Digest Logo

„57 წლის იყო რომ დაქვრივდა, დარჩენილი 28 წელიწადი მეუღლის ფოტოებს ელაპარაკებოდა და რჩევებს ეკითხებოდა...“ - კახი კავსაძე 91 წლის გახდებოდა

1780654904
კახი კავსაძე

დღეს, 5 ივნისს, ლეგენდარული მსახიობის კახი კავსაძის დაბადების დღეა. იგი 91 წლის გახდებოდა. 

2021 წლის 27 აპრილს 85 წლის ასაკში კახი კავსაძე გარდაიცვალა.

იგი ბოლო ორი თვის განმავლობაში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. კახი კავსაძეს კორონავირუსი 2020 წლის 28 ნოემბერს დაუდგინდა. რამდენიმეკვირიანი მკურნალობის შემდეგ მსახიობი ბინაზე გაწერეს, თუმცა მისი საავადმყოფოში დაბრუნება ჯანმრთელობის გაუარესების გამო კვლავ გახდა საჭირო.

გარდაცვლილი მსახიობის დაბადების დღეს სოციალურ ქსელში სანდრო ელოშვილი გამოეხმაურა:

„საკმარისი იყო ერთი წუთით გესაუბრა მასთან, ერთი წუთით გენახა და როგორც ვულკანი, ისე ამოხეთქავდა, ტყვიამფრქვევივით მოგაყრიდა ხმამაღალ სიტყვებს, რაც კი ჰქონდა სათქმელი, შენზე თუ სხვაზე - გეტყოდა, მერე გეჩხუბებოდა, ერთი გემრიელად გამოგლანძღავდა, ბოლოს ამ თვალებით შემოგხედავდა და... გულის გულში იგრძნობდი, რომ შენს წინ ადამიანზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი დგას!

თითქოს ყველგან და ყველაფრით დამალა თავის ტკივილები, ჭეშმარიტი რაინდი იყო და რა გასაკვირია თუკი არ უნდოდა ვინმეს შეცოდებოდა, ვინმეს შებრალებოდა, მაგრამ მაინც მგონია, რომ ყველაზე მეტ ტკივილს გაუძლო, არა იმიტომ რომ სხვაზე მეტი შეხვდა ცხოვრებაში, უბრალოდ მას უნდოდა ასე!

ალბათ ერთ-ერთ ყველაზე სასურველ საქმროსა და სასიძოს, მესამე კურსზე შეუყვარდა მომავალი მეუღლე და 12 წელი თქმაც კი ვერ გაბედა... შემდეგ 26 წელი იცხოვრეს ერთად, თუმცა მძიმე ავადმყოფობის გამო ულამაზესი ბელა მირიანაშვილი 23 წელი ეტლით სარგებლობდა... კახიმ კი, როგორც დედოფალი, ხელში აიყვანა და ასე ატარა სიცოცხლის ბოლომდე! ხან რეპეტიციიდან გაიქცეოდა სახლში, ხან სუფრიდან... და აბა ვინმეს გაებედა და რამე ეთქვა ან ეკითხა... ბედნიერებაა, რომ მაქვს უფლება და საშუალება ასე მიყვარდესო!

57 წლის იყო რომ დაქვრივდა და დარჩენილი 28 წელიწადი მეუღლის ფოტოებს ელაპარაკებოდა, რჩევებს ეკითხებოდა... და აი ეს ორ მეტრიანი კაცი ფეხის ფრჩხილიდან თმის ღერამდე სავსე იყო სიყვარულით! და რა გასაკვირია, თუკი მერე ასეთი თვალებით უყურებდა სამყაროს...

კახი ძიას როლებზე რა უნდა მოვყვე, ან რა უნდა ვთქვა, საზეპიროებად ვიცით მთელმა ქვეყანამ, მაგრამ არსებობს ერთი ისტორია, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს, ყველაზე მეტად აჩვენებს მის ხასიათს და პირველ რიგში მახსენდება ხოლმე, როდესაც მისი სახელი მესმის...

ცხრა აპრილის დილაა, გაგიჟებული გამოვარდა რუსთაველზე, დადის, ჩხუბობს, შფოთავს, როხროხებს... რომ მიუშვა, ალბათ ომს დაიწყებს, მაგრამ მარტოა და თავისთვის რაღაცებს ლაპარაკობს დამახასიათებელი ემოციურობით!

შემდეგ მშობლიურ რუსთაველის თეატრში შევიდა და პირველივე შემხვედრ კოლეგას ჰკითხა - როგორ ხარო?
მანაც ინსტინქტურად უპასუხა, კარგადო...

- კარგად როგორა ხარ?! კარგად როგორა ხარ?! - და იმდენი ეჩხუბა, ძლივს დაამშვიდეს...
დიდი არტისტიზმის და დიდი იუმორის, დიდი სიყვარულის და დიდი ტკივილის, დიდი ემოციის და დიდი გრძნობების ადამიანი იყო კახო, ჰოდა დღეს მისი დაბადების დღეა!

კახი კავსაძე 91“, - წერს სანდრო ელოშვილი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

თბილისში საცხოვრებელ ბინაში 2 ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს

🎥 „როცა ბავშვს ყველა სურვილს ვუსრულებთ, მას არა ფინანსურ თავისუფლებას, არამედ მოლოდინს ვუყალიბებთ, რომ ყველაფერი მარტივად მოდის“ - დავით კენჭაძე

„9 ივნისს კოსმოსში იხსნება ფინანსური, მენტალური და სოციალური ტრიუმფის უიშვიათესი კარიბჭე!“ - ქეთი ოდიშელის ასტროპროგნოზი