 
        
        ახლახან თამუნა მუსერიძეს დაბადების დღე ჰქონდა, რომელიც სამი თვის წინ ქმართან, სანდრო მიკუჩაძესთან ერთად დაგეგმა, თუმცა უცხოეთში ჩასულს, სულ სხვა ვითარება დახვდა და გეგმებიც შეეცვალა.
თამუნა მუსერიძე: ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა ჩემი დაბადების დღე. დედა სულ მიხდიდა და ულამაზეს და უდიდეს დღესასწაულებს მიწყობდა. დედა რომ გარდაიცვალა, გამიჭირდა ამ დღის აღნიშვნა, ახლა კი სანდრო ცდილობს, გამახაროს და დღესასწაული მომიწყოს. მაგრამ ახლა ცოტა სხვანაირი განწყობა მაქვს: რეალურად, 22 სექტემბერს ვარ დაბადებული, მაგრამ სულ 10 ოქტომბერს ვიხდიდი, ანუ შექმნილ დაბადების დღეს. მართალია, ეს დაბადების თარიღი არანამდვილია, მაგრამ მაინც ეს დავიტოვე და ამ დღეს აღვნიშნავ. გეტყვით, რომ განსაკუთრებული დაბადების დღე წელს კი არა, უფრო შარშან მქონდა. როცა გაირკვა, რეალურად როდის დავიბადე, ანუ 22 სექტემბერს. ამ დღის აღსანიშნავად ჩემმა ძმამ მე და ჩემი ქმარი საფრანგეთში წაგვიყვანა და მთელი სანათესავო წამოვიდა. წარმოიდგინეთ, ერთი კვირა ვიყავით პარიზში და ერთი კვირა ჩემი დაბადების დღე იყო (იცინის). ასე რომ, ორჯერ კი მიწერია დაბადების თარიღი, მაგრამ მე მხოლოდ ერთხელ გადავიხდი, იმ დღეს, როცა დედასთან და მამასთან ერთად აღვნიშნავდი.
– ბევრ ადამიანს, რომელიც იგებს, არ არის უარყოფილი და არის მოპარული, უხარია. შენ კი, როგორც ვიცი, გაგიხარდა, როცა გაიგე უარყოფილი იყავი. რატომ?
– არ ვიცი, რატომ ურჩევნიათ და უხარიათ, რომ მოპარულები არიან და არა უარყოფილები. პირიქით, მართლა გული გამისკდებოდა, რომ გამეგო მოპარული ვიყავი და არა უარყოფილი. ფაქტობრივად, გამოვიდოდა, რომ უბედურებაში ჩემი აღმზრდელი მშობლების ხელი ერია. ამიტომ, რატომ ურჩევნიათ მოპარულებს ეს ამბავი, ვერ ვხვდები, რადგან მაინც აღმზრდელი მშობელი იწირება, რომელიც ყველაფერს დებს და წირავს შენს გაზრდაში. მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა არც იცოდა, ვისი შვილი აჰყავდა, არც შვილის ისტორია იცოდა, მაინც რაღაც პროცენტით დამნაშავეები არიან, რადგან კარგად არ გამოიკვლიეს. იმდენად უნდოდათ შვილი, მათთვის სულ ერთი იყო ბავშვის ისტორია და ვის შვილს აიყვანდნენ. არადა, ალბათ, ჯერ კარგად უნდა გაიგო, ვისი შვილი აგყავს გასაზრდელად. თუმცა, ახლა ძალიან ბევრი დედა გვყავს, რომლებიც ახლა ეძებენ შვილის დედებს და არ იციან ვინ არიან. ბევრმა მათგანმა არ იცოდა და ვერ წარმოიდგენდნენ, მსგავსი რამე თუ ხდებოდა, თუმცა იყვნენ მშობლები, რომლებმაც იცოდნენ, რომ მოპარულ შვილს ზრდიდნენ. ასე რომ, კიდევ ვამბობ, მე ვერ გადავიტანდი, რომ გამეგო მოპარული ბავშვი ვიყავი. მე მაშინ გავიგე, აყვანილი რომ ვიყავი, როცა ჩემი მშობლები ცოცხლები აღარ იყვნენ.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „რასაც მტრობა ანგრევს იმას სიყვარული აშენებს...“ - დეკანოზი შალვა კეკელია
წყარო: tbiliselebi.ge
