
ლეგენდარული რეჟისორი ელდარ შენგელაია 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ელდარ შენგელაიამ კინორეჟისორის უმაღლესი განათლება მიიღო კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტში. 1957-1959 წლებში მუშაობდა კინოსტუდია „მოსფილმში“. 1960 წლიდან გადავიდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. თავისი სადებიუტო ფილმი მან გადაიღო 1963 წელს თამაზ მელიავასთან ერთად. „თეთრი ქარავანი“ მწყემსთა ცხოვრების სირთულეს აღწერს.
ელდარ შენგელაიას მწერალი გიორგი კეკელიძე ემშვიდობება:
„ასე მგონია, რომ ის ცათმფრენი სადღაც იდგა, რეზო გაბრიაძე იჯდა ცათმფრენზე და ელოდა... და ახლა ერთად გაფრინდნენ და ზემოდან გადმოგვხედეს, ოღონდ ვალი არაფერი აქვთ დასაბრუნებელი, პირიქით, ჩვენ ვიქნებით მათგან მუდამ დავალებული.
ელდარ შენგელაია - 1933 - 2025“, - წერს გიორგი კეკელიძე.
ელდარ შენგელაიას ფილმებიდან აღსანიშნავია: „ლეგენდა ყინულის გულზე“, „თოვლის ზღაპარი“, „თეთრი ქარავანი“, „მიქელა“ (ნოველა კინოალმანახზე „წარსულის ფურცლები“), „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „შერეკილები“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“, „ექსპრეს-ინფორმაცია“, „Dog Rose“, „სავარძელი“, „ჭა“.
მიღებული აქვს საქართველოს ლენინური კომკავშირის პრემია, შრომის წითელი დროშის ორდენი, სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, შოთა რუსთაველის სახელობის პრემია, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი, წმინდა გიორგის ოქროს ორდენი, თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.
ასევე დაგაინტერესებთ: