ადვოკატი ზვიად კორძაძე ფეისბუკის პირად გვერდზე ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ჩანახატს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
🔵ვინ იყო ვალენტინი? - განკვეთილმა ბერმა ჰომოსექსუალ წყვილს ჯვარი დასწერა
„სავალენტინო“
ცხოვრებაში ბევრნაირი თვალები გხვდება: ღრმა, სევდიანი, კეთილი, ბოროტი, მორბენალი, ეშმაკური, ცბიერი, სუფთა, ამღვრეული, ცივი, შეყვარებული, სასოწარკვეთილი, პატიოსანი, თბილი ...
მე რამდენიმე მახსოვს:
მოხუცი ბებიის თვალები:
შეიძლება ითქვას, რომ ბებიამ გამზარდა. დედა და მამა პედაგოგები იყვნენ და დილით ადრე წასულები, საღამოს გვიან ბრუნდებოდნენ. ბებიას ხელში ვიზრდებოდი. თავადის ქალი იყო. თავადობა ამ შემთხვევაში არა სოციალური სტატუსით, არამედ აღზრდით იყო საინტერესო. ბევრი რამე მასწავლა ისე, რომ ახლა ვხვდები მის ფასსა და ღირებულებას. ბებია რომ გარდაიცვალა, უნივერსიტეტში ვსწავლობდი. უკვე ცუდად იყო და სანახავად ჩავედი, ლოგინად ჩავარდნილიყო, წამოსვლისას გამოსამშვიდობებლად შევედი მის ოთახში, ვაკოცე და მალე ჩამოვალთქო. შემომხედა - ამ თვალებში იყო ყველაფერი: სიყვარული, რომელსაც 20 წელი მჩუქნიდა, იმედი, რომ კიდევ მნახავდა და ეჭვი და განცდა, რომ ბოლოჯერ მხედავდა. რანდენიმე დღეში გარდაიცვალა, აღარ მინახავს. დღემდე მახსოვს ის თვალები... რომ მცოდნოდა რომ ბოლოჯერ ვხედავდი ...
ჩემით აღფრთოვანებული შვილის თვალები:
შვილის თვალები ყველაფერია. თან ასაკთან ერთად იცვლება. პატარა, უკვე როცა გცნობს და იცის ვინც ხარ, უზომო სიხარულს გამოხატავს. მერე სიყვარული ემატება თვალებს, მერე იმედი. ცივდებაო შვილის თვალები ასაკთან ერთად, ამბობენ და თბებაო, როცა მშობელი უბერდებაო.
მე მაინც ჩემით აღფრთოვანებული შვილის თვალები მახსოვს. მესამე კლასში იყო, მოვიდა და პარალელურ კლასს ვხვდებით ფეხბურთში და მშობლებიც უნდა შეეჯიბროთო, წამოხვალო მკითხა. არ ვიყავი კარგად, ფიზიკურადაც დიდი ხანი არ დავტვირთულვარ, მაგრამ უარი ვერ ვუთხარი. კითქო. გაეხარდა, შევატყვე. მეორე დღეს თამაშზე წავედით, შევიკრიბეთ მამები, კარში ჩავდგებითქო, ვითხოვე, ცხოვრებაში კარში არ ვმდგარვარ, მაგრამ თავის იმედი არ მქონდა, რომ ვირბენდი, დაიწყო თამაში. თვითონ ტრიბუნაზე იჯდა, შევატყვე მეტს ელოდა ჩემგან, ვთხოვე კარში სხვა ჩამდგარიყო. 5:0 მოვიგეთ ის თამაში. ოთხი გოლი გავიტანე, საუკეთესო მამა ფეხბურთელის პრიზი მან ჩაიბარა. დღემდე მახსოვს მისი თვალები ბედნიერი, ამაყი, მადლიერი, მისთვის ვიყავი ამირანიც, ბეტმენიც, მესიც და ჩაკ ნორისიც. მას არა მარტო ვუყვარდი ამაყობდა ჩემით. მე დღემდე არ ვიცი როგორ გადავრჩი იმ თამაშზე ფიზიკურად. ზუსტად ერთ წელიწადში ფეხბურთის თამაშისას ოღონდ ნავარჯიშევს და მომზადებულს გულის ისეთი შეტევა მომივიდა გადასარჩენი გავხდი.
პატიმრის თვალები:
ჩემი პროფესიის გამო პატიმრებთან ურთიერთობა მიწევს. ციხე ადამიანის მიერ მოგონილი ყველაზე დიდი ბოროტებაა, თავისუფლების დაკარგვა კიდევ ყველაზე დიდი სასჯელი. პატიმრის თვალები სხვადასხვანაირია, ზოგჯერ იმედიანი, ზოგჯერ სასოწარკვეთილი, ზოგჯერ აგრესიული, ზოგჯერ სევდიანი, მისთვის ყველაფერი ხარ, მოძღვარი, იმედი, აგრესიის ობიექტი, ახალი ამბების წყარო, ფოსტალიონი, მოკლედ გარე სამყაროსთან კომუნიკაციის ერთადერთი საშუალება და თვალებიც შესაბამისად სხვადასხვანაირია. მაგრამ მე ერთი თვალები მახსოვს: როცა მოსამართლე გამამართლებელ განაჩენს კითხულობს და პატიმარს გისოსებს უღებენ და ათავისუფლებენ. ეს არაა მარტო მადლიერების თვალები, ეს თავისუფლების თვალებია. ეს თვალები არ იცვლება, ყოველი მომდევნო შეხვედრისას ერთი, სამი, ხუთი, ათი წლის შემდეგ...
