13 ოქტომბერს ვაკის პარკში უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა. მოზარდებს, რომლებიც პარკში თამაშობდნენ, ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მის ამოსაღებად ჩასულებს კი დენმა დაარტყათ, რასაც 13 წლის მარიტა მეფარიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში მამა პეტრე კვარაცხელია (კოლხი) გამოეხმაურა.
„აუტანელი მოსასმენია - „ღმერთმა წაიყვანა, თავისთან, სამოთხეში”…
ჩემი შვილი მე მინდა მყავდეს, პატარა ბავშვისთვის, მისი ნორჩი სხეულისთვის მემძიმება მიწის მიყრა…
არ მჯერა, რომ ღმერთს მოუნდა მარიტასთვის დენს დაერტყა… ამ მჯერა ამ სიდებილეების…
ის ჩვენმა დაუდევრობამ, გულგრილობამ, უსაქმურობამ მოკლა…
მადლობა, რომ 13 წლის ბავშვისთვის სამოთხე გაიმეტეთ, მაგრამ უკაცრავად, მას სიცოცხლე სწყუროდა…
ის ბედნიერი იყო მისი ცხოვრებით. მისთვის რომ გეკითხათ, ჯერ არ აირჩევდა სამოთხეს… თქვენ დაგითმობდათ…“, - წერს პეტრე კოლხი.
ცნობისთვის, 13 ოქტომბერს ვაკის პარკში უბედური შემთხვევა მოხდა. მოზარდებს, რომლებიც პარკში თამაშობდნენ, ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ. მის ამოსაღებად ჩასულებს კი დენმა დაარტყათ.
სამივე მათგანი სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა, რომელთაგან ერთ-ერთის, 13 წლის გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა.
14 ოქტომბრის ინფორმაციით, ორი მოზარდიდან ერთი, რომელიც იაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდა, კლინიკიდან გაწერეს. ექიმების შეფასებით, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, ხოლო მეორე მოზარდი, 13 წლის ლაზარე ლობჟანიძე კონტაქტურია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. მოზარდი რეანიმაციულ ბლოკში ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩება.
ამავე თემაზე:
🎥 „10 წუთით ადრე, სანამ ის ჩვენ დაგვტოვებდა“ - რა კადრებს ავრცელებს მარიტა მეფარიშვილის მეგობარი