Digest Logo

„12 წელი ტიროდნენ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ ბაბუას. ერთ დღეს დეპეშა მოვიდა - ილიკო ვარ, ხვალ ჩამოვდივარ, სადგურზე დამხვდით“ - თამო კეშელავას ემოციური პოსტი

1652096320
თამო კეშელავა

ჟურნალისტი თამო კეშელავა სოციალურ ქსელში მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ბაბუაზე ემოციურ ამბავს იხსენებს და წერს, რომ ის 12 წელი მშობლებს მკვდარი ეგონათ. ტანისამოსიც კი დაასაფლავეს, თუმცა ერთ დღეს  სოფელში გაგზავნილმა დეპეშამ ოჯახის წევრებს აცნობა, რომ ბაბუ ცოცხალი იყო. 

„ჩემი ბაბუა მეორე მსოფლიო ომში მოკლეს ...

ხო, ის ბაბუა, ჩემი გამზრდელი, ისტორიებს რომ ვყვები ხოლმე, მეორე მსოფლიო ომში მოკლეს.

ტანისამოსი დაასაფლავეს მშობლებმა, მაშინ ასე ბევრი იქცეოდა. 12 წელი ტიროდნენ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ ბაბუას. ერთ დღეს დეპეშა მოვიდა სოფელში: ილიკო ვარ, ხვალ ჩამოვდივარ, სადგურზე დამხვდით.

დედას არ უთხრეს, შეეშინდათ, ტყუილი არ ყოფილიყო. ძმები წავიდნენ დასახვედრად.

სადგური დაცარიელდა და არ არის ბაბუა, მაგრამ ვიღაც კაცი დარჩა სადგურზე, მარტო, მხრებში აწურული სცემს ბოლთას და არავის უყურებს. რამდენიმე წრე დაარტყეს ამ კაცს გარშემო, აკვირდებოდნენ და უფრო აიწურა კაცი, უფრო ნერვიულად დაიწყო ბოლთის ცემა.

ვერ იცნეს ბაბუა ძმებმა, ან, როგორ იცნობდნენ, ბაბუა ომში მოკლეს.

ეშინოდა ბაბუას თავის ზემოთ აწევის, ეშინოდა რომ უთვალთვალებდნენ და არ მიკვირს, ბაბუა ჯერ მოკლეს და მერე 12 წელი გამოამწყვდიეს, წერილის გამოგზავნის უფლებაც არ მისცეს მშობლებთან.

მხოლოდ ის ვიცი, რომ ტყვედ ჩავარდნილებს გერმანელებმა სიკვდილი მიუსაჯეს, ოღონდ არ მოკლეს.

როცა იპარებოდნენ ხოხვით, თავი წამოსწიეს და გერმანელი ჯარისკაცის თვალებს წააწყდნენ.. არ ვიცი რა დაინახა იმ გერმანელმა ბაბუას თვალებში, რამდენიმე წამი უყურა და ზურგი შეაქცია...

არ ვიცი, რა დაინახა გერმანელმა ბაბუას თვალებში, იქნებ სიცოცხლის წყურვილი, იქნებ, ის რომ მაინც მოკლავდნენ, ვინ იცის.... დღეები იხოხეს ნაწილამდე. გზაში ისეთი რამ ვჭამეთ, ვერ ვიტყვი, იტყოდა ხოლმე და გადასაგდებად გაშვერილი კარაქიანი პური ხელში მიშეშდებოდა...

მერე მოკლეს და გამოამწყვდიეს...

არ აიღო რეაბილიტირებულის საბუთი, ან, აიღო და გადააგდო, არ ვიცი. პარტიული ბილეთიც არ ჰქონდა, ან ჰქონდა და გადააგდო, არ ვიცი...

ვერ იტანდა 9 მაისს, არასოდეს გადიოდა ვეტერანთა შეკრებაზე, არ ეზეიმებოდა და ყოველთვის უხასიათოდ იყო მაისის პირველ რიცხვებშიც კი...

ერთხელ ვკითხე, რატომ არ მიდიოდა შეკრებებზე!
- ეჰ, მიპასუხა და მივხვდი, რომ იქ რაღაც ყალბი ხდებოდა.

მარტო იმას შეუძლია ამის გაგება, ვინც მოკლეს და მე ვიცი, ბევრი მოკლეს ასე იმ ომში.

მერე ვიღაცამ დაივიწყა, რომ მოკლეს...

ჩემს ბაბუას სულ ახსოვდა, სულ სტკიოდა ის ბიჭი, რომელიც გერმანელმა გამოაპარა და მისიანებმა მოკლეს.
არც მე მეზეიმება ეს დღე, 1945 წლის 9 მაისს ყველა რომ ზეიმობდა, ჩემს ბაბუას კლავდნენ, 1946, 1947, 1948 და ასე მიყოლებით 12 წელი კლავდნენ...

როცა მაღაზიიდან ათობით კილო შაქარი, კარაქი, თაფლი და რაღა აღარ მოჰქონდა, აფასოებდა და აწყობდა ბლომად, ბლომად, ბლომად რომ ყოფილიყო, ვხვდებოდი, რომ იმ დღეებზე ფიქრობდა, როცა მშიერი მოხოხავდა სახლისკენ და ისეთი რამ ჭამა, რასაც ვერ ამბობდა.

როცა თავს ჩაქინდრავდა, და იმ რაღაცნაირი ქუდის ქვემოდან ამოიოხრებდა, ვფიქრობდი, რომ ახსენდებოდა, როგორ კლავდნენ...

მადლობა, რომ არ მოკვდი ბოლომდე, მადლობა, რომ შემომინახე ჩემი წილი ბაბუა და მადლობა, რომ გეყო ძალა, გეჭამა ის რაღაც საზიზღრობა გზად, რომ ჩვენამდე მოსვლის ძალა გქონოდა.
იზეიმონ...

მე და შენ ბევრი სხვა დღე გვაქვს საზეიმო! 2019 წ“, - წერს თამო კეშელავა.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🎥 „ამ წარმოუდგენელი ტკივილისგან სხვა გასაქცევი უბრალოდ არ არსებობს... “ - „იმედის დღე“ ნიკოლოზ წულუკიძის გარეშე და ატირებული წამყვანები

🔵„მეჩხუბებიან ხოლმე, შენს თავს მიხედეო. ყველაზე მეტად თანხის დახარჯვა საკუთარ თავზე მენანება“ - რა დამოკიდებულება აქვს ზუკა ხუციშვილს ფულთან

🎥 „სიმღერა ეძღვნება უკრაინელ ხალხს!.. მადლობა, რომ წლების განმავლობაში შვილივით მაცხოვრეთ“ - ოთო ნემსაძის ახალი სიმღერა უკრაინაზე