Digest Logo

„ამ პროდუქტს არ ვურჩევ არც ერთ პაციენტს და არც მომხმარებელს!“ - გიორგი ფხაკაძის მორიგი გაფრთხილება!

1741155975
გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, WHO-ს ექსპერტი, Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი პროფესორი გიორგი ფხაკაძე, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე, სოციალურ ქსელში საზოგადოებას პერიოდულად უზიარებს სასარგებლო რჩევებს, ამჯერად იგი „კამელინის“ შესახებ წერს:

„ბოლო პერიოდში ვიღებ უამრავ შეტყობინებას ონკოპაციენტების და სხვა ადამიანებისგან, რომლებიც დაინტერესდნენ „კამელინის“ პროდუქციით. მინდა მკაფიოდ განვაცხადო:

ამ პროდუქტს არ ვურჩევ არც ერთ პაციენტს და არც მომხმარებელს!

რატომ არ ვურჩევ „კამელინს“?

მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანა:

კომპანია კამელინი აცხადებს, რომ მისი პროდუქტები კიბოს, ინფექციების და სხვა სერიოზული დაავადებების მკურნალობაში ეფექტიანია, მაგრამ:

• არ არსებობს მტკიცებულებაზე დაფუძნებული სამეცნიერო კვლევა, რომელიც ამტკიცებს ამ პრეპარატების ეფექტურობას.
• კომპანიის მიერ მოტანილი კვლევები არ არის გამოქვეყნებული საერთაშორისო აღიარებული სამედიცინო ჟურნალებში.
• კვლევები არ არის გასული საერთაშორისო ექსპერტიზაზე (peer review) და არ უტარდებათ სანდო კლინიკური გამოცდები.

არავითარი საერთაშორისო აღიარება:

კამელინს არ გააჩნია არც ერთი საერთაშორისო რეგულატორის მიერ გაცემული ლიცენზია – არც აშშ-ის FDA, არც ევროპის EMA და არც WHO-ს ოფიციალური ნებართვა.

  კომპანია ამაყობს მრავალი სერტიფიკატით, მაგრამ:

• მათი უმეტესობა ვადაგასულია და დღეისთვის ძალაში არ არის.
• სერტიფიკატები მხოლოდ ადგილობრივ დონეზეა გაცემული და არ მიეკუთვნება საერთაშორისო სტანდარტებს.
• არ არსებობს არც ერთი საერთაშორისო ლაბორატორია, რომელმაც დამოუკიდებლად შეისწავლა და დაადასტურა კამელინის ეფექტურობა და უსაფრთხოება.

საფრთხე პაციენტებისთვის:

ყველაზე დიდი რისკი ამ პრეპარატების გამოყენებით არის ის, რომ პაციენტებმა შეიძლება უარი თქვან ოფიციალურად დამტკიცებულ და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მკურნალობაზე, რაც მათ ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს მიაყენებს.

ონკოლოგიურ და ქრონიკულ პაციენტებში არამეცნიერულად დამტკიცებული საშუალებების გამოყენება შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში აღმოჩნდეს.

მნიშვნელოვანია: 

ეს არის საეჭვო, დაუმტკიცებელი და პოტენციურად სახიფათო პრეპარატი, რომელსაც არანაირი საერთაშორისო აღიარება და მეცნიერული დასაბუთება არ გააჩნია.

ნუ ენდობით დაუსაბუთებელ პრეტენზიებს!

თუ ჯანმრთელობის პრობლემა გაქვთ, მიმართეთ მხოლოდ მტკიცებულებაზე დაფუძნებულ მედიცინას და გაიარეთ კონსულტაცია კვალიფიციურ ექიმთან!

გთხოვთ გააზიაროთ ეს პოსტი, რათა მეტი ადამიანი გათვითცნობიერდეს ამ საკითხზე და არ შეეწიროს დაუმტკიცებელ სამედიცინო პრეპარატებს!“, - წერს გიორგი ფხაკაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ნეგატიური ინფორმაციების ხშირი გაზიარება კვებავს უხორცო სულებს, ერიდეთ რთული შიგთავსის ვიდეოებს და ამბების აფიშირებას“ - გიორგი ლობჯანიძე

🎥 „წელს არ ვფიქრობ, რომ მისი მდგომარეობა გამოსწორდება... მქონდა 3 მთავარი მღვდლის სიკვდილი ნაწინასწარმეტყველები“ - გოგა მანია

🎥 „რამდენიმე მსახიობმა არ მომისმინა...ვარ ჩუმად, უფრო დიპლომატიურად ვუდგები...“ - რას ჰყვება რობერტ სტურუა?