Digest Logo

„ვნერვიულობდი და რამდენიმე დუბლის ჩაწერაც გახდა საჭირო...“ - რას ჰყვება პატარა ტელეწამყვანი დათი ხიმშიაშვილი?

18 მარტი 7:55
დათი ხიმშიაშვილი

ერთი წლის წინ, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში ახალი შოუს დაანონსებამ საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. მართალია, ქართულ ტელესივრცეში უამრავი შოუა, მაგრამ ამ ახალი შოუს წამყვანი უნდა ყოფილიყო ბავშვი, რომელიც მიწვეულ სტუმრებთან თამამად და საინტერესოდ შეძლებდა კომუნიკაციას, კითხვის დასმას, სტუდიაში ისეთი ატმოსფეროს შექმნას, რომ ინტერესის გარდა მაყურებლისთვის, დამსწრე საზოგადოებისთვის და რესპონდენტისთვის შოუ საინტერესო და საყვარელი გამხდარიყო. ასეთი აღმოჩნდა დათი ხიმშიაშვილი, რომელიც მაშინ 9 წლის იყო. წამყვანობაც კარგად მოირგო და მაყურებელს პირველივე გამოჩენისთანავე შეაყვარა თავი. დათი ხიმშიაშვილმა ჟურნალ „თბილისელებთან“ ისაუბრა: 

– ალბათ, არასოდეს დაგავიწყდება პირველი გადაცემის ჩაწერა და პირველი სტუმარი. დარწმუნებული ვარ, იყო შიში და ნერვიულობა.

დათი ხიმშიაშვილი: დიახ, არასოდეს დამავიწყდება ჩემი პირველი გადაცემა და ეკრანზე გამოჩენა. ჩემი პირველი სტუმრები საქართველოს რაგბის ნაკრების სპორტსმენები იყვნენ. რასაკვირველია, ვნერვიულობდი და რამდენიმე დუბლის ჩაწერაც გახდა საჭირო. მერე, ეკრანზე რომ ვნახე ჩემი თავი, დავმშვიდდი. სხვათა შორის, მხოლოდ ჩემს პირველ გადაცემას ვუყურე ტელევიზორში და მას მერე აღარ მიყურებია, რაღაცნაირად, არ შემიძლია (იცინის). არ დამავიწყდება, პირველად რომ დავჯექი სავარძელში და სტუმარი უნდა შემოსულიყო, ირგვლივ ვერაფერს ვხედავდი, ემოცია მომაწვა და ვიტირე. მერე, დავწყნარდი და ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ორი ბებო მყავს, ძალიან მოსწონთ ჩემი გადაცემა, ყველა საქმეს გადადებენ, მოკალათდებიან სავარძლებში და მიყურებენ. პირველი გადაცემა რომ გავიდა, სიხარულისგან ორივეს წნევა აეწია (იცინის). ორი ძმა მყავს – 26 და 20 წლის. მართალია უფროსები არიან, მაგრამ მათგან განებივრებული არ ვარ, უფრო დედა, მამა, ბებიები და ბაბუა მანებივრებენ. ჩემი ძმებიც უყურებენ ჩემს გადაცემას და შენიშვნებს მეუბნებიან, ეს ასე შეცვალე, ის ისეო, მაგრამ კრიტიკულები არ არიან. ჩემი თანაკლასელები და მეგობრებიც მგულშემატკივრობენ, ჩაწერაზეც იყვნენ სტუმრად და ბევრი ფოტოც გადავიღეთ.

– ეკრანზე პირველივე გამოჩენისთანავე, 9 წლის ასაკში, ცნობადი ბიჭი გახდი. უცხო ადამიანები თუ გცნობენ ქუჩაში და რას გეუბნებიან? შენი აზრით, როგორია ერთ დღეში მოპოვებული პოპულარობა?

დათი ხიმშიაშვილი: გულწრფელად რომ გითხრათ, კი მცნობენ ქუჩაში, ძირითადად, უფროსი ასაკის ადამიანები, მაგრამ ჩემი თავი პოპულარული არ მგონია (იცინის). ბევრჯერ გავუჩერებივარ და უთქვამთ: შენ ხომ „დათის შოუს“ წამყვანი ხარ, გიყურებთ და კარგი ბიჭი ხარო. ერთხელ, მაღაზიაში შევედი, გამყიდველმა მიცნო და მთხოვა: ფოტო გადავიღოთ ერთად, მინდა, დედაჩემს ვაჩვენო, სულ შენ გიყურებსო. ასე რომ, ამ ერთ წელში პოპულარული – არა, უფრო ცნობადი გავხდი. ამ შოუმ ძალიან ბევრი რამ მომცა – დავხვეწე მეტყველება, გავიწაფე იუმორში, მეგობრებიც შევიძინე ტელევიზიაში, მათ შორის „რეზო და ბავშვები“, მაქვს პირადი „ფეისბუკგვერდი“, რომელსაც მარიამ ჟღენტი მართავს, უფრო თავისუფალი გავხდი. არ ვიცი მომავალში რა იქნება, მაგრამ ზუსტად ვიცი, ეს წლები ყველაზე კარგად გამახსენდება. ასაკით პატარა კი ვარ, მაგრამ გამიმართლა. მადლობა ვაკო ავალიანს, რომ მომცა საშუალება, ჩემი ბავშვობის წლები საინტერესო და დასამახსოვრებელი ყოფილიყო.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 საყოფაცხოვრებო ქიმიის ფარული საფრთხეები - რეკომენდაციები, რომლებიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ

🎥 „ფაქტობრივად ძილი არ ვიცი რა არის...“ - გაიცანით ოთხი შვილის დედა, მომღერალი თაკო ოქროპირიძე

🎥 „მათი ცეკვა „ქეთო და კოტეში“ დარჩა...“ - ვინ იყო ილიკო სუხიშვილის პირველი პარტნიორი?