გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, „ფეისბუკზე“ ხშირად აქვეყნებს პოსტებს, სადაც საზოგადოებას სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე რჩევებს უზიარებს.
იგი მორიგ პოსტში ჰიკიკომორიზე საუბრობს, რაც ათწლეულებია დიდ პრობლემას წარმოადგენს იაპონიაში:
„ძალიან მნიშვნელოვანი თემა!
ჰიკიკომორი - ჩუმი გაუჩინარება. ეს ფენომენი ათწლეულებია დიდ პრობლემას წარმოადგენს იაპონიაში.
სიტყვა ჰიკიკომორი მოდის ზმნიდან უკან დახევა, თვითიზოლაცია. ამ დროს ადამიანები იკეტებიან სახლში და გარესამყაროსგან სრულიად იზოლირებულები ცხოვრობენ თავიანთ ოთახში, ხშირად მშობლების სახლში და მშობლების იმედად. ჰიკიკომორი შეიძლება რამდენიმე თვიდან რამდენიმე ათწლეულამდე გაგრძელდეს.
მიზეზები მრავალფეროვანია. ხშირად ეს ყველაფერი ბავშვობაში იწყება. იაპონიას აქვს ძალიან მკაცრი და რიგიდული განათლების & სამუშაო წესები და მორალი.
მშობლები განსაკუთრებით დიდ ყურადღებას აქცევენ შვილის წარჩინებულ სწავლას ჯერ სკოლაში, შემდეგ საუკეთესო უნივერსიტეტში. ეს ყველაფერი გრძელდება კარგ კომპანიაში მუშაობით თვითშეწირვის დონემდე.
ამხელა წნეხს ყველა ვერ უძლებს. ჩამორჩენას და წარუმატებლობას ხშირად ბულინგი მოჰყვება, რაც სირცხვილის და უკმარისობის გრძნობით დატანჯულ ადამიანებს სოციალურ იზოლაციაში უშვებს.
კომორბიდულად, ანუ პარალელურად, არც თუ ისე იშვიათია ფსიქოლოგიური აშლილობები და დაავადებები, როგორიცაა:
- შიზოფრენია
- დეპრესია
- შფოთვითი აშლილობა
- სოციალური ფობია
- პიროვნების აშლილობა
თუმცა სოციო-კულტურული ფაქტორები წამყვან ან მაპროვოცირებელ როლს თამაშობენ. დიგიტალურმა ხანამ ჰიკიკომორზე სასუქივით იმოქმედა, თუმცა იმედიც მოიტანა, რომ ონლაინ თერაპიები და ჯგუფები დადებით ეფექტს იქონიებს ამ ადამიანების რესოციალიზაციაზე.
ჰიკიკომორი კი იაპონური სიტყვაა, თუმცა მსგავსი ფენომენი სხვა ქვეყნებშიც აღინიშნება. განსაკუთრებით დიდია მსგავსება საქართველოსთან, სადაც მშობლები, ნათესაობა დღემდე დიდ გავლენას ახდენს მოზარდის პროფესიულ თუ პირადულ არჩევანზე.
სოციალური წნეხი, მშობლების გადაჭარბებული და ისტერიული ფოკუსი შვილების განათლებასა და წარმატებაზე, წარუმატებლობის დიდი სოციალური სტიგმა, ბულინგი - ეს ყველაფერი, მითუმეტეს ერთად აღებული, ბევრ ადამიანს ტეხავს და ავადებს.
ჩვენი - საზოგადოების ვალდებულებაა ყურადღებით ვიყოთ თანამოქალაქეების მიმართ, არასდროს გავრიყოთ არავინ, არც კი გავბედოთ ვინმეზე ბულინგი!
ოჯახის ვალდებულებაა პირველ რიგში ბავშვის ჯანმრთელობაზე, კეთილდღეობაზე ზრუნვა და არა ამ ბავშვის ინსტრუმენტალიზებაზე, რომ მან უმაღლეს სოციო-ეკონომიკურ სტატუსს მიაღწიოს, განსაკუთრებით სხვების დასანახად.
ყველა ერთნაირი არ არის... საბედნიეროდ!
ემპათია და ურთიერთპატივისცემა - ეს უნდა იყოს ყველა ურთიერთობის არსი, საფუძველი.
იშვიათია მენტალური პრობლემა, რომელიც ოჯახიდან არ მოდის, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო - პატარა, სამხრეთული, ზედმეტად ემოციური, გარკვეულწილად თეოკრატიული, პოსტსაბჭოური“, - წერს ლევან შელეგია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 4 მაისს საქართველოში
🎥 „ნათიას მე დავარქვი ჩემი შეცდომების გასწორება“ - ზაზა კოლელიშვილი მეუღლეზე
🎥 „ერთი რამ ვიცი, ზაზა კოლელიშვილი ღვთის მოშიში გახდა“ - რას ჰყვება ლეგენდარული მსახიობი „ნოესთან“