ცნობილი ფილოლოგი და პედაგოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში ფილოსოფიური ხასიათის პოსტს აქვეყნებს, სადაც აგრესიულობის უკულტურობის შესახებ წერს და ასევე საზოგადოება ამაღლებას ულოცავს.
„აგრესიულობა უკულტურობის ნიშანია - კულტურული ადამიანი მტერსაც შეიყვარებს, უკულტურო მოყვარესაც ბოროტებისთვის იმეტებს.
ცივილიზაციას არ შეუძლია კულტურის ჩანაცვლება - ხელოვნური ინტელექტი, გენიალური მანქანები და შენობები, კომფორტის მწვერვალები ლაო-ძის აზრის, რუსთველის პოეზიის, მიქელანჯელოს ნახატებისა და მოცარტის მუსიკის საპირწონე არ არის.
სახლების, გვირაბების, ხიდებისა და კოსმოსური სადგურების მშენებლობას სულის მშენებლობა დიდად აღემატება.
კულტურა ქმნის ხასიათსა და ქცევას, რომლებიც სიკეთეს ემსახურებიან.
არ არსებობს ძალა, რომელიც კულტურას დასვრის, წაახდენს და ბოროტების მსახურად აქცევს.
მას არ შეუძლია სუფთა არ იყოს, იმიტომ რომ სინათლეა, რომელსაც ბნელი ვერ შეეზიარება.
კულტურა ის სივრცეა, რომელშიც ადამიანი გადარჩება.
ადამიანი მასშია და ის კი ადამიანში.
როდესაც კაცმა გამოქვაბულში პირველი ფრინველი დახატა, მაშინ უბრძანა მომავალს, არ დამორჩილებოდა უგვან ბრძანებას - არც სხვისას და არც თავისას. სწორედ მაშინ იპოვა კულტურული საწყისი და კეთილი ხასიათის მთავარი საყრდენი.
იმ დღიდან ებრძვის კულტურას ცივილიზაცია (როდესაც მას კი არ ეხმარება, არამედ უარყოფს) და ცდილობს ჩაანაცვლოს.
ხანდახან ამ გზაზე თითქოს გადამწყვეტ გამარჯვებასაც აღწევს, მაგრამ მთავარი ჭიდილი ჯერ წინ არის.
ხაიამის რობაიებს, სიქსტეს კაპელას, "მთვარის სონატასა" და მოდილიანის ნახატებს ჯერ არ წაუგიათ.
არც არასდროს წააგებენ, სანამ ამქვეყნად უკანასკნელი ნამდვილი ადამიანი გადადგამს ორ ნაბიჯს ზედიზედ.
სანამ შეუძლია, მიწაზე იდგეს და ცაზე იფიქროს.
მეგობრებო, სინათლის ადამიანებო, გილოცავთ ამაღლებას!“, - წერს გია მურღულია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ნახეთ, რა ღონისძიებები გაიმართება საქართველოში 26 მაისთან დაკავშირებით
⭕თურქი მსახიობი სერენაი სარიქაია ნარკოტიკებთან დაკავშირებული სკანდალის ფარგლებში დააკავეს