
ტელეწამყვან ზურა გორგაძის ცხოვრებაში ძალიან კარგი სიახლეა: ზურამ ბავშვობის ოცნება აიხდინა – სახლი შეიძინა და ზუსტად ისე მოაწყო, როგორზეც ყოველთვის ოცნებობდა.
ზურა გორგაძე: ეს განცდა შეუდარებელია. დიდხნიანი მოლოდინის შემდეგ, ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც მინდოდა. ნათქვამია, თუ გინდა, ადამიანს ცუდი გაუკეთო, რემონტი უსურვეო და ეს საკუთარ თავზე გამოვცადე (იცინის). ამ პროცესში კინაღამ ჭკუიდან შემაცდინეს, მაგრამ საბოლოო შედეგს რომ ხედავ, ეს იმხელა ბედნიერებაა, რომ ნამდვილად გიღირს. ეს, ხომ, ისაა, რაზედაც ადამიანი შეიძლება, მთელი ცხოვრება ოცნებობდეს და ღირს მსხვერპლად, რისი გაღებაც რემონტის პროცესში ნამდვილად გჭირდება.
მე სარემონტო კომპანიაში ძალიან გამიმართლა, პასუხისმგებლობიანები აღმოჩნდნენ და ყველა ჩემს „ახირებას“ აკმაყოფილებდნენ. ხელოსნებზეც ვერ დავიწუწუნებ, მაგრამ მიუხედავად ამისა, იმდენი პრობლემური დეტალია ამ პროცესში, რომ ადამიანი მენტალური ჯანმრთელობის განადგურების ზღვარზე მიდის (იცინის). თუმცა, საბოლოო შედეგით იმდენად კმაყოფილი ვარ, რომ მთელი ზაფხულის შრომა და ის ფაქტი, რომ დასასვენებლად ვერსად წავედი, ასევე, ყველანაირ თავგადასავალზე უარი ვთქვი, არ მინანია. პირიქით, მიღირდა იმად, რომ მეცხოვრა ზუსტად ისეთ სახლში, როგორზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი. რეალობამ მოლოდინსაც კი გადააჭარბა.
– ესე იგი, ოცნება აისრულე...
– დღეს თუ ფინანსები გაქვს, მარტივია, ისეთი გარემო შეიქმნა, როგორიც გსურს, მაგრამ მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანაში დალხენილი ცხოვრება არავის გვაქვს. ძალიან ბევრი შრომა გვჭირდება საჭირო ფინანსების შესაგროვებლად. თუ ადამიანს გარკვეული მიზანი გაქვს და მას სურვილის დონეზე, კოსმოსში თუ სხვაგან, ანუ იქ, სადაც შენი ესმით, გულწრფელად გაგზავნი, მჯერა, რომ აგიხდება. მე ბავშვობიდან ვოცნებობდი ასეთ სახლზე. მართალია, ჩემს მშობლებს ჩემთვის არაფერი მოუკლიათ, ზესტაფონში დავიბადე და გავიზარდე. ყველას გვახსოვს 90-იანი წლების სირთულეები და ეს მეც გამოვიარე. არც უშუქობა მაკვირვებს და არც სხვა პრობლემები, მაგრამ ჩემი მშობლების დამსახურებით, ამის მიუხედავად, მაინც ბედნიერი ბავშვობა მქონდა.
მერე უკვე, გარკვეულ ასაკში, ადამიანი იმის შექმნას იწყებ, რაც სადღაც შენს ქვეცნობიერს დააკლდა და მთელი ცხოვრება მასზე ოცნებობდი. მე ძალიან მადლიერი ვარ ღმერთის, გარემოებების, ამ შესაძლებლობისთვის და ახდენილი ოცნებისთვის. პატარა ზურას ოცნება ავიხდინე და დღეს ისეთ გარემოში ვცხოვრობ, როგორზეც ყოველთვის ვოცნებობდი. ჭერი ყველას გვაქვს, მინიმალური ღირსეული საცხოვრისი პირობა ყველას უნდა ჰქონდეს ამ სამყაროში, მაგრამ არსებობს რაღაც მოთხოვნილებები, რაც ადამიანებს დამატებით კომფორტებს გვიქმნის. იმის გათვალისწინებით, რომ ჩემი პროფესიის ადამიანები დიდ დროს ვატარებთ სამსახურებრივ გარემოში, იქ კომფორტი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ერთადერთი ადგილი, სადაც დასვენებისა და ფსიქოლოგიურად განტვირთვის, ძალიან ელემენტარული რომ ავიღოთ, გამოძინების საშუალება გაქვს, სახლია. სახლის კარს რომ გააღებ, გინდა, იქ ისეთი გარემო და პირობები გქონდეს, რომ გიხაროდეს, გსიამოვნებდეს, რომ მეორე დღეს კიდევ უფრო ენერგიული და ხალისიანი იყო, რათა ხარისხიანად გააგრძელო შენი ფუნქციების შესრულება. მე ყოველთვის ვოცნებობდი ასეთი გარემოს შექმნაზე, საიდანაც ბედნიერი და დადებითი ემოციებით დამუხტული გავიდოდი ჩემი საქმის გასაკეთებლად.
ასევე დაგაინტერესებთ:
წყარო: tbiliselebi.ge