
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში, მორიგ საინტერესო სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:
„15 მაისს რუსთველის დღე იყო. თუმცა ახლა ის ვინმეს ახსოვს?
როგორი იქნებოდა ურუსთველო საქართველო?
უწინარეს ყოვლისა, უნდა ვთქვათ, რომ ასეთი საქართველო მხოლოდ მის დაბადებამდე იყო და შესაძლოა - არც მანამდე. განა სინათლის მოლოდინი სინათლე არ არის?
აკა მორჩილაძე ამბობს, რუსთველისა ჩვენს ქვეყანას თითქმის არაფერი სცხიაო. ნაღვლიან დროს ასეთი ფიქრი თუ განცდა შეიძლება ადამიანს დაებადოს. ისე, მან სხვებზე არანაკლებ იცის, საქართველოში რაგვარი ნათელი ენერგიაც ტრიალებს.
ურუსთველო საქართველო არ მოკვდებოდა და გაიბრწყინებდა კიდეც, მაგრამ დიდი სიცარიელის განცდას კი აიყოლებდა - ის, რაც უნდა დაიბადოს, ყოველთვის ჩანს დაბადებამდეც. ეს წინათგრძნობაც არის და წინასწარმეტყველებაც.
რუსთველი ბიბლიასთან, "ქართლის ცხოვრებასთან" და დედაენასთან ერთად ქართველებს ყველაზე მეტად გვაერთიანებს.
მან დაბადა ტარიელობა, ხანდახან ასე რომ არ გვესმის - იმიტომ, რომ ადამიანში ღვთაებრივ საწყისზე მიგვანიშნებს.
მან დაბადა ავთანდილობა, ასე რომ მოგვწონს - ძალმოსილებასა და სიყვარულის ამაღლებულ სახეს რომ გვიჩვენებს და პიროვნების განუმეორებელ ღირებულებას გულით ატარებს.
მან გვითხრა, რომ სიკეთე ერთადერთ ვიწრო ბილიკს გაივლის და საბოლოოდ მაინც გაიმარჯვებს.
მან მოგვიწოდა: "კაცმან საქმე მოიგვაროს, ვეჭვ, ჭმუნვასა ესრე სჯობდეს".
ათას ირეალურზე მოფიქრალებს მან გვასწავლა: "ბედი ცდაა, გამარჯვება, ღმერთსა უნდეს, მო-ცა-გხვდების".
მან გვითხრა, რომ შეძენილ ცოდნას მხოლოდ მაშინ აქვს აზრიც და ფასიც, როდესაც მას შენი ცხოვრების პრაქტიკულად მეგზურად გაიხდი: „არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა" და ისიც შეგვაგონა, რომ ადამიანი თავისი შინაგანი წესრიგით ღვთისგან შექმნილ უნივერსალურ წესრიგს უნდა შეუერთდეს: "მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა“.
ამ კაცმა ცხოვრების დაუჭკნობელი ყვავილი საკუთარ სულებში მოგვაძებნინა.
მან გაგვაოცა თავისი წარმოუდგენელი განათლებით და ახლის შექმნის ნიჭით, რომლის ბადალიც სამყაროს ძალიან ცოტა უნახავს.
როცა მასზე ვფიქრობ, მახსენდება ფსევდო-ლონგინეს ეს ფრაზა: "მისი ზემოქმედება სავსებით დამოუკიდებელია ჩემი ნება-სურვილისგან".
ამ კაცმა სამყაროს აჩვენა, როგორი შეიძლება იყოს სიყვარულის სულიერ-სამოსიანი ბრძენი და გამარჯვებული ქართველი.
გვმართებს, ის სულ გვახსოვდეს და მის სახებას გულით დავატარებდეთ.
მაშინ ვიპოვით გზას ერთმანეთისკენაც და მარადისობისკენაც“ ,- წერს გია მურღულია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: