მომღერალი ნათია ზარანდია ახლახან სასწაულებრივად გადაურჩა ავტოსაგზაო შემთხვევას. მანქანა, რომელშიც ის იჯდა, საშინლად დაზიანდა, თუმცა საბედნიეროდ, მას და მის თანმხლებთ სერიოზული დაზიანებები არ მიუღიათ.
ნათია ზარანდია: ახალციხეში კონცერტი მქონდა გია სურამელაშვილთან ერთად, მეორე დღეს სახლში ვბრუნდებოდი. ჩემი საყვარელი ადამიანი საჭესთან იჯდა, მე – მის გვერდით, მეგობარი კი – უკან. ხაშურის გზაზე, გარკვეულ მონაკვეთში საშინელი ავტოსაგზაო შემთხვევა მოგვივიდა. ვხედავდით, რომ წინ ავტომობილი იყო გაჩერებული, რომელიც ჩვენ რომ მივუახლოვდით, ზუსტად მაშინ დაიძრა და ჩვენს ზოლში გადმოვიდა. დარტყმის თავიდან ასარიდებლად ჩემმა საყვარელმა ადამიანმა მანქანა გზიდან გადაიყვანა და ხეს შევეჯახეთ.
– სასწაულის ძალა აქამდეც გიგრძნია?
– მე არ ვარ ეკლესიური ადამიანი. არ დავდივარ წირვაზე, ლოცვებიც კი არ ვიცი და მოძღვარიც არ მყავს, მაგრამ ეკლესია გულში მაქვს. ჩემთვის ვლოცულობ და უფალთან ძალიან არაოფიციალური, ძმაკაცური ურთიერთობა მაქვს. შემიძლია, ოთახში მარტო ყოფნისას ველაპარაკო. ვეკითხები, რა უნდა გავაკეთო, ვთხოვ, სწორი გზა მაჩვენოს...
მე ვიცნობ ძალიან ბევრ ადამიანს, ვინც მარხვასაც იცავს, ტაძარშიც დადის, სანთლებს ანთებს და ლოცულობს, მაგრამ ყოველ წუთს და წამს სცოდავს. ასეთი რწმენის მე არ მჯერა. უფალი ყველგან არის, მხოლოდ ტაძარში არა, უფალი ჩვენს სულშია და მე მჯერა ამის. ღმერთმა გადამარჩინა. მან საჭიროდ ჩათვალა, რომ მე სიცოცხლე უნდა გავაგრძელო. ხელში ამიყვანა და კატასტროფიდან გამომიყვანა. როგორ შეიძლება, მე უფლის რწმენა არ მქონდეს?! სასწაულად მწამს და ამიტომაც ვცდილობ, ცუდი არ გავაკეთო, არავის არაფერი დავუშავო, ნეგატივისგან შორს ვიყო, პოზიტივი გავცე. მჯერა, რომ რასაც თესავ, იმას იმკი. ყოველთვის დადებითისკენ ვარ მომართული. ფრთიანი ანგელოზი არ ვარ, უნებლიეთ ცოდვებიც ჩამიდენია. განზრახ არა, მაგრამ შეიძლება, ცუდადაც მოვქცეულვარ, შეცდომებიც დამიშვია, ცხვირიც წამიმტვრევია და მიზეზსაც მივხვედრილვარ. უფალს არასდროს მივუტოვებივარ, საოცრად რთული მდგომარეობიდან გამოვუყვანივარ, მაგრამ 40 წლის განმავლობაში ამაზე დიდი არაფერი შემმთხვევია.
2026 წლის 15 ივნისი ჩემი მეორე დაბადების დღეა – თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ამ დღეს ხელმეორედ დავიბადე. რადგან უფალმა ცოცხალი დამტოვა, მე მეტი პასუხისმგებლობა მაქვს. კარგად იცით, როგორ მოხშირდა ავარიები და ყოველდღე რამდენი ადამიანი იღუპება. ამ საშინელ შემთხვევას გადავურჩით და არ ვიცი, მართლა რა გავაკეთეთ ცხოვრებაში ასეთი, ამხელა წყალობა რომ დავიმსახურეთ. დიდება უფალს! რაც მეტი დრო გადის, უფრო მეტად ვაცნობიერებ. იცით, რა დავინახე, თურმე, რამდენ ადამიანს ვყვარებივარ. ვფიქრობ, ისე უნდა იცხოვრო, როცა აღარ იქნები, ადრე თუ გვიან, ადამიანებს გული დასწყდეთ და შენ გამო ცრემლი წამოუვიდეთ. მე ვფიქრობ, მთავარი ეს არის. შენი ნაცნობი და ახლობელი გასაგებია, რომ განიცდის შენს ამბავს, მაგრამ მამის სულს ვფიცავ, ჩემი ტელეფონი არ გაჩერებულა, უამრავი ადამიანი მეკითხება ჩვენს ამბავს.
