ფსიქოთერაპევტი მაგდა კოტრიკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემას დეპრესიას განიხილავს.
მისი თქმით, დეპრესია გლობალურად ყველაზე გავრცელებულ ფსიქიკურ აშლილობებს შორისაა, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს თითოეული ადამიანის ცხოვრების ხარისხზე:
„დეპრესიასთან ბრძოლის დღე: რატომ იმსახურებს 13 იანვარი განსაკუთრებულ ყურადღებას - „შენ მარტო არ ხარ“!
დეპრესიასთან ბრძოლის მსოფლიო დღე ყოველ წელს 13 იანვარს აღინიშნება და ეს ინფორმაცია მხოლოდ კალენდარზე მონიშნული თარიღი არ არის გაცილებით ღრმა მნიშვნელობის მატარებელია. პოსტს დავურთავ, ცნობილი ნახატის ფოტოს, ეს არის „At Eternity’s Gate“ რომელიც შეიქმნა 1890 წელს, ვან გოგის ცხოვრების ბოლო თვეებში, იმ პერიოდში, როდესაც მისი ფსიქიკური მდგომარეობა მძიმე და არასტაბილური იყო. ნახატი ასახავს მოხუც კაცს, რომელიც სკამზე ზის, სახეს ხელებში ფარავს და თითქოს თავისივე ტკივილში იძირება. მისი სხეულის პოზა, ფერთა მკაცრი კონტრასტი და გარემოს სიძნელე აღვიძებს ადამიანის უკიდურესი სასოწარკვეთის განცდას. ვფიქრობ, ნახატი დეპრესიული ადამიანის მდგომარეობას ნათლად ასახავს. ის ვისაც ახლა აქვს დეპრესია ამოიცნობს საკუთარ თავს და ამ დღის მნიშვნელობასაც უკეთ გააანალიზებს.
ეს დღე მსოფლიოს ახსენებს, რომ დეპრესია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და დატვირთული ფსიქიკური დაავადებაა, რომელიც მილიონობით ადამიანს აყენებს ფიზიკურ, ემოციურ და სოციალურ ტკივილს. მონაცემები ცხადად აჩვენებს, რომ დეპრესია გლობალურად ყველაზე გავრცელებულ ფსიქიკურ აშლილობებს შორისაა, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს თითოეული ადამიანის ცხოვრების ხარისხზე.
დეპრესია მხოლოდ სევდის ან მოტივაციის დაკარგვის განცდა არ არის, ეს არის მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს ენერგიაზე, აზრებზე, ქცევაზე და თვითაღქმაზე. ადამიანს შეიძლება გაუჭირდეს კონცენტრაცია, ყოველდღიური საქმეების შესრულება, ურთიერთობა, ძილი, კვება და ის, რაც ადრე სიამოვნებას ანიჭებდა. ხშირად მას წინ უძღვის სტრესული მოვლენები, ტრავმული გამოცდილება, ემოციური დანაკარგი, ძალადობა ან ხანგრძლივი დაძაბულობა. ამასთან ერთად, მეცნიერება მიიჩნევს, რომ ის ეყრდნობა ბიოლოგიურ მიზეზებს, გენეტიკურ ფაქტორებს და ჰორმონალურ ცვლილებებსაც კი. ამიტომ ხშირია პუბერტატის ასაკში, პრეკლიმაქსურ ასაკში, შუახნის გარდამტეხ პერიოდებში და სიბერეშიც კი.
თუმცა რაც ყველაზე დიდ ბარიერს ქმნის, არის სტიგმა, საზოგადოებრივი აზრი, რომელიც ადამიანს აიძულებს დამალოს საკუთარი მდგომარეობა და დახმარების თხოვნის ნაცვლად სიჩუმე და მარტოობა აირჩიოს. ბევრ ქვეყანაში დეპრესიით დაავადებული ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილი ექიმთან საერთოდაც არ მიდის. ამის მიზეზი ხშირ შემთხვევაში არა სერვისების ნაკლებობა, არამედ შიშია, რომ „ვერ გაიგებენ”, “დასცინებენ”, ან „ეს უბრალოდ სისუსტედ ჩათვლიან“. სწორედ ამიტომ არის 13 იანვრის მნიშვნელობა განსაკუთრებული: ეს დღე მსოფლიოს აფიქრებს, რამდენად მნიშვნელოვანია მოუსმინო ადამიანს, რომელსაც გასიტყვების ძალა არ აქვს.
დეპრესია ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაშიც შეიძლება სრულიად შეუმჩნევლად გაჩნდეს. ადამიანი ნაკლებად აქტიური ხდება, კარგავს ინტერესს საქმიანობის მიმართ, უფრო ხშირად ტოვებს შეხვედრებს, უჭირს გადაწყვეტილებების მიღება, შეიძლება ნაკლებად გამოიხატოს ემოცია ან პირიქით, ზედმეტად მგრძნობიარე გახდეს. თუ ასეთ მდგომარეობას მეგობრები და ახლობლები ყურადღებას არ მიაქცევენ, შედეგები შეიძლება გაღრმავდეს.
რამ შეიძლება დაგვეხმაროს, როგორც საკუთარ, ისე ახლობლის მდგომარეობაში?
დეპრესიასთან ბრძოლა ხშირად პატარა ნაბიჯებით იწყება. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის საკუთარი თავისადმი გულწრფელობა და მდგომარეობის აღიარება. ყოველდღიური რუტინის, ერთგვარი რეჟიმის შექმნა, სტაბილური ძილი, ჯანსაღი კვება და ზომიერი ფიზიკური აქტივობა. ასევე, გასეირნება, დღის სინათლეზე ყოფნა, მუსიკის მოსმენა, ეს ყველაფერი ნელ-ნელა ამცირებს შიდა დაძაბულობას. თუ გრძნობ, რომ მდგომარეობა გრძელდება, გაღრმავდება ან გიშლის ხელს ჩვეულ ცხოვრებაში, აუცილებელია ფსიქოლოგთან ან ფსიქიატრთან მისვლა. მინდა იცოდეთ, რომ სპეციალისტთან სიმამაცის გამოხატულებაა.
თუ შენს გარემოში ვიღაც სხვას უჭირს, ხშირად საუკეთესო, რაც შეგიძლია გააკეთო, მოსმენაა. არა რჩევების მიცემა, არა პრობლემების „შესწორება“, არამედ მარტივად - მოსმენა, თანაგრძნობა, განკითხვების გარეშე მხარდაჭერა. ამაზე მეტად არაფერი ეხმარება ადამიანს“, - წერს მაგდა კოტრიკაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: