ფანტაზმი ურთიერთობაში ნიშნავს ისეთ წარმოსახვით სურათს ან მოლოდინს, რომელსაც ადამიანი ქმნის პარტნიორისა და ურთიერთობის შესახებ - ხშირად რეალობასთან სრულად არ ემთხვევა.
აღნიშნულ საკითხზე „ცოდნისმოყვარე პოდკასტში“ ფსიქოლოგმა, ფსიქოანალიტიკური მიმართულების თერაპევტმა ანკო პირველმა ისაუბრა.
როგორც თავად აღნიშნავს, ფანტაზმის არსებობა ადამიანში ბუნებრივია და ამის გარეშე ყოფნა წარმოუდგენელია, თუმცა ობიექტი პროექციების ეკრანი არ უნდა გახდეს:
„ფანტაზმი არის ის არაცნობიერი სცენარი, წარმოდგენა, აღქმა მე როგორ მინდა ვიყო და როგორი იქნება ჩემი პარტნიორი. ორი ადამიანის შეხვედრა სინამდვილეში არის ორი ფანტაზმის შეხვედრა და მაგიტომ ხდება, როდესაც შემდგომ ურთიერთობაში ტკივილია, „თურმე არ ვიცნობდი“, „როგორ ვერ დავინახე, რომ ასეთი ყოფილა“.
ადამიანი რომ მეორეს შეხვდება, შემოახვევს თავის ფანტაზმს, რომ ეს არის ასეთი, ისეთი თავის გონებაში და ასცდება რეალობას და შემდეგ აღმოაჩენს, თურმე როგორი ყოფილა და აქვს დიდ იმედგაცრუებას ადგილი.
ფანტაზმის გარეშე ურთიერთობაში შესვლა არ ხდება, მაგრამ ის, რომ ფანტაზმი არსებობს, მნიშვნელოვანია და ადამიანური მომენტია. ეს უნდა არსებობდეს. თუ ფანტაზმი არ არსებობს, ვეჯახები ისეთ რეალობას, რაც აუტანელია.
ჩვენ ხომ ყოველდღე სიკვდილზე არ ვფიქრობთ?
განვიცდით, ემპათია გვაქვს, მაგრამ ყოველდღე იმ წარმოდგენაში ხომ ვერ ვართ, რომ სადღაც ომია და ადამიანები იტანჯებიან? დოზირებული რაოდენობით გვეხმარება ფსიქიკა, რომ ამაში ბოლომდე არ ჩავერთოთ. გამაშუალებელი განზომილებაა ფანტაზმი, რაც მეხმარება შევინარჩუნო ჩემი კარგად ყოფნა.
ის, რომ ფანტაზმი არსებობს, ნორმალურია, მაგრამ როდესაც მხოლოდ ურთიერთობა ხდება სავსე და პროექციებს აქვს ადგილი, რეალურად მეორე (ობიექტი) ხდება მხოლოდ პროექციების ეკრანი და ნაკლებად გვაქვს საქმე რეალობასთან, აი, აქ არის პრობლემა. ნაკლები ფანტაზმით შეიძლება ურთიერთობაში შესვლა. ის, რომ ფანტაზმის მოცემულობა გავაუქმოთ ადამიანში, არ ხდება“, - ამბობს ანკო პირველი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ჭიათურელი მეცნიერი ელენე აბაშიძე 104 წლის გახდა
⭕რატომ არის ვისცერული ცხიმი ყველაზე საშიში? - არუნ ხათრის მნიშვნელოვანი რეკომენდაციები