რა მინდა გითხრათ, დედას და ჩვენს ორ მეზობელს დაესიზმრა მამაჩემი. მამა გვაფრთხილებდა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. მე ვფიქრობ, რომ მამამ გადამარჩინა. მე დავკარგე საყვარელი ადამიანი, დავკარგე მამა, გამზრდელი ბებო, დეიდაშვილი... ვამბობ ხოლმე, რა დამამარცხებს, როცა ზეცაში ამდენი მფარველი ანგელოზი მყავს-მეთქი. მე ამის ყოველთვის მჯეროდა და ეს შემთხვევაც ამას მოწმობს. რამდენი ხანია, მამა დედას არ დასიზმრებია და ზუსტად მაგ დღეს დაესიზმრა მასაც და ჩვენს მეზობლებსაც.
მადლობა უფალს, რომ ასეთი სასწაული მოახდინა და მეორედ მაჩუქა სიცოცხლე. ჩემს თავს ვუთხარი, რომ კიდევ უფრო მეტი კარგი საქმე უნდა გავაკეთო, მეტი სიყვარული და პოზიტივი უნდა ვთესო და არასდროს არაფერზე უნდა ვიწუწუნო. ის, რაც აქამდე ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, დღეს საერთოდ არ მაღელვებს. ეს ცხოვრება მართლა წუთისოფელია. შეიძლებოდა, დღეს ცოცხალი არ ვყოფილიყავი. ძალიან ბედნიერი ვბრუნდებოდი სახლში და ყველაფერი წამებში მოხდა. იღბლიანი, ბედნიერი და მადლიანი ადამიანი ვყოფილვარ. საოცარი მადლიერების გრძნობას განვიცდი ახლა. მე რომ გადავრჩენილიყავი და ჩემს საყვარელ ადამიანს დაშავებოდა რამე სერიოზული, როგორ უნდა მეცხოვრა?! გასაგებია, უბედური შემთხვევა იყო, მაგრამ ის ხომ ჩემს კონცერტზე მოდიოდა და სინდისი ხომ მთელი ცხოვრება შემაწუხებდა, დავიტანჯებოდი და საერთოდ გადავიტანდი?! მხოლოდ იმიტომ კი არ გამიმართლა, რომ მე გადავრჩი, ჩემი საყვარელი ადამიანი რომ კარგადაა და ავარიასთან შედარებით ძალიან მინიმალურად დაზიანდა, ასევე, მეგობარიც კარგადაა, ესაა ნამდვილი სასწაული. ჩემი შეყვარებული ბოლომდე რომ გამოკეთდება, დიდი სუფრა უნდა გავშალოთ და ცხვარი დავკლათ. სანთლები ავანთოთ და უფალს კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრათ. სანამ ტრაგედიის პირისპირ არ აღმოჩნდები, არ აფასებ იმას, რაც გაქვს, თორემ ყველა დილას მართლა მადლიერებით უნდა ვიწყებდეთ. მე სიკვდილს თვალებში ჩავხედე და მერე მივხვდი, რა ტკბილია ეს ცხოვრება და ზოგჯერ, როგორ უაზროდ ვხარჯავთ უძვირფასეს დროს. როცა ასეთი რამ ხდება, ესე იგი, შენ უფლის რჩეული ხარ და მეტი კარგი უნდა გააკეთო.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕თუ ურთიერთობაში ელემენტარული ყურადღების თუ თბილი სიტყვის მოთხოვნა გიწევთ, მაშინ ეს უნდა წაიკითხოთ!
წყარო: tbiliselebi.ge