ქართველი ფლორისტი ზურაბ შევარდნაძე სოციალრ ქსელში ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც ცხოვრებიდან ერთ-ერთ ისტორიას იხსენებს:
„უსაშველოდ დიდი თოვლი მოვიდა იმ წელს. ღობეები და ჭიშკრები დაიფარა და ზემოდან დავდიოდით. ოდა სახლების პირველ სართულზე დაბნელდა, სახურავიდან ჩამოყრილმა თოვლმა ამოქოლა ფანჯრები. 1985 წელი იყო, 6 წლის ვიყავი მაშინ და ბევრი რამ კარგად მახსოვს. როგორც იყო ის ზამთარი ძნელად, მაგრამ უდანაკარგოდ გავიზამთრეთ.
მალე გავიგეთ, რომ სვანეთში დიდი ტრაგედია დატრიალებულა, ზვავებს წაუღია სოფლები, ბევრი ადამიანი დაზარალებულა და ზვავში მოყოლილა ოჯახები.
არ ვიცი ვინ გადაწყვიტა და რატომ, მაგრამ ასკანაში, მდინარე ყურეფას გაღმა, ბასილეთის საზღვარზე, ცარიელ მინდვრებში დიდი, ბეტონის უშნო სახლები სასწრაფოდ ააშნეს, მასიური დასახლება დაარქვეს და ასი სვანი ოჯახი ჩამოასახლეს. ასე გაჩნდა ჩვენი სკოლის ჟურნალებში ახალი გვარები მუკბანიანი, ჩანქსელიანი, დადვანი, ლიპარტელიანი, ქურასბედიანი, კვასტიანი.
ჩვენთვის გურულებისთვის არ აღმოჩნდა მთლად იოლი უცხო ხალხთან დამეზობლება, დაახლოება, დამეგობრება, ალბათ მათთვის კიდევ უფრო რთული ვინმემ ჩვენთვის. რთულად და ნელ-ნელა შევეწყვეთ, შევეთვისეთ, დავმეზობლდით, დავახლოვდით შერეული ოჯახებიც გაჩნდა.
თუ ჩემი ბებია გადმოდგებოდა და ღორებს უხმობდა ნეიტ ღუტუ ნეინნნტ ნეინნნტ... გოგუცა ბებია იძახდა ბდღვიე კოცხო, ბდღვიეე! სვანებმა სვანური აჯაგრული, წვრილცხვირიანი ღორები თან ჩამოიყვანეს, ჩვენ გამოვიჯიშეთ, გემრიელი ხორცი იცოდა. ბებია გურულად რომ დაუძახებდა არ ეყურებოდათ და გარბოდენ, მარტო სვანურად ესმოდათ, ბებია წყევლიდა მეისპო თქვენი აქანა მომთრევიო. ლუიზა ხბოებს ასე უხმობდა მახსოვს, აააფშ კოკილეო აააააფშშშშშ. ყურში მიდგას დღესაც.
ყველა მათგანი მახსოვს რა თქმა უნდა. განსაკუთრებით მოხუცები, რადგან ისინი ჩვენი ბებია ბაბუასაგან ძალიან განსხვავდებოდნენ. იყვნენ ძალიან მშვიდები, დინჯები, დაბალ ხმაზე ლაპარაკობდენ, კაცებს სვანური ქუდები ეხურათ და ქალები აუცილებლად შაოსნები, შავი შალის თავშლები ზამთარ ზაფხულ ეფარათ საფეთქლებთან ჩაკეცილი და ნიკაპთან შეკრული. შარაში რომ შეგხვდებოდნენ უსათუოდ გზიდან გადაგებოდენ, კაცი ქუდს მოიხდიდა და დიდივით მოგესალმებოდა თბილად, მახსოვს როგორ გაკვირვებული ვუუყურებდით. განსაკუთრებით დამამახსოვდა ჩემი ბებია-ბაბუის თაობის უთბილესი მოხუცები ჯარა და ჩეფხან მგონი ლიპარტელიანები იყვნენ. ჩემებთან დაახლოვდნენ იოლად, ჩვენთანაც დადიოდნენ და ჩემებიც დადიოდნენ მათთან.
ბებია რომ გარდაიცვალა ჯარამ ხმით იტირა. მახსოვს ჩვენთვის გაუგებარ, სვანურ ენაზე ამბობდა სიტყვებს, მელოდიურად, ძალიან ემოციურად. სათქმელს რომ მორჩებოდა ნაშრომ დიდ ხელებს მუხლებზე დაირტყამდა და ამოიოხრებდა ხმამაღლა ო დედევ!
მი საბრალ მი. მერე ისევ სათქმელებს მოთვლიდა და ისევ ო დედევ!
ბევრი სითბო და სიყვარული მიმიღია მათგან.
ბევრ სიკითეს მაყურებინეს.
ახლა უკვე როცა აღაც ბებია და ბაბუაა აღარც ჯარა და ჩეფხანი ამოვიოხრებ ხოლმე ზოგჯერ ო დედევ! საბრალ მი საბრალ“, - წერს ზურაბ შევარდნაძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ყველაზე ლამაზი“ - გიორგი სარდალაშვილის მეუღლე საორსულე ფოტოსესიიდან კადრებს ავრცელებს