„სიხარული შეიძლება მოგანიჭოს მოვლენამ, ნივთმა, დაწინაურებამ ან კომპლიმენტმა – მას დროებითი ეფექტი აქვს. ბედნიერება კი შინაგანი მდგომარეობაა. ის ფონივითაა, არ არის აუცილებელი ჩანდეს, თუმცა სულ იცი და გრძნობ, რომ არსებობს, რადგან შენი განუყოფელი ნაწილია“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფსიქოლოგი ნინო თოფურია წერს და ხსნის, როდის მოდის ნამდვილი ბედნიერება ადამიანში.
მისი თქმით, ბედნიერება ჰგავს ელემენტებს, რომლებიც გაფუჭებულ ნივთებს ენერგიას უბრუნებს, ძლიერ წებოს, რომელიც გატეხილ ნაწილებს ისევ აერთიანებს:
„ბედნიერება არამხოლოდ მხიარულება, არამედ დაღვინებული სიმშვიდეა.
ხშირად ეს ცნება სიხარულის ემოციაში გვერევა, რომელიც დროებითია. სიხარული შეიძლება მოგანიჭოს მოვლენამ, ნივთმა, დაწინაურებამ ან კომპლიმენტმა – მას დროებითი ეფექტი აქვს. ბედნიერება კი შინაგანი მდგომარეობაა. ის ფონივითაა, არ არის აუცილებელი ჩანდეს, თუმცა სულ იცი და გრძნობ, რომ არსებობს, რადგან შენი განუყოფელი ნაწილია.
როდის მოდის ნამდვილი ბედნიერება?
მაშინ, როცა წყვეტ საკუთარი თავის მოტყუებას. როცა ირჩევ ღირსებას მაშინაც კი, როცა არავინ გხედავს და არც არავინ დაგიკრავს ტაშს. როცა შურისძიების ნაცვლად წინსვლას ირჩევ და როცა შეგიძლია შენთვის უფრო მოგებიანი გზით წახვიდე, მაგრამ მაინც კეთილშობილებას ირჩევ.
ბედნიერი ხარ მაშინ, როცა:
შენი ჭრილობები არა შენი ჩრდილები, არამედ ვარსკვლავები ხდება ცხოვრების გზაზე.
უსაშველოდ გრძელი ბნელი დერეფანი ბოლომდე გაიარე და მასში ჩაკარგვის ნაცვლად, თავადვე აინთე ჩირაღდანივით.
საიმედო დასაყრდენი ხარ თუნდაც ერთი ადამიანისთვის და შენი არსებობა სხვას უჩენს იმედს, რომ ადამიანობა ჯერ კიდევ „მოდაშია“.
ნამდვილი ბედნიერება მაშინ მოდის, როცა იგრძნობ, როგორ გაადამიანდი ამ არაადამიანურად რთულ, ცივ და ზოგჯერ სასტიკ სამყაროში... და რომ გაადამიანდი, ღმერთმა გაიღვიძა შენში. შენ დაიწყე სინათლის სამეფოს შენება და მასში ასეთივე სინათლეების მოზიდვა.
ბედნიერება ჰგავს:
ელემენტებს, რომლებიც გაფუჭებულ ნივთებს ენერგიას უბრუნებს;
ძლიერ წებოს, რომელიც გატეხილ ნაწილებს ისევ აერთიანებს;
საღებავიან ფუნჯს, რომელიც სიცოცხლეს სძენს შავ-თეთრ ტილოებს.
გიწვევ, ყოველი არჩევანის წინ საკუთარ თავს ჰკითხო: რასაც ახლა ვირჩევ, დროებით სიხარულს მომგვრის თუ ბედნიერების მდგომარეობას გაამყარებს ჩემში? ბედნიერებაა, როცა შენს თავში ვეღარ გეტევა სიკეთე, სინათლე და სიბრძნე და ისე იღვრება შენგან, როგორც წყალი სიცხით გამომშრალ მიწაზე.
ამიტომ ბედნიერებას გისურვებ, ძვირფასო სულო. თუ მას ვერ პოულობ შენში გამეფებული სიბნელის გამო, არ დანებდე – ხელის ცეცებით ეძიე და აუცილებლად იპოვი. გპირდები, რადგან ბევრი ცეცების შემდეგ მე ვიპოვე... და სანამ ეძებ, ჩემი ჩირაღდნით შეგიძლია გაინათო გზა იმ ღრმა რწმენით, რომ „ადამიანი ადამიანისთვის მაინც მზეა“, - წერს ნინო თოფურია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რა არის „თებერვლის თეორია“? - ვის ელის მტკივნეული დაშორება და ვის - მოულოდნელი სიყვარული?
⭕რა ასაკიდან უნდა ვამარხულოთ ბავშვები? - მოძღვრის პასუხი აქტუალურ კითხვაზე