
მწერალი გიორგი კეკელიძე ხშირად უზიარებს საზოგადოებას გულწრფელ, ოჯახურ გარემოში გადაღებულ სასიამოვნო კადრებს. ამასთან იგი, საკუთარ საქმესაც არ ივიწყებს და პერიოდულად, წიგნებიდან ამონარიდსაც აქვეყნებს.
ამჯერად გიორგი მორიგ პოსტს მისი ერთ-ერთი ნაწარმოებიდან, „კუპატას თავგადასავალიდან“ გვიზიარებს:
„დღეს დავასრულე „კუპატას თავგადასვლის“ წერა. როცა დავასრულე, ვიტირე. ეს ჩემი ჩვევაა და თუ თქვენც გაიზიარებთ, როცა წაიკითხავთ - გამარჯვებული ვიქნები.
ამ ტექსტს როცა ვწერდი, ერთ ნახვერადმშვენიერ დღეს. სახლისკენ გადავუხვიე.
ავტობანთან, ხიდის ქვეშ იდგა და მიყურებდა. შევხედე და როგორც გამომიცდია, მერჩივნა - არ შემეხედა. „ახლა ამეკვიატება ამაზე ფიქრი“- გამიელვა მე, ადამიანს, რომელიც ფიქრმა შემქნა სხვა დანარჩენ არსებაზე ძლიერ არსებად. და აი, ხომ ხედავთ, როცა მაწუხებს, ფიქრიც მეზარება.
„კარგი, რა, რა ფიქრი! - მოვდიოდი ნელა, საგანგებოდ ძალიან ნელა, საკუთარ თავთან ჭიდილში და მეორე მეს ვუსმენდი - სახლში ბავშვია. ორი სხვა შეფარებული ძაღლია სახლში და კიდევ ბევრი, ძალიან ბევრი საქმე - საშინაო და საგარეო. ასეთი ლეკვი ათი ათასობითაა გარეთ. შენ ამ მრუდე წუთისოფელს ვერ გაასწორებ. სჯობს დაივიწყო!"
ხუთი წუთის გზა თხუთმეტისად ვაქციე.
„ფარისეველი ხარ! - უთხრა ღიმილით პირველმა გიორგიმ მეორეს - რიგითი ფარისეველი. სახლში მიხვალ და წერას გააგრძელებ ძაღლზე, რომელიც ბათუმში, ქუჩაში ცხოვრობდა. ეს ლეკვი კი საოცრად ჰგავს შენს პერსონაჟს. ლეკვი ხიდის ქვეშ ვერ მოძებნის საჭმელს, ვერც წყალს, მერე ვინმე ბოროტი ადამიანი დაუყვირებს და უფროსი ძაღლი უკბენს. მერე იფიქრებს, რომ გზის გადაღმა სამოთხეა. რომ აქ მოხვდა შემთხვევით ჯოჯოხეთში და იქ უკეთესია. და გადასვლას დააპირებს და ვეღარ გადავა, რადგან იმ დიდ გზაზე ბევრი ბრმა მანქანა დადის. ვეღარ გადავა სამუდამოდ“.
სახლთან მოსულმა, საჭე უცებ მოვატრიალე და დავბრუნდი. უცებ რომ არ მომეტრიალებინა, შეიძლება აღარც გადამედგა ნაბიჯი. მე ასეთი გამოცდილება მაქვს - დიდ ამბებს უცაბედი გადაწყვეტილებით ვუმკლავდები, სადაც შევნელდი - იქ ყველაფერი მორჩა.
სამყარო ხან უცნაურად კეთილიცაა - ნაპოვნი ლეკვი დღეს აგარაში ცხოვრობს შესანიშნავ ადამიანთან.
მე კი ვფიქრობ:
ადამიანი არის პასუხისმგებლობა - მეტი არაფერი. პასუხისმგებლობა კიდევ იქ იწყება, სადაც სიმშვიდე მთავრდება. ამიტომაც, პასუხისმგებლობა კარგად ყოფნა ვერ იქნება. პასუხისმგებლობა არის შეწუხება. აუცილებელი შეწუხება.
და კიდევ - ადამიანი არის მცდელობა, იყოს კუნძული - კუნძული უსამართლობის ოკეანში. ტალღები ისეთია ამ ოკეანის, ეგ კუნძული ჩაიძირება ადრე თუ გვიან, მაგრამ სანამ არის, მასზე ასეთ ცუგებსაც შეუძლიათ იცხოვრონ.
კი, ადამიანი მრუდე წუთისოფელს ვერ გაასწორებს. მაგრამ გაასწორებს საკუთარ თავს ამ წუთისოფელში და ესეც კმარა.
ეს წიგნიც ამ ამბავზეა. სხვა არაფერზე“, - წერს გიორგი კეკელიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „შთამბეჭდავად გამოიყურები...“ - მარიამ სანოგო ზღვის სანაპიროზე პოზირებს