„ცხოვრება ისეთია, რომ ძნელია არ გეტკინოს. ძნელია მეგობრის დაკარგვა არ იგემო. ბევრი არ დამიკარგავს, მაგრამ როცა ყოფილა ეს ყოველთვის ტყუილის გამო ყოფილა. ტყუილს ვერავის ვპატიობ. მე თავიდან ბოლომდე გახსნილი და ერთგული ვარ და მეგობრისგანაც იმავეს მოვითხოვ”, – ამბობს „სარკესთან” ტელეწამყვანი გიორგი ნაზღაიძე და თავის პირადზე ჰყვება.
– ცხოვრებაში ყველას მოგვდის შეცდომები და ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა ისაა, რომ შვილი ჩემ გვერდით არ არის. მყავდა საცოლე, რომელთანაც რამდენიმეწლიანი ბედნიერი ურთიერთობა მაკავშირებდა.
ჩვენი დაშორების შემდეგ მაშინვე წავიდა ამერიკაში და იქიდან სხვებმა მომილოცეს, მამა გახდიო. როცა შევეცადე ამ ამბის გარკვევა, ყოფილი საცოლისგან, რომელიც უკვე გათხოვილი იყო, საშინელი აგრესია წამოვიდა, დაგვანებე თავი, ბავშვი შენი არ არისო. დნმ-ის ანალიზიც მოვითხოვე, მაგრამ სასტიკი უარი მივიღე. ამის სანაცვლოდ მუქარები წამოვიდა. ბავშვის სურათებს დღემდე არ დებენ სოციალურ ქსელებში.
– ბავშვის ფოტო არ გაქვთ ნანახი?
– ერთადერთხელ ვნახე. ეტყობა, შეცდომით დადეს და მაშინვე წაშალეს.
– პოულობთ მსგავსებას?
– კი, ძალიან მგავს – თმის ფერი, თმის სტრუქტურა, წარბი, ცხვირი, ტუჩი. თავზე ორი გვირგვინი აქვს, როგორც მე.
– რამდენი წლის არის ახლა?
– 12 წლის.
– რატომ არ უნდა ბავშვის დედას, რომ შვილს მამასთან ურთიერთობა ჰქონდეს?
– არ მინდა, დეტალებში ღრმად შევიდე. დაშორებიდან მალევე გათხოვდა და ალბათ არ უნდოდა, მათი ოჯახური იდილია ჩემი გამოჩენით დარღვეულიყო. მე, უბრალოდ, მინდა, შვილზე უფლება მქონდეს.
– რა შანსები არსებობს, რომ ეს თქვენი ვარაუდი დაამტკიცოთ?
– შანსებზე საუბარი ძალიან რთულია, მაგრამ მინდა, ჩემს თავთან ვიყო მართალი, რომ მე ყველაფერი გავაკეთე ამისათვის.
– 12 წელი რატომ ვერაფერი გააკეთეთ?
– იყო მცდელობები, მაგრამ უშედეგოდ. შემდეგ სამ წელზე მეტი რუსეთში ვცხოვრობდი. ყველაფერი ფინანსებზეა დამოკიდებული. ძალიან დიდი თანხებია საჭირო, რომ ამერიკაში სასამართლო დავა წარმართო.
– ხშირად გეფიქრებათ, რომ სადღაც თქვენი შვილია და მან არ იცის, ვინ არის სინამდვილეში მისი მამა?
– განცდა, რა თქმა უნდა, არის. ფიქრებში ხშირად წავსულვარ, მაგრამ რეალობა ესაა.
– თქვენს მრავალრიცხოვან რომანებს შორის კიდევ ხომ არ იყო მსგავსი ისტორია?
– არა. უბრალოდ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ იმ ისტორიაში, სადაც ჩემი შვილი ფიგურირებს, ბევრი ისეთი დეტალია, რომლებზეც ახლა არ მინდა ლაპარაკი.
– 36 წლის ხართ. დაოჯახების სურვილი ამ ასაკში არ გაქვთ?
– გამიზნულად არ ვფიქრობ, რომ მაინცდამაინც ამ ასაკში უნდა მოვიყვანო ცოლი. ყველაფერი მარტივად არის – თუ გამოჩნდება ჩემს ცხოვრებაში ქალი, რომელთანაც მომინდება ოჯახის შექმნა, მომინდება შვილები მისგან, ამაზე უარს არ ვიტყვი. ამ ეტაპზე მსგავსი რამ არ არის.
– შინაგანად მეოჯახე ტიპი ხართ?
– კი, ოჯახის ადამიანი ვარ. დღემდე რასაც ვაკეთებ, ყველაფერს ოჯახისთვის ვაკეთებ. მიყვარს სახლი, ოჯახის წევრები. არ ვიცი, როგორი მამა და როგორი ქმარი ვიქნები, მაგრამ დღეს ბევრი ჩემი მეგობარი თვლის, რომ მეოჯახე ადამიანი ვარ. შევეცდები, კარგი ვიყო.
– რა ხდება ამ ეტაპზე თქვენს სასიყვარულო ფრონტზე?
– არაფერი. ჩემი გული თავისუფალია.
– ქალთან ურთიერთობაში პრიორიტეტები შეგეცვალათ?
– საერთოდ არ მაქვს წარმოდგენაში ტიპაჟი, რომელსაც ვეძებ. უბრალოდ, ჩემ გვერდით უნდა იყოს ქალი, რომელიც იქნება თავის თავში დარწმუნებული, შემდგარი, განათლებული და იუმორით სავსე.
– ანუ ძლიერი ქალი.
– კი. ძლიერ ადამიანს გვერდით ყოველთვის ასევე ძლიერი უნდა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ნოდარ ნათაძეს დღეს დაკრძალავენ
წყარო: sarkenews.ge