. მოვითხოვ დასჯას. უნდა გადმოსცენ საქართველოს ეს ორი პიროვნება და გაასამართლოს. მესამე პირი არ მინახავს. რაც ვნახე კადრებში თამაზი და ლევანი მივიდნენ, ნახეს ეკლესიის კარი აჭედილი იყო, შეაღეს, სანთელი დაანთეს, თითო ჭიქა დალიეს, მოდიოდნენ უკან. მოუწყვეს ჩასაფრება და ჩაცხრილეს. არავის უთქვამს გამაფრთხილებელი იყოო, არც იმ ვიდეოში ჩანს, რომ გამაფრთხილებელი გასროლა იყო“, - აცხადებს გივი გინტური.
ცნობისთვის, შემთხვევა 6 ნოემბერს მოხდა მაშინ, როდესაც თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი იმყოფებოდნენ ეკლესიაში ოკუპირებულ ტერიტორიაზე. როდესაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გამოჩნდნენ, მათ საქართველოს მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნეს. შედეგად მოკლულია თამაზ გინტური და 33 წლის ლევან დოთიაშვილი კი უკანონოდ არის დაკავებული, რომელიც ამ დრომდე ცხვინალის იზოლატორში რჩება.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„უბედნიერესი ვარ. მჯერა, რომ დაუვიწყარი დღე იქნება“ - ზურა ყიფშიძეს ვარსკვლავს გაუხსნიან
🔵ლინდა ადამიას საოცარი გარდასახვა - ღრმად ამოისუნთქეთ, სანამ ფოტოებს ნახავთ
წყარო: web1.rustavi2.ge