Digest Logo

„ყველა ერთად ვიყოთ - მეთქი, ვყვიროდი და ხელჩაკიდებულები კარის ქვეშ დავდექით... ერთი ბავშვი ფანჯრიდან ხტებოდა“ - ხატია ჭყონია თურქეთის მიწისძვრას იხსენებს

1677570050
 ხატია ჭყონია

ხატია ჭყონია ქართველი ფეხბურთელია, რომელიც თურქეთში მომხდარი საშინელი მიწისძვრის დროს იმ ქალაქში იმყოფებოდა, რომელიც მიწისძვრის ეპიცენტრი აღმოჩნდა. 

👉თურქული სერიალის ქართველი ვარსკვლავი თურქეთის ტრაგედიას ემოციური ფოტოებით ეხმაურება

ხატია განცდილ ემოციებსა და შიშზე „თბილისელებთან“ საუბრობს.

ხატია ჭყონია: დიდი ხანია, რაც ფეხბურთს ვთამაშობ, საქართველოს ნაკრების კაპიტანი ვარ. კონტრაქტით ჩავედი თურქეთში სათამაშოდ და ჰათაიში – იმ ქალაქში აღმოვჩნდი, სადაც მიწისძვრა მოხდა. მანამდე სტამბოლში ვიყავით. იქ მესამე თამაშის შემდეგ ხუთდღიანი შესვენება გვქონდა და შვიდი ბავშვი სტამბოლიდან ჰათაიში დავბრუნდით. ღამე ჩავედით, სამი საათი იქნებოდა, როცა სახლში მივედით. მოვწესრიგდით, ვჭამეთ და დავწექით. სამსართულიან კორპუსში ვიყავით. ალბათ, ხუთი საათი და რაღაც წუთები იქნებოდა, როცა შიშმა გამაღვიძა და უცებ წამოვხტი, რა ხდება-მეთქი. დავინახე, რომ ჩემი საწოლი ირწეოდა. მანამდეც იყო სამი-ოთხი ბიძგი და მივხვდი, რაშიც იყო საქმე. მაშინვე გავაღვიძე ბავშვები და ბიძგებიც უფრო გაძლიერდა. პირველი ბიძგი იმდენად ძლიერი არ იყო, არაფერი დამტვრეულა, უბრალოდ, ძლიერად შეგვაქანა. ყველა ერთად ვიყოთ-მეთქი, ვყვიროდი და ხელჩაკიდებულები კარის ქვეშ დავდექით, რადგან გაგონილი მქონდა, რომ მიწისძვრის დროს ასე უნდა მოვქცეულიყავით. მეორე ბიძგი ისეთი ძლიერი აღმოჩნდა, რომ აქეთ-იქით დაგვფანტა. საშინელი ხმა იყო, სახლში ყველაფერი დაიმტვრა, კედლები დაიბზარა. ვფიქრობდი, რა გამეკეთებინა, ტელეფონი ავიღოთ და გარეთ გავიდეთ-მეთქი, ვუთხარი ბავშვებს. ველოდით, როდის გაჩერდებოდა ბიძგები, რომ შენობიდან თავი დაგვეღწია. ერთი ბავშვი ფანჯრიდან ხტებოდა და გავაჩერეთ, მეორე აივანზე გადიოდა, იქ გადავრჩებითო. მე 33 წლის ვარ, ისინი ასაკით ჩემზე პატარები არიან, 25 წლამდე, თან ჩემი გუნდელები და მათ წინაშე განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი. „კურტკები“ ავიღე, მე ჩავიცვი და ბავშვებს მივაწოდე, მაგრამ შოკისგან არ ჩაუცვამთ. გარეთ გასვლა გვინდოდა, მაგრამ კარი ჩაჭედილი აღმოჩნდა. რკინის კარი იყო, რას ვიზამდი? ერთადერთი, რაც შემეძლო ის გავაკეთე, ფეხი მივარტყი რამდენჯერმე, გამოვქაჩე და გაიღო. კარიდან რომ გავედით, შუქებიც ჩაქრა. ძალიან ვჩქარობდით, რადგან ბიძგების სიძლიერე იმატებდა. ფეხზე ჩაცმა გვინდოდა, მაგრამ ამის დროც აღარ იყო, კარადის კარიც ვერ გავაღეთ, რომ ფეხსაცმელები აგვეღო. ბავშვებს კიბეზე ჩასვლის ეშინოდათ, პირველი ჩავედი და შევამოწმე, რატომღაც მჯეროდა, რომ მყარი იყო. მერე გავიგე, რომ ის უბანი, რომელშიც ჩვენ ვიყავით, ყველაზე მყარი აღმოჩნდა.

გარეთ რომ გამოვდიოდით, კიბეები ნამსხვრევებით იყო სავსე, ჩვენ ფეხშიშველები ვიყავით და ფეხისგულებზე რაღაცები გვერჭობოდა, მაგრამ ამას ვინ ჩიოდა. არ დაიშალოთ-მეთქი, ბავშვებს ვეძახდი. ეზოში გაჩერება საშიში იყო და ქუჩაში გავედით. გარეთ უკვე ბევრი ხალხი იყო გამოსული. მანქანები ასიგნალებდნენ, ხალხი ტიროდა, ყვიროდა, ვინ სად გარბოდა, ვერ გაიგებდით. გავედით თუ არა, მესამე ბიძგი დაიწყო და ჩვენს თვალწინ კორპუსი ჩამოიშალა. შიგნიდან საშინელი ხმები მესმოდა, ბავშვის ხმაც გავიგეთ – დედა, დამეხმარეო, მაგრამ ეს ის მდგომარეობაა, როცა ვერავის ეხმარები. ყველა თავის გადარჩენაზე ვფიქრობდით, ვერ გავბედე, ახლოს მივსულიყავი და მათი დახმარება მეცადა. ნიადაგიც ისე ირწეოდა, ასფალტზე მყარად ვერ ვიდექით. ფეხშიშვლები ვიყავით, წყალი მოდიოდა, „კურტკა“ მარტო მე მეცვა და ბავშვებზე ვიყავი გადაფარებული. ძალიან სციოდათ, ერთს თავი ჰქონდა მირტყმული და გასიებული. ყველაზე მეტად იმის მეშინოდა, რომ ასფალტი არ ჩამტყდარიყო. ჩვენ გვერდით ჩატყდა და საშინელება იყო. გარშემო ისეთი რამ ხდებოდა, სიცივეს აღარ ვჩიოდით. ვისაც მანქანა ჰყავდა, მასში შეაფარა თავი. თოვდა, წვიმდა, საშინელი ქარი იყო. მერე ვიღაცებს შევეცოდეთ და მანქანებში ჩაგვისვეს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ვის უბედავთ! რა აგენტების კანონი და აგენტებად გამოცხადება! მართლა ხომ არ ბნელა ამ ქვეყანაში?!“ - ინგა გრიგოლია

🔵28 თებერვალს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

🔵„ქვესკნელი, შუასკნელი და ზესკნელი...“ - პოსტი 3 ენერგეტიკულ შრესა და პატიებაზე

წყარო: tbiliselebi.ge