დღეს, 2 ივნისს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე განსაკუთრებული და ემოციური საფეხბურთო საღამო გველოდება. 21:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს, თუმცა ეს შეხვედრა ბევრად უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ტესტ-მატჩი, დღეს ქართული ფეხბურთის თანამედროვეობის სიმბოლოს და ნაკრების რეკორდსმენ კაპიტანს, გურამ კაშიას ეროვნული გუნდიდან საზეიმოდ გააცილებენ.
იქამდე კი გურამ კაშიამ მატჩისწინა კონფერენცია გამართა, სადაც „პსჟ“ - ის თავდამსხმელზე, ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელსა და ეროვნული ნაკრების ახალ კაპიტანზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ემოციურად ისაუბრა:
„ხასიათი ისეთი აქვს, რომ გუნდში არის უმაგრესი ადამიანი. ხანდახან გუნდში, როცა კვარას დონის ფეხბურთელები არიან, სპეციფიკური ხასიათი აქვთ ხოლმე. ბევრი ასეთი თანაგუნდელი მყოლია და პრობლემა შემქმნია როგორც კაპიტანს.
კვარა არის ძალიან თავმდაბალი, პროფესიონალი და მაგარი ადამიანი. მისი ხელმძღვანელობით ძალიან მაგარი ლიდერი და კაპიტანი ეყოლება ეროვნულ ნაკრებს. საფეხბურთო თვისებებს რაც შეეხება, ზედმეტია ჩემი სიტყვები, რადგან არის ევროპაში საუკეთესო მოთამაშე, დასახელდა კიდეც ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მოთამაშედ.
„არსენალთან“ მოგებული ჩემპიონთა ლიგის შემდეგ პირველი სიტყვები რაც მივწერე იყო: „როცა მომენტი გექნება, აუცილებლად დაფიქრდი რამდენს მიაღწიე-მეთქი“. თვითონაც უნდა გაითავისოს, რომ არის უდიდესი ფეხბურთელი და არის ქართველი, ნამდვილად უნდა ვიამაყოთ მისით. ეს არის საოცარი მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის. მისი ძალიან დიდი ფანი ვარ. მეამაყება, რომ მასთან ერთად ვითამაშე და წარმატებას მივაღწიე.
აქამდე არ ვუყურებდი საფრანგეთის ჩემპიონატს, ახლა კიდევ ყოველთვის ველოდები როდის დაიწყება. რატომღაც ბოლო დროს არ მომწონს მატჩები რა მიმართულებითაც მიდის. გამონაკლისი კვარაა მხოლოდ. მსიამოვნებს მისი ყურება და ამაყი ვარ რომ ქართველია“, - თქვა გურამ კაშიამ.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „უსამართლოდ მოგექცნენ და სამართლიანად იყვირე...“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე