
ელენე რატიანი ქართული ცეკვების ქორეოგრაფია ქალაქ ხაშურიდან, რომლის ვიდეოები, განსაკუთრებული მანერებისა და სტილის გამო სოციალურ სივრცეში პოპულარობას წლებია არ კარგავს. ელენე რატიანი ანსამბლი „ფრესკას“ დამაარსებელი და ხელმძღვანელია, ქორეოგრაფი ასევე „სუხიშვილების“ ყოფილი მოცეკვავე და სოლისტიც გახლდათ.
ამჯერად იგი გადაცემაში „დღის პოსტი“ სტუმრად იმყოფებოდა, სადაც პროფესიაზე ისაუბრა და ნინო რამიშვილთან შეხვედრის მომენტი გაიხსენა:
„3 წლიდან ვცეკვავ. ძალიან ლამაზი და ბედნიერი ბავშვობა მქონდა წარმატებებით სავსე, ბევრი გასტროლით. ყველაზე წარმატებული დღე იყო ნინო რამიშვილთან, ამ დიდ ქალბატონთან შეხვედრის მომენტი, როდესაც ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა კონკურსი, სადაც ქალბატონმა ნინომ გადმომცა ქალთა შორის საუკეთესო შემსრულებელთა ჯილდო. აქედან დაიწყო ჩემი ძალიან დიდი წარმატებული შეხვედრა. ჩემთვის ეს ქალბატონი დედოფალი და ღმერთია, საერთოდ ყველა, ვინც მაგ დროს ცეკვავდა.
ქალბატონი ნინო აღფრთოვანდა ჩემი შემოქმედებით, ბევრი ანსამბლი იღებდა მონაწილეობას და ჩემი სახელი გამოაცხადეს სცენიდან. უკვე ლეჩაქი მოხსნილი მქონდა, მთიელთა ცეკვას ვცეკვავდი პარტერში ვიყავი ასული იქიდან ჩამოვედი და გამოვიქეცი. როდესაც სცენაზე დავდექი მაშინ შემეკითხა ვინ ვიყავი და რამდენი წლის, რომ ვუთხარი 16 წლის მეთქი მითხრა - დაამთავრე სკოლა და მერე ჩვენთან მოდიო. ეს იყო იანვრის თვე 1989 წლის. გაზაფხულზე კიდევ შევხვდი, დედასთან ერთად ვიყავი ხელოვნების სახლში ქორეოგრაფების შეკრებაზე და კიდევ ერთხელ გამიმეორა ეს სიტყვები. პროფესიული გზა შემდეგ ცოტა ხანი შევწყვიტე, რაღაც მიზეზების გამო, თუმცა ზურგი არ შემიქცევია ქორეოგრაფიისთვის. ვისწავლე და დავამთავრე დამდგმელი ქორეოგრაფის სპეციალობა და პროფესიულ დონეზე დავეუფლე ამ სფეროს. წლებია ვმოღვაწეობ ანსამბლ „ფრესკაში“ და ჩემ გვერდით არის ჩემი ვაჟი, რომელიც ასევე პროფესიონალი მოცეკვავეა“, - ჰყვება ელენე რატიანი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 რამდენად არის დამოკიდებული ადამიანი ამინდზე - ტრადიციული მედიცინის სპეციალისტის განმარტება