2 მარტს ცნობილი გახდა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადს დაჩქარებული წესით გააკეთებს. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ისტორიკოსმა გიორგი კალანდიამ ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც ჩვენმა ქვეყანამ შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის უფლება მოიპოვა.
გიორგი კალანდიას სტატუსს „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:
„ახლა რასაც წაიკითხავთ, მაშინ დავწერე, როცა საქართველომ უვიზო რეჟიმი მიიღო, მაშინ პარიზის აეროპორტში რიგში სხვადასხვა მოდგმისა და წარმომავლობის ხალხთან ერთად ვიდექი, იქ მაშინ იყვნენ დიდი და უზარმაზარი ერის შვილები, ზოგიერთი მათგანის სახელმწიფო ატომურ ბომბის მფლობელი იყო, ზოგის ქვეყანა კი თითქმის მთელ კონტინენტზე გადაჭიმული გახლდათ.
როცა ზოლს თვალი მოვავლე, მივხვდი რომ მათ შორის ყველაზე პატარა სახელმწიფოს მე წარმოვადგენდი, მსგავსი წინათაც მეგრძნო და რაღაცნაირად გულს მტკენდა ეს გარემოება. თუმცა იმ დღეს ასე არ გახლდით, რადგან პასპორტი რომელიც მაშინ ხელში მეჭირა თითქოს სხვანაირად გამოიყურებოდა, ჩემი ქვეყნის შინდისფერ წიგნაკზე დახატული წმინდა გიორგი იმ დღეს უფრო ძლევამოსილად მეჩვენებოდა....
ჩემს წინ ჩინელი, უკან რუსი იდგა, როცა წინ მდგომი ფრანგ მესაზღვრესთან მივიდა, მისი პასპორტი დიდხანს ფურცლეს, მერე რაღაც დოკუმენტი მოსთხოვეს, ჩანთიდან კიდევ დამატებით ქაღალდების წარმოდგენამაც მოუწია. რიგი აშრიალდა, დიდი და ძლევამოსილი ერის შვილებმა ფაცი ფუცი დაიწყეს, რადგან საფრანგეთში შესვლა მათთვის ბარიერების გადალახვასთან იყო დაკავშირებული.... მე კი იმ დღეს რიგში ჩემს წმინდა გიორგისთან ერთად ყველაზე არხეინად და ამაყად ვიდექი! იმ დღეს როცა ფრანგ ოფიცერს ქართული პასპორტი მივაწოდე, მომეჩვენა რომ ოდნავ გაიღიმა, თითქოს ჩემი წმინდა გიორგი იცნო და ამიტომაც ვიზა აღარ უძებნია, თავი თავაზიანად დამიკრა და ევროპის „კარები გამიღო“....
ჩემს უკან რიგში დარჩა რუსი, არაბი, თურქი, ვინ იცის კიდევ რამდენი დიდი და ძლევამოსილი ერის შვილი! მე კი მოვდიოდი და ვფიქრობდი ჩემს ნატანჯ ხალხზე, ჩემს პაწაწინა და ნაგვემ სახელმწიფოზე, რომელმაც მიუხედავად ბევრი განსაცდელისა, საკუთარი შრომითა და თავდადებით მოიპოვა უფლება იყოს ევროპის ნაწილი, ამაყად იდგეს ამ სამყაროს თავისუფალ და ძლევამოსილ ხალხთა შორის! ზუსტად იგივე განწყობა მაქვს ახლაც, ამ წუთას, ამ დიდებულ საღამოს როცა ვიცი რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ემზადება....
„...მზე ეთხოვება ალბათ ახლა ტურფა ტანძიას...
ეს სიცხადეა, სულ-საბავ, თუ ფანტაზია?!“
.... დიახ სიცხადეა, სიცხადე..... ამ დროს კი ალბათ ყველაზე მეტად ჩვენი დიდი წინაპრები ზეიმობენ: სულხან საბა, ვახტანგი, ერეკლე, ილია... ვულოცავ საქართველოს, მის მთავრობას, პრეზიდენტს ამ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ ნაბიჯს, დიდი ძალისხმევა, რუდუნება და სიდინჯე სჭირდება ისტორიულ შედეგს და დარწმუნებული ვარ ჩვენ გავიმარჯვებთ! დიდება საქართველოს, დიდება ქართველ ხალხს!“, - წერს გიორგი კალანდია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ქალი, რომელმაც მსოფლიოში დედის დღე დააწესა, უშვილო გარდაიცვალა
🔵„დოჩი“ ფეხმძმედაა - „ღმერთი მალე არამიწიერ ბედნიერებას მაზიარებს…“