Digest Logo

„...ამათგან ნებისმიერი ერთის მსახურება ღმერთის მსახურებაა, მათგან რამდენიმესი ან ყველასი კი - ადამიანის დიდებული ღვაწლი“ - რას წერს გია მურღულია

1754807628
გია მურღულია

ფილოლოგი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და პერიოდულად შთამაგონებელ სტატუსებს აქვეყნებს, სადაც საზოგადოებას მის ცხოვრებაზე დაკვირვებას უზიარებს.

ამჯერად იგი მორიგ საინტერესო, შთამაგონებელ და ცხოვრებისეულ პოსტს აქვეყნებს:

„ღმერთი სხვადასხვა სახით ჩანს, წარმოგვიდგება და გვესაუბრება.

ის არის: სიკეთე, სიყვარული, ჭეშმარიტება, თავისუფლება, ღირსება, მშვენიერება, სამართლიანობა, ბედნიერება,
მარადისობა...

ამათგან ნებისმიერი ერთის მსახურება ღმერთის მსახურებაა, მათგან რამდენიმესი ან ყველასი კი - ადამიანის დიდებული ღვაწლი. ყველასიო?! რატომაც არა? - ეს შესაძლებელია.

1. სიკეთე - რითაც შეგიძლია, დაეხმარე პირველივე შემხვედრს. თუნდაც - ერთი ლარით ან უბრალო კეთილგანწყობით.
2. სიყვარული - ეს ღმერთის მთავარი სახეა. ყოველდღე შეეცადე, უმზირო მას. ეს სახე დაგანახვებს, რომ უზენაესი ყველგან და ყველაფერშია. და ნამდვილი არსებობით მხოლოდ ის ცოცხლობს, ვინც სიყვარულს გრძნობს, აღიარებს, გამოხატავს და ეთაყვანება.
3. ჭეშმარიტება - შეეცადე შეძლებისდაგვარად აღმოაჩინო, ჩასწვდე, გაიგო და გამოხატო. რით დაინახავ? - სხვა ყველაფერი იცვლება, ის კი სახეს არასდროს კარგავს.
4. თავისუფლება - ისე მოიქეცი, როგორც შენი სინდისი გკარნახობს. ღმერთმა იზრუნა, რომ ის არასდროს შეცდეს. სულ გახსოვდეს, რომ თავისუფლება მხოლოდ პრივილეგია კი არა, პასუხისმგებლობაც არის
5. ღირსება - შეიცანი ცხოვრების პრინციპები, რომელთა გარეშე კაცის ამქვეყნად ყოფნა საზრისსა და სხვათა პატივისცემას კარგავს. მოყვასს აგრძნობინე, რომ შენთვის სულ ერთი არ არის, როგორ მიაღწევ მიზანს.
6. მშვენიერება - დაინახე, რომ ჰარმონია ისე მსჭვალავს სამყაროს, არ შეიძლება, შემთხვევითი იყოს. თუ ქმნი, სასარგებლოსთან ერთად ლამაზიც შექმენი.
7. სამართლიანობა - ეს ის არის, ხმელ ხესაც რომ ანედლებს და სიცოცხლეს უბრუნებს. ემსახურე მას.
8. ბედნიერება - მისკენ სწრაფვა ადამიანის ყველაზე ბუნებრივი მდგომარეობაა. მასში ღმერთის სხივი ანათებს და ათბობს. ისე მოიპოვე, რომ სხვას ხელი არ შეუშალო.
9. მარადისობა - ამ სახის გამოჩენით უფალი გეუბნება, რომ შენ მისი შვილი ხარ და შენი გულის მზერას არასდროს დათმობს. იცხოვრე მარადისობისთვის.

ეს ყველაფერი დღესაც შეგიძლია მოასწრო.

და რომ დაღამდება, სინათლეს რომ სული ამოხდება (ვაჟა), მთელი შენი სიცოცხლით იგრძნობ, ღმერთი მთელი დღე სულ შენთან იყო.

თითქოს რად სჭირდება, მაგრამ მას ეს კიდეც უნდა და კიდეც შეუძლია.რატომ ან რისთვის უნდა?
დავაცადოთ მის იდუმალებას, რომ კიდევ დიდხანს გაგვაოცოს“, - წერს გია მურღულია.

ასევე დაგაინტერესეთ:

როგორ განვასხვაოთ ნამდვილი და ფხვნილზე დამზადებული ყველი? - სურსათის უვნებლობის სპეციალისტის რეკომენდაცია

„გარდაცვალების ჟამს დაინახავს პირველად საკუთარ თავს - ზუსტად ისეთს, როგორიცაა სინამდვილეში და შეძრწუნდება“ - თეოდორე გიგნაძის ქადაგება

„შესაძლებელია, განვითარდეს სტიქიური პროცესები“ - მეტეოროლოგის გაფრთხილება მოსახლეობას