ბერის თვალები:
ერთ ბერთან მოვხვდი სახლში, დღემდე არ ვიცი როგორ, რატომ? მორწმუნე ვარ, მაგრამ ეკლესიურობით არ გამოვირჩევი. მოკლედ გარეუბანში სამოთახიან ბინაში მოვხვდი. ხატები, მონაზვნები, მორჩილები ავადმყოფები, შეპყრობილები ცნობისმოყვარეები. მამა საბა, სახელი მახსოვს, არც ქართული იცოდა არც რუსული, არც ინგლისური, მგონი მხოლოდ ბერძნული. მოკლედ სიტყვიერი კომუნიკაცია გამოირიცხა. მოხუცი იყო ძალიან, პატარა და ასკეტურად გამხდარი, თეთრი სპეტაკი წვერით და ლურჯი ძალიან ლურჯი თვალებით. ნახევარი საათი ვიყავი ლოცვას კითხულობდა თავის ენაზე და თვალებში მიყურებდა. მე მისი თვალებში დავინახე სიმშვიდე, რომელიც არასდროს, არსად არ მინახავს და მიგრძნია. თვალები სუფთა იყო ყველანაირი ამქვეყნიური საზრუნავისგან, სიკეთის და დადებითი ენერგიის წყარო და რაც ყველაზე მთავარია ეს არ იყო ზოგადად მშვიდი თვალები, ეს თვალები ჩემთვის იყო ის ნახევარი საათი. მიუხედავად ენობრივი ბარიერისა მე ამ თვალებმა აღსარებაც მათქმევინა, სინანულიც მომგვარა და მაზიარა კიდეც.
შენზე შეყვარებული ქალის თვალები:
ამბობენ სიყვარული არ არსებობსო; ამბობენ ავადმყოფობააო და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ფსიქიკური აშლილობის კლასიფიკაცია მისცა და კოდიც მიანიჭაო; ამბობენ სამი ოთხი წელი გრძელდებაო ... ფაქტი ერთია სიყვარული ამოძრავებს ამ სამყაროს: ან სიყვარულის მტკიცება ან სიყვარულის უარყოფა. კაცი მოცემულობით პოლიგამიურია და ამიტომ მისი შეყვარებული თვალები, რაც არ უნდა გულლწრფელი იყოს, საუკუნებრივ ნდობას ვერ იმსახურებს, მით უმეტეს ჭკვიან ქალში, რადგან რეციდივის პერსპექტივით და ზოგჯერ ისტორითაა დატვირთული.
ქალი მოცემულობით მონოგამიურია, ამიტომ სხვაა შენზე შეყვარებული ქალის თვალები. ის აერთიანებს ყველა იმ თვალებში ნანახს რომელიც ცხოვრებაში დამამახსოვრდა: შენით აღფრთოვანებული შვილის სიამაყეს, ბერის სიმშვიდეს, პატიმრისთვის მინიჭებულ თავისუფლებას, მოხუცი ბებიის ზრუნვას, იმედს, რომ კიდეც გნახავს და ეჭვს, რომ შეიძლება ვეღარ გნახოს და კიდევ იმას, რომ ერთადერთი ხარ. ეს ერთადერთობა მხოლოდ ჩემზე შეყვარებული ქალის თვალებში ვნახე, რადგან ბერს სხვა მრევლიც ჰყავს და არათუ უფლება აქვს ვალდებულიცაა სხვასაც იგივე თვალებით უყუროს, ბებიასაც ჰყავდა სხვა შვილიშვილები და პატიმარსაც სხვა ადვოკატი, შვილიც დედასაც შეხედავს იგივე თვალით და ბოლოს და ბოლოს წამოიზრდება და მიხვდება რომ ფეხბურთს შენზე უკეთ სხვა თამაშობს...
შენზე შეყვარებული ქალის თვალებში იმაზე კარგი ხარ, ვიდრე საერთოდ ხარ, უფრო მეტიც - გრძნობ, რომ საერთოდ ხარ“, - წერს ზვიად კორძაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔘„არ მოტყუვდეთ!“ - თამუნა მუსერიძე საზოგადოებას აფრთხილებს
🔘„ბავშვებიც რომ ისჯებიან? 2-წლინახევრის ბავშვს ძილი დაერღვა, სულ მამას ითხოვს“ - გიული ალასანია