Digest Logo

„არსებობს ადამიანად ყოფნის უფლება, რომელიც უნივერსალურია...“ - რას წერს გია მურღულია

1754977254
გია მურღულია

ფილოლოგი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და პერიოდულად შთამაგონებელ სტატუსებს აქვეყნებს, სადაც საზოგადოებას მის ცხოვრებაზე დაკვირვებას უზიარებს.

ამჯერად იგი ახალ საინტერესო პოსტს აქვეყნებ, სადაც ალუდა ქეთელაურის ანალიზს გვიზიარებს:

„ახლა ის წამი წარმოვიდგინოთ, ალუდა ქეთელაური რომ სასიკვდილოდ დაჭრილ მუცალს თავს დაადგა.
იმან (მაინც „რჯულძაღლოს“ თქმით) თავისი თოფი გადმოუგდო ვაჟკაცობისა და ღირსების აღიარების ნიშნად, ამან კი დაინახა, მისი მოწინააღმდეგე როგორ ეცადა მთის ბალახის ნაჭრილობევზე დაფენით თუნდაც ცოტა ხნით გაეხანგრძლივებინა სიცოცხლეც და შეუპოვრობაც.

თამაზ ჩხენკელი თავის შესანიშნავ წერილში „ალუდა ქეთეაურის ვნებანი“ (წიგნში: „ვაჟა - მომავლის პოეტი“; გამომცემლობა „ინტელექტი“, გვ. 212), ასე წერს:

„...ბრძოლის ეს კულმინაციური მომენტი, ეს „წამი“ ცხოვლად ჩარჩა გულში ალუდა ქეთელაურს. შატილს მობრუნებული ალუდა ხევსურებს უყვება თავისი ორთაბრძოლის ამბავს და არ ავიწყდება აღნიშნოს, რომ მუცალი „ნატყვიარს ბრძამით იფევდა, ისრე დალია სულია“. სიზმრად მოვლენილ მუცალსაც „გულზედ ემჩნივა ნიშანი/მე-დ იმის ბრძოლის წამისა,/ ეფინა ნატყვიარშია/ ლეგა საფევი ბრძამისა“. ალუდას ცხოვლად ჩარცა გულში სახე თავგანწირული შემართებით მებრძოლი მუცალისა იმიტომ, რომ ბრძოლის ამ კულმინაციურ მომენტთან არის დაკავშირებული ქეთელაურში მომდარი დიდი ფერისცვალების აქტი".

მუცალი რომ „მაჰჯლეჯს, დაიფევს წყლულშია მწვანეს ბალახსა მთისასა“, რომ „...არ სწადის სიკვდილი, ფერს არა ჰკარგავს მგლისასა“ და, ამასთან ერთად, საკუთარ თოფს ნებაყოფლობით ეთხოვება და ალუდას უთმობს - ეს ერთი მთლიანი „წამია“, სიცოცხლის ერთ მცირე გაელვებასაც რომ გამოხატავს და მთელი ცხოვრების საზრისსაც.
ამას ღირსება ჰქვია - შენი ეცადო და სხვისას პატივი მიაგო.

ამან დააფიქრა ალუდა იმაზე რაც შემდეგ მთავარ კითხვად გარდაისახა:
„ყველანი მართალს ამბობენ განა, ვინაცა ჰფიციან?“

ყველაფერს რაღაც სიმბოლო გამოხატავს - ზოგჯერ მეტადაც კი, ვიდრე ის, რომელიც გამოხატულია.
მთის მწვანე ბალახი ის არის, ნაჭრილობევ და სასიკვდილოდ განწირულ სიცოცხლესაც კი აზრს რომ სძენს.
ის მცდელობაც არის, ლოცვაც, დროც და მარადისობაც.

მთელი ცხოვრება ემახსოვრება ის ალუდას, როგორც კაცობის ნიშანი, რომელიც „არ იყიდება ფულადა“.
იმ ბალახის ფერი და სურნელი ახლაც „ისმის“ პატიოსანი მკითხველის გულში - ნიშნად იმისა, რომ ღირსებას ეროვნება არ აქვს.

არსებობს ადამიანად ყოფნის უფლება, რომელიც უნივერსალურია.
გქონდეს შენ და მისი ფლობის უფლება დაუთმე სხვასაც.
ალუდამ ეს იმ ერთ „წამს“ გაიგო.
და იმის შემდეგ გვასწავლის ჩვენც.
სხვა საქმეა, ჩვენ როგორ ვსწავლობთ.
დაინახე და შეიგრძენი ის წამი!
მისი მირქმა მარადისობას გაზიარებს“, - წერს გია მურღულია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „მორჩი მოთქმას და იმოქმედე!...“ - რას წერს ასტროლოგი ქეთი ოდიშელი?

⭕ აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში 12 აგვისტოს ღამიდან დღის მეორე ნახევრამდე მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება

ნანუკა გუდავაძე ოჯახურ კადრებს აქვეყნებს - „ერთმანეთზე უკეთესი შვილები“