იურისტი, კრიმინოლოგი, პარაფსიქოლოგ-ეზოტერიკოსი, ტაროლოგი და ნუმეროლოგი ქეთევან ჯანდიერი სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.
იგი საზოგადოებას მოუწოდებს, ნუ იცხოვრებენ სიკვდილის შიშით:
„როდესაც აღარ ვიქნები, გახსოვდეს — სიცოცხლე არ მთავრდება, ის უბრალოდ სახეს იცვლის…
თუ ოდესმე ქარს იგრძნობ სახეზე ისე, თითქოს ვინმე გეხება, იცოდე ეს მე ვიქნები, მოგეფერები თბილად, რომ არ დაგავიწყდეს: მე აქ ვარ, ქარში, სინათლეში, შენს გულში. შენზე ბევრჯერ ვიდარდე, მაგრამ ახლა ვიცი, დარდი არასოდეს შველის სიყვარულს. ის მხოლოდ ასწავლის, როგორ უნდა გაუშვა ისე, რომ სითბო შეინარჩუნო.
ბავშვობიდანვე ვატარე ბევრი უხილავი ტკივილი, თითქოს გულის სიღრმეში ჩასახლებული სტუმარი, რომელიც წასვლას არ ჩქარობდა. დღეს უკვე ვიცი, ეს იყო ჩემი გზა, ჩემი სწავლა. და თუ რაიმე ღირებულს დავტოვებ შენთვის, ეს სიტყვებია: არასოდეს შეეწირო სხვა ადამიანს. არც სიყვარულით, არც შიშით. ვინც არ უნდა იყოს: შენი შვილი, საყვარელი, მეგობარი თუ მშობელი.. შენს თავზე მაღლა გახსოვდეს, ვერავინ დგას.
შენი თავი გიყვარდეს — არა ამპარტავნულად, არამედ მადლიერად.
გიყვარდეს შენი სუნთქვა, შენი გულისცემა, შენი თითების მოძრაობა, შენი სხეული… ყველა ორგანო, რომელიც დღედაღამ შენს გადარჩენაზე მუშაობს… მოუსმინე და მოეფერე მას… მოუფრთხილდი... ეს არის შენი წმინდა ტაძარი. არავინ და არაფერი ღირს იმად, რომ მასში ტკივილი დასახლდეს. ნუ მისცემ ვინმეს უფლებას, რომ შენი სიხარულის უნარი წაგართვას. შენი სიხარული — ეს არის შენი ღმერთი. და ვინც მას გიკარგავს ან გიკლავს, ცხოვრებასაც გართმევს.
იცოდე: ყველაფერი შენით იწყება.
შენით იბადება სამყარო — შენი მზერის სინათლიდან, შენი სუნთქვის სიჩუმიდან, შენი სიყვარულის ძალიდან. არავის მისცე უფლება, ჩააქროს შუქი შენს თვალებში. ვინც ამას ერთხელ მაინც შეეცდება, მადლობა გადაუხადე გაკვეთილისთვის და დახურე ის წიგნივით, სადაც აღარ გენდომება დაბრუნება.
და როცა ცხოვრება გადაგღლის, შეისვენე, მაგრამ არასოდეს თქვა: „ვნებდები.“
ცხოვრება არ გეკითხება, მზად ხარ თუ არა, ის უბრალოდ მოდის, და მოითხოვს შენგან სიბრძნეს, როცა ძალა აღარ გყოფნის.
ისწავლე გიყვარდეს ისიც, რაც არ გესმის.
ისწავლე გაუშვა ის, რაც გტკივა. და ისწავლე მადლობა გადაუხადო იმასაც და იმისთვისაც რაც დაგაკლდა, რადგან სწორედ იმ სიცარიელეში იბადება თურმე შენი სული. და როცა სიჩუმეში მარტო დარჩები — არ შეგეშინდეს. სიჩუმე არ არის მარტოობა.
სიჩუმე არის ის ადგილი, სადაც ღმერთი ჩუმად გელაპარაკება. თუ ოდესმე ვინმეს უთხარი, რომ გიყვარს, უთხარი ისე, თითქოს უკანასკნელად ამბობ. თუ ვინმეს შეძლებ რომ აპატიო, აპატიე გულწრფელად, იმისთვის, რომ შენ გათავისუფლდე. თუმცა ვიცი… ვიცი რომ ძნელია…
და როცა აღარ ვიქნები, გთხოვ არ ატირო.. გამიღიმე. რადგან შენი ღიმილი იქნება ჩემი ყველაზე ტკბილი დაბრუნება აქ და ამოსუნთქვა ამ ხანდახან დაუნდობელ და სასტიკ სამყაროში.
გახსოვდეს, სიყვარულო, სიკვდილი არაფერს წყვეტს. არ იცხოვრო სიკვდილის შიშით ისე რომ ცხოვრება გაგეპაროს ხელიდან.. რადგან, სიკვდილი მხოლოდ ბოლო აბზაცია წიგნში, რომელიც სიყვარულით იწყება და სიყვარულითვე გრძელდება, ოღონდ სხვა სამყაროში…“, - წერს ქეთევან ჯანდიერი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕პატარა მატილდე ქარაზანიშვილი მშობლებთან ერთად პოზირებს - „უსაყვარლესი ოჯახი“