იცნობთ თუ არა თბილისის სატელევიზიო კოშკის ისტორიას კარგად?
ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი წერს:
„საქართველოში ყველაზე მაღალი ნაგებობა თბილისის სატელევიზიო კოშკია. მთელი ეს კონსტრუქცია 278 მეტრია. თუმცა, 2017 წლამდე 274.5 მეტრი იყო. ციფრული ტექნოლოგიების განვითარების გამო მას 3.5 მეტრიანი სუპერტურნიკეტული ანტენა დაემატა და სიმაღლეშიც გაიზარდა.
მდებარეობს ზღვის დონიდან 719 მეტრზე და ჩანს თბილისის ტერიტორიის დაახლოებით 80 პროცენტიდან. მსოფლიოს ტელეანძებს შორის სიმაღლით 54-55-ე ადგილზეა (ლუოიანგთან ერთად)
სატელევიზიო კოშკი წელიწად-ნახევარი შენდებოდა და 1974 წელს დასრულდა. პროექტი კიევის მეტალოკონსტრუქციის ინსტიტუტში შეიმუშავეს. ცნობილია, რომ ერთ-ერთი კონსტრუქტორი ბორის ბუტია (1940 წ.) და დროდადრო თბილისში ანძის გამო ჩამოდის კიდეც.
კიევის პროექტი საგანგებოდ შეარჩია თბილისიდან ჩასულმა მრავალმხრივმა კომისიამ.
ახალი კოშკის დადგმა საჭირო გახდა იმის გამო, რომ ძველი გაზრდილ მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებდა. ისიც მთაწმინდაზე იდგა.
აშენდა 1956 წელს და ისტორიაში პირველი ქართული სატელევიზიო მაუწყებლობაც გაეშვა. მისი სიმაღლე 186 მეტრი იყო. ახლა გორში დგას.
იყო მცირე დრო, როცა ორივე კოშკი ერთდროულადაც იდგა.
სატელევიზიო კოშკს ყველაზე მძიმე დრო 1994 წელს დაუდგა. გაჩნდა ხანძარი და მნიშვნელოვნად დააზიანა.
აღდგენას დიდი დრო და თანხა დასჭირდა. საჰაერო უსაფრთხოების გამო, კოშკი თეთრ-წითელია.
ბოლოს 2007 წელს შეიღება. გათვლილია 9-ბალიან მიწისძვრაზე. გამოყენების თავდაპირველი ვადა 50 წლით განისაზღვრა, რეკონსტრუქციის შემდეგ ეს ვადა გაიზარდა.
თბილისის სატელევიზიო კოშკი “საქართველოს ტელერადიოცენტრის" მართვაშია და პრაქტიკულად, ყველა ადგილობრივი ტელევიზია და რადიო მისი მეშვეობით მაუწყებლობს.
2024 წელს თბილისის ერთ-ერთი სიმბოლო 50 წლის გახდება“,- წერს ჩანადირი.
ასევე დაგაინტერესებთ: