
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, WHO-ს ექსპერტი, Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი პროფესორი გიორგი ფხაკაძე, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე, სოციალურ ქსელში საზოგადოებას პერიოდულად უზიარებს სასარგებლო რჩევებს.
ამჯერად იგი საზოგადოებას ახალ ინფორმაციას უზიარებს, სადაც ტვინისა და ნაწლავების კავშირზე წერს:
„აუტიზმი და ნაწლავები – ტვინი მხოლოდ ტვინი არ არის!
Nature Communications-ში გამოქვეყნებულმა ახალმა კვლევამ დაადასტურა:
აუტიზმის მქონე ბავშვებში ნაწლავის მიკრობიომის დისბალანსი იწვევს მეტაბოლურ დარღვევებს, რომლებიც შემდეგში ახდენენ გავლენას ტვინის ქიმიაზე და ქცევით სიმპტომებზე.
რას გვასწავლის ეს?
ნაწლავების მიერ გამომუშავებული ნივთიერებები პირდაპირ მოქმედებენ ტვინზე.
ტვინი არის შუამავალი რგოლი — რომელიც რეაგირებს და შემდეგ ქცევას ცვლის, შესაბამისად, აუტიზმის სიმპტომები შეიძლება ნაწილობრივ მოდიოდეს ნაწლავური დისბალანსიდან.
ეს კვლევა გზას უხსნის ახალ მიდგომებს:
დიეტური და მეტაბოლური თერაპიები;
პრობიოტიკების, ფერმენტებისა და ნაწლავური ფლორის კორექცია;
ინტეგრირებული მიდგომა, სადაც ბავშვი ფასდება როგორც მთლიანი სისტემა — არა მხოლოდ ქცევითი მახასიათებლებით.
საქართველო და სისტემური პრობლემები:
სამწუხაროდ, საქართველოში მსგავსი მიდგომების დანერგვა რთულია, და აი რატომ:
არ არსებობს ეროვნული პროტოკოლები ნაწლავ-ტვინის ღერძის შესახებ;
კლინიკებს არ აქვთ შესაბამისი ცოდნა, აღჭურვილობა ან მიდგომა;
პედიატრიული სისტემა ვერ ახერხებს ინტეგრირებულ მკურნალობას;
მშობლები ხშირად რჩებიან დეზინფორმაციის და თვითნებური მკურნალობის პირობებში.
სწორედ ამიტომ, გვჭირდება სისტემური რეფორმა, ახალი ტიპის მიდგომების დანერგვა — იქნება ეს დიეტური, ბიოქიმიური თუ ნეირო-მეტაბოლური — შეუძლებელია მყარ და სანდო ჯანდაცვის სისტემის გარეშე.
ამისთვის კი აუცილებელია:
საერთაშორისო სტანდარტებზე გადასვლა;
სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაცია ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა Accreditation Canada;
კლინიკური პროტოკოლების შემუშავება, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ახალი მეცნიერება და მულტიდისციპლინური მიდგომა;
ტრენინგები, გადამზადება და ხარისხის მუდმივი მონიტორინგი.
აუტიზმის მართვა არ უნდა იყოს მხოლოდ ქცევის რეგულირება. დროა საქართველოში გავაცნობიეროთ — ტვინის ქცევა ხშირად იწყება ნაწლავებიდან, მაგრამ ამ ცოდნის გამოყენება შეუძლებელია სუსტი კლინიკური სტრუქტურით. ამიტომ, სანამ ახალ მეთოდებს და ტექნოლოგიებს დავნერგავთ, საჭიროა ჯანდაცვის ძირითადი სტრუქტურის გამტკიცება და ეს შესაძლებელია მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტებით, სანდო აკრედიტაციით და სისტემური პასუხისმგებლობით“, - წერს გიორგი ფხაკაძე.
ასევე დაგაინტერესებთ: