Digest Logo

„არ მახსოვს პირველი დღეები. ასე მგონია სხვა ცხოვრობდა ჩემს მაგივრად, რობოტივით დავდიოდი სამსახური - საავადმყოფო“ - რა შეემთხვა ვახო სანაიას შვილს

1686323923
ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაიას ცოლი, ექიმი თამუნა ყურაშვილი სოციალურ ქსელში მის მცირეწლოვან შვილზე წერს, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა სამი კვირის წინ გაუჩნდა, რის გამოც სასწრაფოდ გადაიყვანეს „იაშვილის“ კლინიკაში. 

„ზუსტად სამი კვირის წინ, გამთენიისას სანის მისცა სიცხე, მერე მთელი დღე არ ჰქონდა, საღამოს ისევ მისცა, სხვა სიმპტომები არ ჰქონდა. მეორე დღეს, პარასკევს წავიყვანე ექიმთან, მოუსმინეს ფილტვებს - არაფერი, პერიოდულად მუცელს იტკიებდა, სიცხე არ ჰქონდა. საღამოს ისევ მისცა სიცხე , ჩავთავლეთ სამდღიანი ვირუსი და მესამე დღეს ველოდით უკვე კარგად ყოფნას და დაგეგმილ სურამში წასვლას, შაბათს უკვე ცოტა შევშფოთდი, რადგან მოითენთა კიდეც და საღამოს სასწრაფო გამოვიძახე , სიცხის დამწევი არ შველოდა და გრილი ტილოთი ვუგდებდი სიცხეს. მოუსმინა სასწრაფოს ექიმმაც და ფილტვში ისევ არაფერი იყო, მუცელი სტკიოდა. გადავწყვიტეთ გადაყვანა. ყველგან დარეკა სასწრაფომ. კლინიკებში ადგილი არ იყო.

რას ვიზამდი, სასწრაფო გავუშვი და ჩემი მანქანით წავედით იაშვილში, რადგან მორიგე ქირურგი იქნებოდა და ექოსკოპიის გაკეთებაც შესაძლებელია ღამის 1 საათზე.

სანი როცა 8 თვის იყო, მაშინაც მოგვიწია იაშვილში ყოფნა ორი კვირით ან ცოტა მეტი და ახლა, როცა მორიგე ექიმმა ნახა, ეგრევე იცნო სანი, მისი წონის პრობლემაც გაიხსენა და ძველი პერიპეტიები. მოკლედ, სანის აღმოაჩნდა პლევროპნევმონია, სეფსისი - ამ სამ დღეში ანთება უკვე ასტრალში იყო, ცე რეაქტიული ცილა 325 ჰქონდა. არც ხველა, არც სუნთქვის უკმარისობა, საერთოდ არაფერი ჩივილი სასუნთქი სისტემის მხრიდან. მხოლოდ მუცლის ტკივილი. მართლა შოკში ვიყავი, ორ დღეში როგორ შეიძლება განვითარებულიყო ასეთი რამე, ასე სწრაფად, მერე მაკა თევზაძემ ამიხსნა, რომ ამ გაზაფხულის ვირუსები ერთ დღეშიც კი ასე რთულდება, პირველად ვხედავთ ასეთ სწრაფ გართულებასო.

მართლა არ მახსოვს პირველი დღეები, სანი რეანიმაციაში, სამი უძლიერესი ანტიბიოტიკის გადასხმა, უჭმელობა, გაუჩერებელი გადასხმები.

სამ დღეში მომჯობინდა, ცრპ ჩამოვიდა, რენტგენზე სულ ოდნავ გამოჩნდა მთლიანად თეთრი ფილტვი. ამოვისუნთქეთ, მუცელში სითხემ დაიწია და ამ დროს ისევ დაიწყო სუბფებრილური ტემპერატურა, თითო-ოროლა გამონაყარი შევამჩნიე და რა მოხდა? ამ ფონზე დაერთო ჩუტყვავილა, რეანიმაციაში, მოგეხსენებათ 21 დღეა ინკუბაციის პერიოდი და სავარაუდოდ ჰქონდა და იქ გამოვლინდა. ისევ აიწია ცრპ, ძლივს გამოჩენილი ფილტვის კონტური ისევ გაქრა, ანტიბიოტიკის გამოცვლა დაგვჭირდა უკვე სარეზერვოთი, მაგრამ სანი უკვე კარგად იყო ობიექტურად, ჭამა დაიწყო, თამაში.

მე ღამე იქ ვიყავი, დღე მიწევდა სამსახურში გაქცევა, რადგან ორი თვის წინ ჩაწერილ და უცხოეთიდან ჩამოსულ
პაცინტებს ვერ დავაღალატებდი, ხათო, თამრიკო და მარიამი იყვნენ ამ დროს სანისთან. ეს 20 დღე იყო სურეალიზმი, ასე მგონია სხვა ცხოვრობდა ჩემს მაგივრად, რობოტივით დავდიოდი სამსახური - საავადმყოფო, სახლში ერთი საათი შერბენას თუ ვახერხებდი, სადაც გაგიჟებული ნოა მხვდებოდა, რომელიც ვერ მიხვდა, სად გავქრით მე და სანი. ვახოც რომ საავადმყოფოში იყო, სულ გადაირია, დაღრღნა რაღაცები, პროტესტის ნიშნად აფუჭებდა ყველაფერს. როცა ვიდეოზარით ჩემი ხმა ესმოდა, ეკრანს ლოკავდა. სანი ახლა კარგადაა, დერეფანში რომ გაისეირნა პირველად ეშმაკურად იცინოდა, ბედნიერი იყო  დღეს ალბათ გაგვწერენ.

იყავით ფრთხილად, მეორე უკიდურესობა- აპ, აპ, აპ ანტიბიოტიკი ცუდია და მხოლოდ ავადობის მეშვიდე დღეს უნდა დაინიშნოს, ეს მიდგომა ამ შემთხვევაში დამღუპველია.

ცალკე ამბავია სანის დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ, როგორ აწვდიდა ხელს დიდი ადამიანივით კათეტერისთვის, როგორ ეუბნებოდა ექთნებს - სულ ეს იყო? როგორ ემშვიდობებოდა - დროებით, არ მეტკინა, მადლობა. როცა გვიჭირდა ვენის კათეტერის ჩაყენება ირინა ეუბნებოდა - სანი, იყავი რა ჩვეულებრივი ბავშვი, წაგვართვი ხელი, იჩხავლე, იტირე და ასეთ რამეებს ნუ გვეუბნებიო.

ბოლოს ამბობდა, სისხლი არ მომდის და კარგად ვარო. ვუბრუნდებით ადამიანურ ცხოვრებას, თურმე რა მაგარია ბანალური რუტინა. მთავარია ახლა სანიმ წონაში მატება დაიწყოს“, - წერს თამუნა ყურაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

როდემდე გაგრძელდება წვიმიანი ამინდი საქართველოში - რას ამბობენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში

ჭიათურაში ახალგაზრდა კაცი დაიკარგა - „შეგვეხმიანეთ, ოჯახი ძალიან ნერვიულობს“

🔵 „9 და 10 ივნისს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +30 გრადუსს მიაღწევს“ - მეტეოროლოგის პროგნოზი